ჰომოსექსუალი წყვილების მიერ საქართველოდან უამრავი ჩვილი უკანონოდაა გაყვანილი

ჰომოსექსუალი წყვილების მიერ საქართველოდან უამრავი ჩვილი უკანონოდაა გაყვანილი

ჰომოსექსუალი წყვილების მიერ საქართველოდან უამრავი ჩვილი ბავშვი უკანონოდაა გაყვანილი. გაყვანა წარმოებდა ყალბი დაბადების მოწმობებით. თუმცა გამყალბებლებს შეეხოთ ამნისტია, ამიტომ ისინი არ დაუპატიმრებიათ. პროკურატურა კი ბავშვების ბედით არ დაინტერესებულა.

ასოციაცია „მომავლის იმედის“ თავმჯდომარემ, თამარ ხაჭაპურიძემ სუროგაციის სფეროში ტრეფიკინგის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაასახელა.

თამარ ხაჭაპურიძის განცხადებით, უკვე მრავალი თვეა, სუროგაციის დარღვევის ოთხი ფაქტია გამოვლენილი, რომელთა შედეგადაც საქართველოს საზღვარზე ყალბი დოკუმენტებით ოთხი ახალშობილი გადაიყვანეს.

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სამოქალაქო რეესტრიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ სრულიად უკანონოდ, ბავშვის მამად სამი უცხოელი მამაკაცი დარეგისტრირდა, დედად კი სამი ქალბატონი, რომელთა გვარებიცაა: მუღალაშვილი, ჯავაშვილი და ღონღაძე.

კრიმინალები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 143-ე მუხლს (სუროგატს არეგისტრირებენ დედად) ორ შემთხვევაში არღვევდნენ:

1. თუ სუროგაციის მეთოდით ემსახურებიან გეი წყვილს და ბუნებაში არ არსებობს კანონიერი დედა;

2. თუ სუროგაციის მეთოდით ემსახურებიან საეჭვო მიზნების მქონე პიროვნებას ან მარტოხელა მამაკაცს.

„ორივე აღნიშნული შემთხვევა დაუშვებელია საქართველოს კანონით, ამიტომ ბავშვის დაბადების შემდგომ აყალბებენ დაბადების მოწმობის მონაცემებს. ხდება სუროგაციის ფაქტის დაფარვა, სუროგატ დედას აიძულებენ მოიტყუოს, ვითომ არის ბიოლოგიური დედა, დარეგისტრირდეს დედად, დაასახელოს მამად ის პირი, ვისზეც მიუთითებენ ანუ, ვინც ბავშვი ქვეყნიდან უნდა გაიყვანოს, დაბადების მოწმობის მიღების შემდეგ კი დედობაზე აწერინებენ უარს ნოტარიუსში. უდედო ბავშვი რჩება მარტოხელა მამაკაცს და გაჰყავს ქვეყნიდან“, - განმარტავს ხაჭაპურიძე.

მისივე თქმით, საქართველოს კანონით დაუშვებელია სუროგატი დედის დედად რეგისტრაცია, მაგრამ ამ კრიმინალური სქემის ავტორებისათვის მნიშვნელობა არ აქვს კანონს, ისინი უბრალოდ მალავენ სუროგაციის ფაქტს.

„ხელისუფლებისგან სასწრაფოდ რეაგირებას მოვითხოვ. ან განაცხადონ, რომ ყალბი დოკუმენტებით საზღვარზე ოთხი ჩვილის გაყვანა არ არის დანაშაული, ან განაცხადონ, რომ ხელისუფლება არ ინტერესდება საქართველოს საზღვარზე უკანონოდ გაყვანილი ბავშვების ბედით, ან წაუყენონ ბრალი ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, სამი შემთხვევა გამოვლენილია ზაფხულში, ხოლო ერთი შემთხვევა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში, ამ ფაქტების შესახებ კი მისმა ასოციაციამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსაც მიაწოდა ინფორმაცია. შესაბამისად, იგია პირველწყარო იმ ინფორმაციის, რის საფუძველზეც ეკა ბესელიამ პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველოში სუროგაცია ბიზნესისა და ტრეფიკინგის წყაროა და ჩვენ დაუმსახურებლად ვტკენთ გულს პატრიარქს.

ცნობილია, რომ სუროგატი დედა, რომელიც ბიოლოგიური დედა არ არის, ჩვილს იოლად აშვილებს უცხოელებზე და ამით დიდი თანხები კეთდება.

კერძოდ, ისინი ატყუებენ სამშობიაროს, თითქოს, ბიოლოგიური დედები იყვნენ, გაყალბებული საბუთით კი ბავშვით მოვაჭრე უცხოელ მამაკაცს, მარტოხელა კაცს ან ჰომოსექსუალს ჩვილის მამად ასახელებენ, შემდეგ დედობაზე ნოტარიუსში უარს აცხადებენ და უსუსური ბავშვი რჩება უცხოელ მამაკაცს. ამის შემდეგ არავინ ინტერესდება, უცხოეთის რომელ ქვეყანაში მიჰყავთ ბავშვი, ცოცხალია თუ არა იგი და რა მდგომარეობაშია. ამდენად, სუროგაციის ტექნოლოგიებით დამნაშავეები ბოროტად სარგებლობენ.

ცნობილია, რომ არაერთი ფაქტის მიუხედავად, პროკურატურამ მხოლოდ ერთი ბავშვის შესახებ დაიწყო საქმის ძიება, მაშინ, როცა რვა ბავშვის გაყვანის შესახებ ინფორმაცია მარტო ბრიტანეთის საკონსულოს ჰქონდა.

დამოუკიდებელი ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ნანა ნაზაროვა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სუროგაციის დროს ტრეფიკინგი ნიშნავს, როცა ქალი თანახმა არაა, იგი ძალით ჰყავთ ჩაკეტილი და აიძულებენ, ბავშვი გააჩინოს.

„ასეთი ფაქტების შესახებ მსმენია. ორსული ქალი თურქეთში გაიყვანეს, მაგრამ ეს დახურული სფეროა, ამ ქალბატონს არ შეხვედრივარ და კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. სხვა შემთხვევებიც იქნება, საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და ამ დროს კრიმიანლური ელემენტები ყოველთვის აქტიურდებიან. სუროგატ დედას არასდროს არ აძლევენ ამდენ ფულს. სუროგაცია ეს არის ექსპლუატაცია და ამის წინააღმდეგი ვარ, რომ საერთოდ იყოს საქართველოში. არცერთ ევროპულ ქვეყნაში სუროგაცია ნებადართული არ არის. რაც პატრიარქმა თქვა, არავინ გაიგო, რას ამბობდა, არადა, ასეთი სულიერების ადამიანი როცა ამას ამბობს, ამას გაგება სჭირდება და არა - ტრანსპარანტების გამოკვრა. სხვათა შორის, საინტერესო სურათი გადავიღე ჩვენი მეტროს ერთ-ერთ ვაგონში, გამოკრული იყო აბრა - „სუროგაცია კანონითაა დაშვებული“. სინამდვილეში, სუროგაცია კანონით დაშვებული არ არის, უბრალოდ, აკრძალული არაა. ჩვილი ბავშვებიც გაჰყავთ თურქეთში, ეს უკვე ბავშვების ტრეფიკინგია“ - აღნიშნა ნანა ნაზაროვამ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მაია ხუციშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადია უკანონო გარიგების დადება არასრულწლოვანთან მიმართებით, თუნდაც მისი შვილად აყვანის მიზნით. ასევე, არსებობს მუხლი შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევის და მშობიარობისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნის შესახებ, რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევაა. თუ დადგინდება, რომ პირმა დაარღვია შვილად აყვანის წესის შესახებ კანონი, ეს დასჯადია. არსებობს კიდევ ხელშეკრულება სუროგაციის შესახებ. თუ ეს პირობებიც დაირღვა, მაშინ დანაშაულის კატეგორიიდან გამომდინარე, ამუშავდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნორმები.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ლაშა ჩალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სუროგაციის დასაშვებობის შემთხვევები გაწერილია ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 143-ე და 144-ე მუხლით. ეს მუხლები უშვებს სუროგაციის შემთხვევებს, როცა წყვილი უშვილოა, ან დედას არ აქვს საშვილოსნო. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ხელოვნური განაყოფიერების გზით მოხდეს ბავშვის დაბადება. ანუ რამდენიმე ემბრიონი შედგეს და, რომელიც ყველაზე უფრო მისაღებია, გადავიდეს სუროგატი დედის სხეულში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ტიპის ხელშეკრულება იდება, რაზეც ორივე წყვილის თანხმობა უნდა იყოს. ქართული კანონმდებლობით, წყვილის ცნება პრობლემას ქმნის იმის გამო, რომ ჩვეულებრივი წყვილი სუროგაციაზე განაცხადს ვერ გააკეთებს. ყველა შემთხვევაში, რეგისტრირებული მეუღლეები უნდა იყვნენ. ამ დროს კლინიკასთან იდება ცალკე ხელშეკრულება, ცალკე ხელშეკრულება იდება დონორთან და ასევე, ცალკე ხელშეკრულებას დებენ სუროგატ დედასთან.

რაც შეეხება სუროგაციის დროს ჩადენილ ტრეფიკინგს, იურისტი განმარტავს, რომ სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვი ჩვეულებრივ ადამიანად ითვლება და მასზე ვრცელდება სისხლის სამართლის კანონმდებლობა. რაიმე დამატებითი განაწესი ან სპეციალური ნორმა ამასთან დაკავშირებით ქართულ კანონმდებლობაში ამ ეტაპზე არ გვაქვს.

„სუროგაციის გზით უცხოეთში გაყვანილი ბავშვების შესახებ კონკრეტული ფაქტი არ მსმენია. უბრალოდ, ფაქტს ვერ დავადასტურებ, მაგრამ გამიგია, რომ იმ ემბრიონებიდან, რომლიდანაც წყვილი იყენებს მხოლოდ ერთ, ყველაზე სასურველს და რამდენიმე ემბრიონს ყინავს, დანარჩენი ემბრიონების გამოყენება ხდება სხვა წყვილებისთვის, რაც დაუშვებელია“.