თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელთა ვიზიტი (ვიდეო)

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელთა ვიზიტი (ვიდეო)

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები იმყოფებიან. დღეს, 22 თურქი სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალ-ლეიტენანტ ათილა გიულანის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს შეეხნენ. საუბრის ერთ-ერთი თემა სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობაც იყო. თავდაცვის მინისტრმა თურქეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე, ISAF-ის მისიასა და მის შემდგომ პერიოდზე, ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილა ყურადღება.

„თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალიტეტთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა, რომელიც წელიწადში ერთხელ ეწყობა. ვისაუბრეთ საქართველო-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობის ასპექტებზე. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც თურქეთთან სამხედრო ურთიერთობებში გვაქვს. ვგეგმავთ მომავალში უფრო გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები სამხედრო ინდუსტრიის კუთხითაც. დღეს კიდევ ერთი ნიშანდობლივი შეხვედრა გაიმართა ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც მუდმივად გაგრძელდება და მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.