უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ალბანეთს ესტუმრა და მეტოქე 0-1 დაამარცხა.
ერთა ლიგის ორი მატჩი ჩეხეთთან და ალბანეთთან და ორი გამარჯვებით განსხვავებული სცენარით წარიმართა, მაგრამ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ქართველ გულშემატკივარს გაუხარდებოდა. აღსანიშნავია, რომ ალბანეთთან მატჩის წინ, ალბანელი გულშემატკივარი და ფეხბურთელები იმუქრებოდნენ, რომ „ჯოჯოხეთს მოგვიწყობდნენ“, თუმცა თავად დარჩნენ „ატირებულები“.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ისეთი თამაში იყო, სადაც თითოეული შეტევა შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო და ასეც მოხდა - ქოჩორამ გაისროლა და „აირ ალბანია“, რომელიც საქართველოს ჰიმნზეც არ გაჩერებულა, დაადუმა.
ჩეხეთთან დამაჯერებელი გამარჯვების (4:1) შემდეგ, ალბანეთთან ვილი სანიოლმა შემადგენლობა იგივე დატოვა და ცვლილება არ განუხორციელებია. პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ორივე გუნდმა კარისკენ 6-6-ჯერ დაარტყა, მაგრამ გოლი არ გასულა. 58-ე წუთზე მიქაუტაძის დარტყმა სახიფათო იყო, თუმცა ბურთი კარს აცდა.
71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩის პირველი ზუსტი დარტყმა შეასრულა - უძლიერესი დარტყმული შორი მანძილიდან, ხარიხას მოხვდა და კარში ისე შევიდა. 88-ე წუთზე ისმაილის შეცდომის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ სტრაკოშამ ალბანეთი გოლისგან გადაარჩინა. ასევე სახიფათო იყო ჩაკვეტაძის შორეული დარტყმაც, თუმცა აქაც სტრაკოშამ ისევ კარგად ითამაშა.
ორი ტურის შემდეგ ჯგუფში საქართველოს ნაკრები 6 ქულით ლიდერობს. ამით სექტემბრის სანაკრებო პაუზა დასრულებულია. მე-3 ტურში ვილი სანიოლის გუნდი უკრაინას „სტუმრად“ 11 ოქტომბერს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას პოლონეთის ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს.
რა თქმა უნდა, თამაშის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა გამარჯვების ემოციები ჟურნალისტებს გაუზიარეს.
გიორგი ქოჩორაშვილი: ძალიან დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც სტადიონზე ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა, ასევე მადლობა მათ ვინც ტელევიზორებიდან გვქომაგობდნენ. ჩვენ დღეს გამარჯვების მოპოვება შევძელით, მაგრამ ამით არ ვჩერდებით. ვიცით, რომ ერთ თვეში უკან დაბრუნება მოგვიწევს და უფრო მაღალ დონეზე უნდა შევძლოთ უკრაინასთან თამაში“, - აღნიშნა გოლის ავტორმა და ნაკრებში გატანილ ორ გოლზეც ისაუბრა: „ბავშობაში, რომ ეთქვათ ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, არავის დავუჯერებდი, ჩემი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე. მაგრამ, არასდროს არ უნდა დანებდე ყოველთვის საკუთარი თავის უნდა დაიჯერო, საკუთარი მიზნებისთვის უნდა იშრომო და ოცნება აუცილებლად ახდება. მადლობა უფალს, რომ დღევანდელი დღე დადგა და ვიცი, რომ არ გავჩერდები არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები. ამის საშუალებას საკუთარ თავს არც მე მივცემ და არც ჩემი გუნდელები მომცემენ. ახლა, კლუბებში უნდა დავბრუნდეთ, ძალები აღვიდგინოთ, კარგად ვითამაშოთ და შემდეგ დავბრუნდეთ, რათა ქართველი ხალხი კვლავ გავახაროთ“, - თქვა ქოჩორაშვილმა.
ალბანეთთან გოლის ავტორმა გოლის აღნიშვნის საკუთარ ჟესტზეც გააკეთა კომენტარი. „ეს აღნიჩნვნა ჩემთვის არის „კაპიტან ამერიკა“. როგორც ცნობილია მისი ისტორია ბავშობაში ძალიან რთული იყო, მაგრამ ის შეუპოვრობა ჰქონდა, რომელიც მეც გამაჩნია. ბავშობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი მზად დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონეზე თამაში, შემდეგ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი ვარ, ძლიერი ვარ და წინსვლას გავაგრძელებ“.
გიორგი მიქაუტაძე: „რთული მატჩი იყო, თუმცა, 3 ქულა მოვიპოვეთ და გახარებულები ვართ. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე მერე ვიფიქროთ. გოლის გატანა მინდოდა, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის“, - თქვა თამაშის შემდეგ ნაკრების თავდამსხმელმა.
გურამ კაშია: „რთული თამაში გამოდგა, თუმცა ვიცოდით, რომ პირველი გოლი გარდამტეხი იქნებოდა. საბედნიეროდ ჩვენ შევძელით და გავიტანეთ. მიხარია, რომ ქოჩორამ ინდივიდუალური გოლი გაიტანა და 3 ქულის აღებაში დაგვეხმარა. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ სწორედ და გამართულად ვთამაშობთ. გოლის შემდეგ, დაცვით ზონაში მთელმა გუნდმა ძალიან მაგრად ითამაშა და ალბანეთმა თითქმის მომენტიც კი ვერ შექმნა. თითოეული ფეხბურთელი თავის პასუხისმგებლობას სერიოზულად უდგება და სწორედ ეს არის წარმატების მიზეზი“, - აღნიშნა ნაკრების კაპიტანმა.
თუ რატომ შეცვალა ვილი სანიოლიმ ხვიჩა კვარაცხელია, ნაკრების გოლკიპერმა ასე ახსნა: „ფეხი მტკიოდა, გამაყუჩებლით ვითამაშე და რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ტრავმა სერიოზული არ იქნება. რაც შეეხება, შეგვიძლია თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა? ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე უკვე დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ახლაც, ორი ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. იმედია იმ მიზნებს მივაღწევთ, რაც დავისახეთ“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
მატჩის შემდეგ, ალბანელმა ფეხბურთელებმაც გააკეთეს კომენტარები ჟურნალისტებთან და აღნიშნავდნენ, რომ დღეს მათი დღე არ იყო.
ილბერ რამადანი: „რთული მატჩი გამოვიდა, შეტევა გვინდოდა, მაგრამ ისინი 5 მცველით და 3 ნახევარმცველით იცავდნენ თავს, ამიტომ გაგვიჭირდა. საქართველო ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენც, იმავე დონეზე ვართ, უბრალოდ, დღეს ჩვენი დღე არ იყო. კონტრშეტევებზე თამაში კარგად მოამზადეს, გაიტანეს გოლი და დაცვაში კარგად ითამაშეს. მე კვარაცხელიასთან ახლოს უნდა მეთამაშა, თუმცა, ამით სხვებმა ისარგებლეს“.
მარაშ კუმბულა: „ძალიან რთული მატჩი იყო. ვიცოდით, რომ საქართველო კონტრშეტევაზე ძლიერი იყო, მაღალი დონის თავდამსხმელები ჰყავს. საერთო ჯამში, კარგად ვითამაშეთ. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს, ახლა კი, წინ უნდა ვიყუროთ“.
მარიო მიტაი: „საერთო ჯამში კარგი თამაში გვქონდა, ბევრი ვირბინეთ, 2-3 მომენტიც შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. არ მგონია, რომ წაგების მიზეზი დაღლილობა ყოფილიყო, რადგან მეტოქემაც 3 დღის წინ ითამაშა, ეს არ არის მიზეზი. მათ თავიანთი შანსი მაქსიმალურად გამოიყენეს“.
საქართველოსთან მარცხის შემდეგ, ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ კომენტარი გააკეთა და მატჩი შეაფასა.
„მატჩი გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობდა - საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, თუმცა, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან თანაბარი თამაში იყო. მეტოქეს ფიზიკურად და ტაქტიკურად ძალიან კარგად მომზადებული გუნდი ჰყავდა“, - თქვა სილვინიომ.
რა თქმა უნდა, გიორგი ქოჩორაშვილს „ლევანტეს“ სოციალური ქსელის ადმინისტრატორმა, ხავიმაც მიულოცა და კლუბის გვერდზე „ქოჩორას“ ფოტო დადო წარწერით: „მეზობელმა ბავშვებს ვერ ვაძინებო, მაგრამ აი, დარდი! ვხავით ყველა ვალენსიიდან კახეთამდე. ვახ, ახლა მართლა ვხავი სიხარულისგან ! ჩემი ქოჩორა!“