დანაშაულმა ქვეყნის მასშტაბით 25.7 პროცენტით იკლო

დანაშაულმა ქვეყნის მასშტაბით 25.7 პროცენტით იკლო

შს სამინისტრომ გასული 2013 სრული კალენდარული წლის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემები კრიმინოგენურ მდგომარეობას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით ასახავს. შსს-ს ინფორმაციით, 2013 წელს, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დანაშაულის 10036 ერთეულით კლება დაფიქსირდა, რაც 25,7 პროცენტს შეადგენს, გახსნის მაჩვენებელმა კი 40,9 პროცენტით მოიმატა და 59,9 პროცენტს შეადგინა.

შსს ასევე აქვეყნებს დეკემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით და რეგიონების მიხედვით. 2013 წლის დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1470 ერთეულით იკლო, რაც 36.9 პროცენტია, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,4 პროცენტით მოიმატა და 50,2 პროცენტს შეადგენს.

2013 წელს ქვეყნის მასშტაბით 28970 დანაშაული მოხდა, საიდანაც გახსნილია 17 339 და გახსნის მაჩვენებელმა 59,9 პროცენტი შეადგინა. გასულ წელს თბილისში 14 033 დანაშაული მოხდა, საიდანაც გახსნილია 6494. გახსნის მაჩვენებელმა დედაქალაქში 46,3 პროცენტი შეადგინა. 2012 წელთან შედარებით თბილისში დანაშაულის რაოდენობამ 2512-ით (15.2 პროცენტით) იკლო, გახსნილის მაჩვენებელმა 27 პროცენტით იკლო. 

რაც შეეხება იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში 2013 წელს 2811 დანაშაული მოხდა. გახსნილია 2 288 (81,4 პროცენტი) დანაშაული. 2012 წელთან შედარებით სამივე რეგიონში ერთად დანაშაულის რაოდენობამ 2804-ით  იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 63,5 პროცნტით იმატა.  გასულ წლის დანაშაულის რაოდენობამ მთლიანობაში 1 983 შეადგინა ქვემო ქართლში, გახსნის მაჩვენებელია 61 პროცენტი. 2012 წელთან შედარებით ქვემო ქართლში დანაშაულის რაოდენობამ 57.1-ით იკლო, გახსნის მაჩვენებელმა კი 50 პროცენტით მოიმატა. 

2013 წელს 1521 ფაქტი მოხდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, საიდანაც გახსნილია 1 102. 2012 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობამ 1248-ით იკლო, გახსნის მაჩვენებელმა კი 51,9 პროცენტით იმატა. აჭარაში გასულ წელს ჩადენილი დანაშაულის რაოდენობამ 2 947 შეადგინა, გახსნის მაჩვენებელი 66,5 პროცენტია. აჭარაში დანაშაულის რაოდენობამ 2012 წელთან შედარებით 15,4 პროცენტით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებლებმა 55,5 პროცენტით იმატა.

შიდა ქართლში 2013 წელს 1395 დანაშაული მოხდა. აქედან გახსნილია 997. შიდა ქართლში 2013 წელს მომხდარი დანაშაულის რაოდენობამ 2012 წელთან შედარებით 11,9 პროცენტით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 45,6 იმატა. გასულ წელს 2012 დანაშაული მოხდა კახეთში, საიდანაც 1 704 გაიხსნა. 2012 წელს აღნიშნულ რეგიონში 2 161 დანაშაული მოხდა. 2013 წელს დანაშაულის რაოდენობამ კახეთში 6,5 პროცენტით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 52,6 პროცენტით იმატა.

მცხეთა-მთიანეთში 2013 წელს 844 დანაშაული მოხდა, რომლის 70.6 პროცენტი გახსნილია. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობის 8.2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი 53.5 პროცენტით იმატა. გურიაში 2013 წელს 619 დანაშაული მოხდა, საიდანაც გახსნილია 353. ამ რეგიონში გასულ წელს, 2012 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობამ 7.6 პროცენტით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 32.7 პროცენტით იმატა. 

სამცხე-ჯავახეთში 2013 წელს 796 დანაშაული მოხდა, გახსნის მაჩვენებელმა კი 79.9 პროცენტი შეადგინა. 2012 წელთან შედარებით დანაშაულის მატება დაფიქსირდა 24.6 პროცენტით, გახსნის მაჩვენებელმა კი ასევე იმატა 28,1პროცენტით. 2013 წლის დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით 2 511 დანაშაული მოხდა, საიდანაც 1260 (50,2%) გახსნილია. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულის მაჩვენებელმა 36.9 პროცენტით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 24.4 პროცენტით იმატა.

შსს-ს მის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ადსტურებს, რომ ქვეყანაში დანაშაულმა იკლო, თუმცა ამ სტატისტიკას არ ენდომა ყოფილი მმართველი გუნდი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის, რომ ქვეყანაში არ გავქვს კრიმინალური აფეთქება ეს კარგია, მაგრამ თუ ხელისუფლება გააგრძელებს სტატისტიკის გაყალბებას, ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს და მათ შორის კრიმინალური აფეთქება.

„რთული პროცესია, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არ შეიძლება ხელისუფლება ცდილობდეს სტატისტიკის გაყალბებას, თუ ამას ცდილობს, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ტიპის დანაშაული ან საერთოდ არ აღირიცხება, ან ვინმე ცდილობს, რომ მიჩქმალოს ეს დანაშაული. ასეთ შემთხვევაში, ამ დანაშაულებს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება. პირდაპირ გეტყვით, რომ ნამდვილად არ გვაქვს ჩვენ საგანგაშო კრიმინოგენური სიტუაცია და ეს კარგია, მაგრამ თუ სტატისტიკის გაყლაბების მიზნით შეეცდება შსს არ დაარეგისტრიროს დანაშაულებები, ამან შეიძლება გაცილებით რთულ შედეგამდე მიგვიყვანოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პარლამენტის წევრი, გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, რამოდენიმე ირიბი მაჩვენებელი მოწმობს იმას, რომ მონაცემების დამახინჯება გამორიცხულია.  მისი თქმით, ქვეყნის სტაბილურობა განაპირობებს იმას, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია.

„ნაციონალური მოძარობის“ პოზიცია გასაგებია - ვითარება ისე უნდა აღწერონ, რომ მათი წასვლით მდგომარეობა გაუარესებულია. ეს პოლიტიკური ბრძოლის ბინძური მეთოდია, რომელსაც მიმართავენ. მე მეორე მაჩვენებელი უფრო მაღელვებს და ეს არის ეროვნული ტრაგედია. პროკურატურას 170-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება აქვს დაწყებული გაუგონარი წამებისა და ღისრების შემლახავ ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის პერიოდში.

დაახლოებით 52 პირის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებლივი დევნა, ეს ტრაგიკული მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისათვის, რომ ასეთ ფაქტებსზე უწევს საგამოძიებო ორგანოებს მუშაობა. ასე, რომ ჯობია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ საკითხზე გაამახვილონ ყურადღება და თუ როგორმე შეუძლიათ თავი იმართლონ, რადგანაც ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გედევან ფოფხაძეს კი არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ივარაუდოს, რომ შსს-ს მონაცემებს აყალბებს იმ მიზნით, რომ საზოგადოება შიყვანოს შეცდომაში. მისი თქმით, დანაშაული ყოველთვის ხდებოდა და ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ აღმოფხვრის და რაზეც მისი თქმით, „ნაციონალებსაც“ არ აქვთ პრეტენზია.

„სტატისტიკას ანალიზიც რომ ახლდეს, ურიგო არ იქნებოდა. მე ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძალიან ბევრ ადამიანს იჭერდნენ ისე, რომ წესით არ უნდა დაეჭირათ. შეიძლება მაშინაც არ იყო დანაშაული იმდენი, რამდენსაც რეალურად „ნაციონალები“ ჰქმნიდნენ. უბრალოდ, მათ აწყობდათ 24 ათასი ადამიანი ციხეში, ეს იყო მათთვის უბრალოდ მომგებიანი პოზიცია, როდესაც საზოგადოება იყო დაშინებული. არ ვიცი, რა დანაშაულის აღრიცხვა არ ხდება და რას გულისხმობენ, კონკრეტულად რომელი დანაშაულის აღრიცხვა არ მოხდა, მაშინ უნდა დაასაბუთონ.

პუნქტობრივად მიყვნენ და კონკრეტული დანაშაულის გამო წაუყენონ ბრალი შსს-ს, მაგრამ მათ იციან, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ აქვს. არანაირი საფუძველი არ მაქვს შსს-ს სტატისტიკა არ ჩავთვალო სარწმუნოდ. სწორედ ამიტომ ავღნიშნე, რომ კარგი იქნება სტატისტიკას ანალიზიც რომ ახლდეს. ჩემმა ერთმა ნაცნობმა ჯართის მოპარვისთვის 7 წელი მოიხადა, ამ ადამაინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე რომ არ აღძრულიყო, ეს ალბათ სწორი იქნებოდა. ასეთი სტატისტიკა არავის არ სჭირდება, როდესაც ადამიანი რეალური საფრთხის მატარებელი არაა და ამ დროს ციხეში სვამ. აი ასეთი ადამიანებით ავსებდნენ ციხეებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ.