რაზე ლაპარაკობენ მამაკაცები, როცა მარტონი რჩებიან? – ფეხბურთზე, საკუთარ შეფებზე, საქმეზე და, შესაძლოა, გრძელფეხება „ნაშებზეც“ კი.
ერთადერთი, რაც მათი საუბრის თემებში არ ხვდება – ცოლებია. მამაკაცებს არ სიამოვნებთ და არ მოსწონთ საუბარი საკუთარ ცოლებზე, მაშინ, როცა ქალები ერთმანეთში ძირითადად ქმრებზე ჭორაობით არიან დაკავებული.
რა ხდება, რატომ არის ასეთი განსხვავება? მამაკაცებს აქვთ პირად საკითხებზე კომპლექსები თუ, პირიქით, ქალებს? ფაქტია, რომ საკუთარ ოჯახურ ცხოვრებაზე მამაკაცები მკაცრად ინარჩუნებენ დუმილის უფლებას.
ფსიქოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მამაკაცებს აკლიათ ოჯახურ საკითხებში ინფორმაციულობა, განათლება და ლოგიკა, თუმცა, მეტ-ნაკლებად კომპლექსებიც „მუშაობს“.
ოჯახური „ლაბორატორია“ სერიოზული საკითხია და აჯობებდა მამაკაცებს გაცილებით მეტი სცოდნოდათ მის შესახებ. ისინი კი, რატომღაც, არც ცდილობენ, წინ წაიწიონ ამ მიმართულებით, მაგრამ, სულ ტყუილად – რაც მეტს გაიგებენ ოჯახური ურთიერთობების შესახებ, მით ჰარმონიულად იქნება მეუღლეებთან მათი თანაცხოვრება.
მამაკაცები, როგორც წესი, ფიქრობენ, რომ ქორწინება ხუმრობა არ არის, რომ ის მათ თავისუფლებას ზღუდავს, თუნდაც გაგონილი არ ჰქონდეთ საქორწინო კონტრაქტების შესახებ. ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. თუმცა, მთავარი სხვაა – კაცებს ყველაზე მეტ პრობლემას პასუხგაუცემელი კითხვები უქმნით. გამოიჩინონ მეტი სითამამე და მოითხოვონ მათზე პასუხები, ან, უბრალოდ, იპოვონ ისინი – მაშინ ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნებოდა.