როგორც ჩანს, მხოლოდ დონალდ ტრამპი და ილონ მასკი არ გაუღიზიანებია ტეილორ სვიფტის განცხადებას, რომელშიც პოპვარსკვლავმა მხარდაჭერა კამალა ჰარისს გამოუცხადა.
მომავალი არჩევნების შესახებ ფარელ უილიამსმა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ისაუბრა. კითხვაზე, დაუთმობდა თუ არა საკუთარ მუსიკას რომელიმე პარტიას, მომღერალმა განაცხადა, რომ ის ამ ყველაფერს თავს არიდებს.
"მე პოლიტიკურ აგიტაციას არ ვეწევი. რეალურად, ხანდახან ვღიზიანდები კიდეც, როდესაც ვხედავ, რომ ცნობილი სახეები ცდილობენ მიგითითონ ვის მისცე ხმა.
არსებობენ ცნობილი ადამიანები, რომელთა აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ყველას არა. მე კი იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომელიც ამბობს: რა ჯანდაბაა? მოკეტე! არავინ გეკითხება.
მე ვზრუნავ ჩემს ხალხსა და ქვეყანაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი სამუშაოა და ამ მხრივ ნამდვილად ძალიან აქტიური ვარ" — განაცხადა ფარელ უილიამსმა.
მომღერლის ინტერვიუ ტეილორ სვიფტის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი, სავარაუდოდ, ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანია, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი კამალა ჰარისს, ის ნამდვილად არ ყოფილა პირველი, ვინც ეს გააკეთა.
ოლივია როდრიგო, ჯორჯ კლუნი, ბარბრა სტრეიზანდი, რობერტ დე ნირო იმ ცნობილი ადამიანების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა.