შალვა პაპუაშვილი: არის ძალიან საწყენი და ამავე დროს, ძალიან აგდებული დამოკიდებულება თავად შერიგების პროცესის მიმართ - სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა, არაფერს ახალს არ ვამბობთ

შალვა პაპუაშვილი: არის ძალიან საწყენი და ამავე დროს, ძალიან აგდებული დამოკიდებულება თავად შერიგების პროცესის მიმართ - სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა, არაფერს ახალს არ ვამბობთ

ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა, არაფერს ახალს არ ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ ერთი და იმავეს - მან ციტატაც კი წაიკითხა 2012 წლის გამოსვლიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, შერიგების პროცესის მიმართ ძალიან საწყენი და აგდებული დამოკიდებულებაა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის შანსი გარკვეულწილად, რეალური ხდება და ამისათვის „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.

„ეს არის ძალიან საწყენი და ამავე დროს, ძალიან აგდებული დამოკიდებულება თავად შერიგების პროცესის მიმართ. რაღაც ახალი აღმოჩენა კი არ ხდება, ჩვენ წლებია ვაცხადებთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკის მთავარი ნაწილი არის შერიგება. შერიგება ეს არის პროცესი და ასე აგდებულად, ამან ბოდიში თქვა, ამან ბოდიში არ თქვა...

სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა. არაფერს ახალს არ ვამბობთ. ჩვენ ვამბობთ ერთი და იმავეს. მან ციტატაც კი წაიკითხა 2012 წლის გამოსვლიდან, იგივე თქვა 2012 წელს და იმავეს ვამბობთ ჩვენ ყოველდღიურად. ვამბობთ, რომ უმაღლესი მიზანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. კი თუ არა? გვიპასუხოს ოპოზიციამ, მეორე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

კი თუ არა? გვიპასუხოს ოპოზიციამ და NGO-ებმა. მესამე - მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გულისხმობს შერიგების პროცესს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოს და აფხაზ ხალხზე. კი თუ არა? და მეოთხე - შერიგების პროცესი რა არის თუ არა პროცესი, რომელიც არის რთული, მძიმე გასავლელი.

ერთი რამ კიდევ მინდა ვთქვა - ჩვენ განვაცხადეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება, მათ შორის, იმისთვის, რომ ვხედავთ, რამდენად სწრაფად ვითარდება ჩვენს გარშემო მოვლენები და ვხედავთ, რომ გარკვეულწილად, რეალური ხდება შანსი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა.

ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვინაიდან ამ პროცესს დასჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები და ოპოზიცია აუცილებლად დაბლოკავს ამ ცვლილებებს. ეს ორი დღე ზუსტად ამას არ გვაჩვენებს?!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.