„ხრუშჩოვკების“ ხანა სრულდება

„ხრუშჩოვკების“ ხანა სრულდება

2014 წლიდან თბილისში „ხრუშჩოვკების“ აღების პროცესი დაიწყება, რაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. უკვე ჩნდება კითხვა, ხომ არ მოხდება მესაკუთრეების უფლებების ხელყოფა, რადგან ცნობილია, რომ კომუნისტების დროს ე.წ. ხრუშჩოვკები მობინადრეებს საკუთრებაში გადაეცათ და მათი დღევანდელი მფლობელი, სახელმწიფოს ნაცვლად, კერძო მესაკუთრეა.

ურბანისტები საკრებულოსგან მესაკუთრეების უფლებების დაცვას მოითხოვენ. ამასთან, განმარტავენ, რომ ეს საკითხი მხოლოდ სპეციალური კონცეფციის დადების შემდეგ უნდა გადაწყდეს. ამ ყველაფერს კი დეველოპერებსა და მობინადრეებს შორის შეთანხმება უნდა უძღოდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიულ ე.წ. ხრუშჩოვკებს, რომელთა ექსპლუატაციის ვადაც ამოიწურა, ახალი საცხოვრებელი კორპუსები ჩაანაცვლებს.

ადვილად დანგრევადი „ხრუშჩოვკების“ სერია საბინაო პრობლემის დროებით გადასაწყვეტად იყო განკუთვნილი და 25 წელზე იყო გათვლილი. თუმცა ბევრი მათგანი დღემდე ფუნქციონირებს, რაც საფრთხეს უქმნის მის მცხოვრებლებს. „მყარი“ ხრუშჩოვკების სერია კი 50 წელზე იყო გათვლილი.

არქიტექტორი და ურბანისტი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ „ხრუშჩოვკები“ მეტწილად ე.წ. საქარხნო წარმოების შენობებია. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მათ გააჩნდათ თავიანთი განსაზღვრული არსებობის ვადა. კერძოდ, განსაზღვრული იყო მათი ფიზიკური შესაძლებლობა, თუ რამდენ ხანს შეეძლოთ, ეარსებათ. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, უფრო მოკლე ხნითაც შეენარჩუნებინათ ე.წ. ხრუშჩოვკები, თუკი მათი ფუნდამენტის მდგომარეობა რთული იქნებოდა. თავიდანვე გააზრებული იყო, რომ უახლოეს 40 წელიწადში ცხოვრების დონე შეიცვლებოდა და სოციალური მოთხოვნები განსხვავებული იქნებოდა, ამიტომ „ხრუშჩოვკების“ შეცვლა უნდა მომხდარიყო ახალი შენობებით, ან მათი ნაწილობრივი რეკონსტრუქციით, თუკი გაუძლებდა ეს შენობა ახალი სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„ადამიანებმა ეს სახლები უკვე კერძო საკუთრებად გაიხადეს. ამიტომ, ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. რა ვარიანტიც არ უნდა დამუშავდეს, ყველგან გასათვალისწინებელია მესაკუთის უფლებები. გარდა ამისა, არავითარი ღონისძიების ჩატარება არ შეიძლება წინასწარი კვლევის შედეგად შექმნილი საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. ე.წ. ხრუშჩოვკებს ახალი სახლით რომ შევცვლით, ეს სიკეთეს არ მოიტანს. საჭიროა, სრულიად ახლებურად იმ ტერიტორიების გააზრება, სადაც მოხდება ამ შენობების მონაცვლეობა თანამედროვე შენობებით. ამდენად, პირდაპირი მიდგომა, რომ მოჰკიდო ხელი, დაანგრიო „ხრუშჩოვკა“ და მის მაგივრად ახალი ააშენო, სწორი არ არის. კაცმა არ იცის, ახალი კორპუსი იმავე ადგილას უნდა აშენდეს, თუ ხუთი სახლის ნაცვლად ერთი აშენდეს. იქნებ, უფრო პატარა სახლებით უნდა გაივსოს ის ადგილი. ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაა, ამიტომ, საჭიროა, შედგეს ურბანული, ქალაქგეგმარებითი პროექტი“, - აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა For.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, მობინადრეებს გარანტია უნდა ჰქონდეთ, რომ თავიანთ ნაფუძნარზე დაბრუნდებიან, ანდა, მიიღებენ კომპენსაციას და სახლს შეიძენენ იქ, სადაც უნდათ. ეს კი ადმინისტრირების საკითხია, რაზეც მერიაა პასუხისმგებელი.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ, თუკი პრივატიზებულია ეს სახლები, მაშინ მათი ხელის ხლება და ხალხის უბინაოდ ქუჩაში გაყრა არ შეიძლება. მეტიც, დაბალანსებული უნდა იყოს მოსახლეობის უფლება. თუმცა, გოგი ხოშტარიას აზრით, პრობლემაა ის, რომ ინვესტორების მოძიება ჭირს და ამის გამო ყველაფერზე მიდიან, რაც დაუშვებელია.

„მოსახლეობის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ. თუ კერძო საკუთრებას ანგრევ, ჩემი აზრით, სესხები უნდა გამოეყოს მოსახლეობას, ხალხს უნდა დაეხმაროს მერია თუ საკრებულო. ასე მარტივად ეს საკითხი ვერ გადაწყდება. ე.წ. ხრუშჩოვკებმა ამოწურეს თავიანთი ფუნქცია და და ესთეტიკურადაც ძალიან მახინჯია. თუმცა რაღაც სულელური ხიდებისა და კონსტრუქციების აშენებას, მიშამ რომ დაგვიდგა ქალაქში და დაამახინჯა ძველი თბილისი, სჯობდა, ავარიული სახლებისა და „ხრუშჩოვკებისთვის“ მიეხედათ. რაც ის პარლამენტის შენობა აშენდა ქუთაისში, იმით, მე მგონი, მთელი ამ ავარიული სახლების პრობლემას გადაწყვეტდნენ. იდიოტური ხარჯები არ უნდა გაეღოთ. ერთი პარლამენტი არ ჰყოფნიდათ, რომ ორი პარლამენტი არ გვქონოდა? საქართველო ასე მდიდარია, რომ ორი პარლამენტი გვქონდეს?“ - კითხულობს გოგი ხოშტარია.

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება_თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკრებულო თვითონ ვერანარად ვერ განახორციელებს „ხრუშჩოვკების“ აღების პროცესს და ახლის მშენებლობას. უბრალოდ, საკრებულო ხელს უწყობს ამ პროცესის დაწყებას და ინვესტორთა მოძიებას. ეს კანონმდებლობით უნდა განხორციელდეს და გადაწყდება, გამოცხადდება ტენდერი, ჩატარდება აუქციონი თუ პირდაპირი განკარგვის წესით რომელიმე მშენებარე კომპანიას გადაეცემა ეს უფლება. ამჟამად კი მუშავდება გარკვეული სტრატეგია და ინვესტორთა დაინტერესება-მოძიების პროცესი მიმდინარეობს. არაბები იქნებიან, ჩინელები, გერმანელები თუ ავსტრიელები. გულიკო ზუმბაძე იმედოვნებს, რომ ინვესტორები აუცილებლად გამოჩნდებიან.

„ხრუშჩოვკებს“ უკვე ვადა გაუვიდა, უამრავი მათგანი აღარ ექვემდებარება გამაგრებით სამუშაოებს, იქ ცხოვრება საშიშია ადამიანებისთვის. მათზე ძალიან დიდი თანხები ტყუილად იკარგებოდა და აღარ გვინდა მომავალშიც იკარგებოდეს. იქ მცხოვრები ხალხის ნების გარეშე არაფერი მოხდება. საქმეში ურბანისტები, არასამთავრობოები ჩაერთვებიან. თუ იქ მაცხოვრებლებს არ სურთ, ეს საკითხი არ გადაწყდება. ანუ აქ უნდა იყოს ორივე მხარის კეთილი ნება. ზოგადად, საკრებულოს ახალი უმრავლესობა თვლის, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ მშენებლობითი პროცესები, ე.წ. ხრუშჩოვკები ჩავანაცვლოთ თანამედროვე ტიპის შენობებით“, - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.

ექნებათ თუ არა „ხრუშჩოვკებში“ მცხოვრებლებს იმავე ადგილას აშენებულ კორპუსებში ცხოვრების უფლება, გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ საკითხი შესწავლის პროცესშია და ყველა კონკრეტული შენობა განსხვავებულ იურიდიულ მიდგომას საჭიროებს. გარდა ამისა, გააჩნია ტერიტორიას, უბანს.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ე.წ. ხრუშჩოვკების აღებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს არამართებულად მიიჩნევს, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს შესაბამისი პროგრამა და მისი დამუშავება ახლა იწყება.

„ინიციატივა ეკუთვნის საკრებულოს და მერიის არქიტექტურის სამსახური ამუშავებს ამ კონცეფციას. სანამ არ ვნახავთ, რა წერია შიგნით, მანამდე არც პროტესტი შეიძლება, არც მხურვალე მხარდაჭერა. ვინ ამბობს, რომ მოსახლეობის უფლებები არ უნდა იყოს დაცული? ვინ მისცემს ამის უფლებას ვინმეს, მესაკუთრეების უფლება შელახოს? მესაკუთრეები ყველას ჩაუსაფრდებიან და როგორც სტალინგრადს, ისე დაიცავენ. როგორც იქნა, ქალაქის ხელისუფლებამ დაიწყო ზრუნვა თბილისის საბინაო ფონდის რეაბილიტაციაზე“, - აცხადებს ლადო ვარდოსანიძე.

ცნობისთვის, ე.წ ხრუშჩოვკების ექსპლუატაციის ვადა 21-ე საუკუნის პირველი ათეულის ბოლოს ამოიწურა. ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდის 3-5-სართულიანი პანელებიანი ან აგურის ბინების კომპლექსები ვიტალი ლაგუტინის პროექტით საბჭოთა კავშირში 1960-80-იან წლებში მასიურად შენდებოდა, რადგან ინდივიდუალურ პროექტებს დიდი დრო მიჰქონდა და გადატვირთული ქალაქების მოთხოვნებს ვერ პასუხობდა. ამჯერად კი საპილოტე პროექტით, ვარკეთილსა და მოსკოვის პროსპექტზე იმ კორპუსების დანგრევას აპირებენ, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა უკვე გაუვიდათ. ცოტა ხნის წინ საკრებულოს წევრებმა არაბ ინვესტორებს პროექტი უკვე გააცნეს.