არასამთავრობოები კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, საყდრისის საბადოს უძრავი ძეგლის სტატუსი ახლა მაინც აღუდგინოს.
საქმე ისაა, რომ კომპანია RMG gold-ის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობოები და ჟურნალისტები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს და ჟურნალისტებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. უძველესი ოქროს მაღაროს შემოგარენი კი უკვე ტრაქტორითაა მოსწორებული.
თავის მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით RMG gold-ს გაფრთხილება მისცა და მოუწოდა, შესაბამისი დასკვნის მიღებამდე მიწის სამუშაოები დაუყოვნებლივ შეაჩეროს.
თუმცა კომპანია RMG gold-ი აცხადებს, რომ იგი წიაღით სარგებლობის ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს.
საყდრისის საბადოზე მომხდარი ვანდალობის გამო 11 იანვარს 13.30 საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეთა ჯგუფმა უკვე პრემიერ-მინისტრს მიმართა, დაიცვას აღნიშნული საბადო.
აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კულტურის მინისტრმა როგორც მოუხსნა ძეგლის სტატუსი საყდრისის საბადოს, ისევე აღუდგენს ამ სტატუსს, მაგრამ მონგრეულ საბადოს რაღა ეშველება?!
„ძალიან ბნელი კომპანია განკარგავს ამ ადგილებს და არავის უშვებს ტერიტორიაზე. არც ჩვენი პარტიის წარმომადგენლები შეუშვეს და არც კულტურის სამინისტროს წარგზავნილები, რაზეც ჩვენ პოლიციას განცხადებით მივმართეთ. ეს ფაქტი აღმაშფოთებელია. თავის დროზე კულტურის სამინისტროს სწორი პოზიცია რომ დაეკავებინა, ეს ამბავი არ მოხდებოდა. ახალა ხელის დაბანის მცდელობა აქვთ, რაც არ გამოუვათ. მინისტრი ოდიშარია პირველი დამნაშავეა, რომ ძეგლს აბსოლუტურად გაუგებრად, უკანონოდ მოუხსნა სტატუსი. ჩვენი ინფორმაციით, საყდრისის ძეგლის მოშლა უკვე დაწყებულია და ასეთი ცინიკური ქმედება დაიწყეს 7 იანვარს შობის ღამეს“, - გვითხრა ადა მარშანიამ.
მისი თქმით, ამ ვანდალიზმით შეშფოთებულნი არიან უცხოელები. არსებობს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთი წერილი, „ფოლკსვაგენის“ თუ „მერსედესის“ ხელმძღვანელობის წერილები, რომლებიც ტრადიციულად ჩართულნი არიან საქველმოქმედო საქმიანობაში და არქეოლოგიურ გათხრებს აფინანსებენ. გამოდის, უცხო ქვეყანა, გერმანია უფრო ღელავს და ქმედითია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, ვიდრე ჩვენი ძველი თუ ახალი ხელისუფლება.
ადა მარშანია აცხადებს, რომ მათ კულტურის სამინისტროსთან სწრაფი რეაგირების მიზნით სახელდახელო აქცია გამართეს და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, მაგრამ, როგორც აუხსნეს, მინისტრი მთავრობის სხდომაზე იყო და მათ არ შეხვედრია.
„როდესმე ხომ დამთავრდებოდა ეს სხდომა?! თუმცა ოდიშარიას ჯერ არ მივუპატიჟებივართ. ამის შემდეგ გადავინაცვლეთ კომპანია RMG gold-ის ოფისთან, ტატიშვილის ჩიხში, მაგრამ არც იქიდან გამოგვხმაურებიან“.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბარში იხსენებს, რომ საყდრისის ტერიტორიაზე ისინი სიტუაციის დასაფიქსირებლად ჩავიდნენ, თუმცა დაცვის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს. არადა, ეს უნიკალური ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია, უკვე დაიწყო მუშაობა მძიმე საკარიერო ტექნიკამ. ისინი ამზადებენ ტერიტორიას ბურღვითი სამუშაოებისთვის.
სოსო მანჯავიძის თქმით, საქართველოს მთავრობა უნდა მოიქცეს ისე, როგორც ქვეყნის მთავრობას შეეფერება და ნუ იქცევიან ისე, თითქოს სტუმრად იყვნენ მოსულნი ხელისუფლებაში.
„ნაპოლეონი ამბობდა, ნახევრად პასუხისმგებლობა აცარიელებს ხაზინას და ანგრევს სახელმწიფოს. არ შეიძლება, არავის არაფერი ეკითხებოდეს ქვეყანაში. არაერთხელ მითქვამს, სააკაშვილის მიერ განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმა, სადაც პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები გაიმიჯნა, ქვეყნისთვის დამანგრეველია. გაფუჭებულ ოთხთვალას ჰგავს ჩვენი მმართველობა, უპასუხისმგებლოა ხელისუფლების ყველა შტო და შეუძლებელია მათ პასუხი მოსთხოვო რამეზე“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ახლა ცოტა შეიცვალა ჩვენი უწყებების პოზიცია და გარკვეულმა სინათლემ შეაღწია ზოგიერთების ტვინებში. ეს მაშინ, როცა გერმანელებმა გააკეთეს რადიონახშირბადული ანალიზი, გამოსახეს საყდრისის სრული კონტური და ამ ანალიზის შემდეგ დაამტკიცეს, რომ ეს ყველაზე ძველი საბადოა მსოფლიოში.
„გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ოქროს მომპოვებელ უძველეს საბადოს რამდენიმე კილო ოქროს სანაცვლოდ ანგრევენ. ამიტომ ისინი ამ ვანდალობას ყველანაირი მეთოდით შეუშლიან ხელს, მათ შორის, ფიზიკურადაც. მისივე განმარტებით, გურამ ოდიშარიამ გასული წლის ივლისში დანაშაული ჩაიდინა, როცა საყდრისის საბადოს კულტურული ისტორიული ძეგლის სტატუსი მოუხსნა. ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც წინამორბედმა ხელისუფლებამ დაიწყო და, რომელიც გულისხმობდა კულტურული მემკვიდრეობის, ბუნების, ადამიანების ჯანმრთელობის განადგურებას ინვესტიციების სანაცვლოდ, რის უკანაც კორუფციული ინტერესები იმალებოდა. ამიტომ კულტურის მინისტრმა ახლა მაინც სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს დანაშაული.