ამერიკელი ასტრონავტები 5 ივნისს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სატესტო მისიაზე გაფრინდნენ, რომელიც 8 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა: ამერიკელი ასტრონავტები ბუტჩ უილმორი და სუნიტა უილიამსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ივნისის დასაწყისში Starliner-ის ხომალდით ჩაფრინდნენ, თუმცა ხომალდის ძრავების გაუმართაობის გამო, კოსმოსში 8 დღის ნაცვლად 2025 წლის თებერვლამდე დარჩებიან.
ასტრონავტებმა განაცხადეს, რომ ისინი ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობას კოსმოსიდან მიიღებენ.
"დღეს გამოვგზავნე ჩემი მოთხოვნა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი როლი გვაქვს, უპირველესად როგორც მოქალაქეებს და NASA ამ პროცესს გვიადვილებს" — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბუტჩ უილმორმა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვალეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც მოქალაქეებს და მოუთმენლად ველით, რომ ხმის მიცემას კოსმოსიდან შევძლებთ, რაც საკმაოდ მაგარია" — აღნიშნა სუნიტა უილიამსმა.
ტეხასის შტატის საარჩევნო ოლქის თანამშრომლებმა, სადაც NASA-ს ჯონსონის კოსმოსური სადგური მდებარეობს, განაცხადეს, რომ ისინი NASA-სთან მუშაობენ, რათა ასტრონავტებს გაუგზავნონ PDF ფაილი, სადაც არჩევანის დაფიქსირება სასურველ ვარიანტზე დაწკაპუნებით შეეძლებათ. PDF პაროლითაა დაცული, რათა ფარული კენჭისყრა უზრუნველყოფილი იყოს.
ასტრონავტები კოსმოსიდან არჩევნებში მონაწილეობას 1997 წლიდან იღებენ, მას შემდეგ, რაც ტეხასის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონპროექტი, რომელიც NASA-ს თანამშრომლებს ხმის მიცემის უფლებას კოსმოსიდანაც აძლევს. დევიდ ვულფი იყო პირველი ამერიკელი, რომელმაც 1997 წელს კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.