„პირველი მერცხალი“ და ქართული „კა-გე-ბე“

„პირველი მერცხალი“ და ქართული „კა-გე-ბე“

„პირველი მერცხალის“ გადაღების დღეებში, მოულოდნელად ფოთის ნავსადგურში ბრიტანელების გემი შემოვიდა. ინგლისელი მგზავრები ძირითადად ახალგაზრდა ჭაბუკებს წარმოადგენდნენ.

ეს ყმაწვილები ქალბატონ ნანა მჭედლიძეს ძალიან მოეწონა და მათი სურათში გადაღება მოინდომა. ინგლისელები იოლად დათანხმდნენ და არანაირი ანაზღაურებაც არ მოუთხოვიათ.

ისინი მონაწილეობდნენ იმ ეპიზოდებში, სადაც უცხოელები არიან. თავისუფალ დროს ჩინებულად ილხენდნენ, ფოთში ჩიბუხებით დადიოდნენ და ჰაშიშს სრულიად აშკარად ეწეოდნენ.

ფოთის იპოდრომზე გადაღებებისას ამ ბიჭებმა თავიანთი ამერიკული გახეხილი ჯინსები გაიხადეს და ფეხბურთელების ფორმები მოირგეს. ვიღაცამ არ მოიპარა ის ჯინსები? ატყდა ერთი ამბავი. ფეხზე დადგა სრულიად საქართველოს კა-გე-ბე. 

თარჯიმანი ემუდარებოდა ჩვენს სამართალდამცველებს, დაანებეთ თავი ძებნას, ამ უცხოელებს არ უნდათ ის ჯინსებიო და არაფერსაც ითხოვენო. მაგრამ ვინ დაუჯერა.

დაიჭირეს დამნაშავეც, ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა ბიჭი. დადიოდნენ ბრიტანელები ფოთის მილიციაში შემდეგ, იხვეწებოდნენ, არაფერ შუაშია ის ახალგაზრდა, რადგან ჩვენ თავად ვაჩუქეთ ჯინსებიო. ძლივს გამოაშვებინეს.

განშორების წინ, ქართველებმა სტუმრებს სვანური ქუდები აჩუქეს. როცა გემი პორტიდან გადიოდა, მოიხადეს ეს სვანური ქუდები და მასპინძლებს ამგვარად დაემშვიდობნენ. ჩვენს მსახიობებს მოულოდნელად ტირილი აუტყდათ.