თავის დროზე საქართველოში გავრცელებული იყო ცნობილი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელის მიერ ერთ-ერთი რეპორტაჟის მიმდინარეობისას წარმოთქმული ფრთიანი ფრაზა - „სოხუმი, ბათუმი, ფოთუმი“. ამ გამონათქვამის „დაბადების“ ისტორიას ბატონი ნუგზარი მოგვიანებით შემდეგნაირად იხსენებდა:
„ამბობენ, რაც უფრო მეტ შეცდომას უშვებ ცხოვრებაში, მით უფრო მეტ გამოცდილებას იძენო. თუ მართლაც ასეა, მაშინ, თქვენი მონა-მორჩილი ერთ-ერთი გამოცდილი კაცი ყოფილა ამქვეყნად.
ბოლო ათეული წელია თუ ვინმეს რაიმე შეცდომა მოსდის რადიო ან ტელეგადაცემების დროს, ყველაფერს მე მომაწერენ ხოლმე.
ჩემი იმიჯი შეიქმნა ცნობილი გამოთქმის – „სოხუმი, ბათუმი, ფოთუმის” შემდეგ. დახლოებით 15-18 წლის წინ შემხვდნენ ახლობლები და მისაყვედურეს: ბიჭო, რამ გათქმევინა ეგ? არ მითქვამს-მეთქი, ვუპასუხე. არავის სჯერა.
ერთ საღამოს, მეგობრების წრეში ვზივარ. იქაც წამომიყენეს იგივე ბრალდება. არ მითქვამს, არა! – ვუმტკიცებ ყველას, მაგრამ, ვის ესმის. მერე ერთი კაცი მეკითხება: რამე რომ იყოს, იტყვი? „რამე“ რას ნიშნავს-მეთქი? ნიძლავი რომ დაგიდო, ვთქვათ 700 მანეთზე, იტყვი? უცებ გადავიანგარიშე – ამის თქმას რა უნდა, 15 წამი. კომენტატორს ფეხბურთის მატჩის ერთი ტაიმის გადაცემაში 6 მანეთსა და 75 კაპიკს უხდიან, მე კიდევ, 15 წამში შემიძლია, გავაკეთო შვიდასი მანეთი. საერთაშორისო მასშტაბითაც, ალბათ, ასეთი ძვირად ღირებული ჰონორარი არც არსებობს. დავთანხმდი. დაიდო ნიძლავი, ერთ-ერთმა მოწმემ იმ კაცისგან ჩაიბარა ფული, ჩემგან კი – პატიოსანი სიტყვა.
მაშინ ტელევიზიით მიდიოდა გადაცემა „სპორტული დღიური”. ის უმეტესწილად მე და კოტე მახარაძეს მიგვყავდა. ზემოხსენებული ნიძლავის მეორე დღეს ამ გადაცემას მე უნდა წავუძღვე. დილით დავურეკე იმას, ვისაც ფული ჰქონდა მიბარებული და გავაფრთხილე: აუცილებლად ნახე დღევანდელი „სპორტული დღიური” და ყურადღებით მომისმინე!
ტექსტში მქონდა ასეთი ფრაზა: „საქართველოში საწყლოსნო სპორტი განსაკუთრებით განვითარებულია სოხუმში, ბათუმსა და ფოთში”. ამაზე უკეთეს საშუალებას ვერ ვინატრებდი.
დაიწყო გადაცემა. მოახლოვდა ამ სიუჟეტის დროც და სრულიად წყნარად, სრულიად დინჯად, აუღელვებლად, მაგრამ, ცოტა ხასგასმით, ვამბობ: „საქართველოში საწყლოსნო სპორტი განსაკუთრებით განვითარებულია სოხუმში, ბათუმსა და ფოთუმში“.
ამის შემდეგ, ერთი კვირით გავეთავისუფლე ჩემს შეფს, ტელევიზიის დიქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელს, აწ განსვენებულ დავით ძიგუას, წავედი „ხაზინადართან”, გამოვართვი 700 მანეთი, ავიყოლიე რამდენიმე მეგობარი და გავფრინდით მოსკოვს, სადაც იმხანად ძალზე პოპულარული იყო რესტორანი „ბერლინი” – აუზში მოცურავე თევზებს იქვე შეგიწვავდნენ და მოგართმევდნენ. მოკლედ, ერთი კვირა კარგად შევუბერეთ.
აი, ასეთია ეს ამბავი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტელეკომენტატორი გამხადა, მაგრამ, ამასთანავე, შემიქმნა უყურადღებო დიქტორის იმიჯი“.