„რაც დღეს პატრიარქის წინააღმდეგ ხდება, ეს შანტაჟია“, -აცხადებს მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პალიკო კინტრაია For.ge-სთან საუბარში.
მთელი ის კამპანია, რაც საპატრიარქოს წინააღმდეგ დაიგეგმა, ე.წ. საპროტესტო აქციის ჩათვლით, მას ხელოვნურად ეჩვენება და მიიჩნევს, რომ პატრიარქს არაფერი უთქვამს ისეთი, ასეთი აჟიოტაჟი ატეხილიყო. „უბრალოდ, ადამიანები ცდილობენ, ხელი მოითბონ პატრიარქის წინააღმდეგ შანტაჟით, რაც ბრბოს ფსიქოლოგიაა“.
მართლაც, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულმა აზრებმა დიდი დისკუსია გამოიწვია. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ გასული წლის 17 მაისის შემდეგ ცალკეული არასამთავრობოები რაიმე თემის გააქტიურებას მოუთმენლად ელოდნენ და დადარაჯებულნი იყვნენ, რას იტყოდა პატრიარქი და მოიწონებდა თუ არა ფსედო-ლიბერალურ ფასეულობებს. ის, რომ ქრისტიანობა ქორწინებას ერთ-ერთ საიდუმლოდ მიიჩნევს, ეს უდავო ჭეშმარიტებაა და, ცხადია, უწმინდესი ვერ მიესალმებოდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ასეთი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭებას, გაუთავებელ თუ სელექციურ (რომლებიც ძირითადად გოგონების მოკვდინებით სრულდება) აბორტებს, ხელოვნურ განაყოფიერებას და სუროგაციას, რომლითაც ბავშვი სავაჭრო საქონელი, ხოლო დედობა - ფულის კეთების საშუალება ხდება. ამას ემატება ისიც, რომ ხელოვნური ჩარევის დროს ნაყოფიერდება რამდენიმე ემბრიონი, რომელთა განადგურების ხარჯზეც ახალი სიცოცხლე იბადება. ამ დროს კი, საღმრთო წერილის თანახმად, ჩანასახშიც უკვე სულია...
საშობაო ეპისტოლეს განმარტებისას პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი. ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, თუმცა, საპატრიარქო განმარტავს, რომ ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ. „ამიტომაც ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია“. მიუხედავად ამისა, საპატრიარქოს განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მეთოდი მისაღებია.
საპატრიარქოში იმასაც აცხადებენ, რომ თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება ამ სახით განაყოფიერებას და ცოდვად მიიჩნევს. ამდენად, კათოლიკოს-პატრიარქიც და სასულიერო პირებიც ვალდებულნი არიან, გააფრთხილონ მრევლი და საზოგადოება. მთლიანობაში კი, ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ, სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს.
გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პალიკო კინტრაია.
პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს, რომელშიც ილია მეორემ ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები და სუროგაცია მძიმე ეთიკურ საკითხებად მოიხსენია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამას ემატება აბორტების უმძიმესი ცოდვაც, რომელთა რიცხვიც წელიწადში დაახლოებით 35 ათასია, თუმცა არარეგისტირებული აბორტების რაოდენობა შეიძლება ოთხ-ხუთჯერ მეტი იყოს, რითაც ევროპაში ყველაზე მკვლელ ერად ვითვლებით. თქვენ, როგორც მეან-გინეკოლოგმა, პატრიარქის ეს ეპისტოლე როგორ აღიქვით?
- პატრიარქის შეხედულება აბსოლუტურად მისაღებია. ხელოვნური აბორტი არ არის მარტო სამედიცინო პრობლემა. პირველ რიგში, ეს სოციალური პრობლემაა და თავის დროზე პატრიარქმა ამასაც გაუსვა ხაზი, რადგან ცხოვრების პირობები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ადამიანებმა გადაწყვიტონ მრავალი შვილის ყოლა. ყველა ქვეყანაში ასეა და, მით უმეტეს, ჩვენთან ეს არ არის მარტო სამედიცინო ფაქტორი. ამიტომ მთავრობამ და საზოგადოებამ ზომები უნდა მიიღონ იმისთვის, რომ ადამიანს იმდენი წლიური შემოსავალი ჰქონდეს, მესამე და მეოთხე შვილის გაზრდა არ გაუჭირდეს. როცა ოჯახს რვა შვილი ჰყავს და მეცხრესაც აჩენს და ამ დროს იმის საშუალება არ აქვს, მას საჭმელი აჭამოს, აბორტის გზით არ შეიძლება ამის რეგულირება.
კიდევ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, ადამიანთა მოდგმის ისტორიის მანძილზე ყოველთვის იყო აბორტებთან დაკავშირებით აკრძალვა და ნებართვა. მაგალითად, საფრანგეთში მე-17 საუკუნეში აბორტის გაკეთებისთვის სიკვდილით სჯიდნენ, მაგრამ ვერც ამ სასტიკმა ღონისძიებამ ვერ შეძლო შობადობის გაზრდა. თუმცა, როცა ფრანგმა ხალხმა დაინახა, რომ შობადობის შემცირების გამო გადაშენების საფრთხის წინაშე დადგა, მიიღო ეროვნული გადაწყვეტილება. კერძოდ, მთელმა ერმა გადაწყვიტა, რომ უნდა გამრავლებულიყო. სწორედ მაშინ წამოვიდა ახალი ტალღა და საფრანგეთში შობადობა დღესაც საკმაოდ კარგ დონეზეა. ასე რომ, მარტო აკრძალვით და სისასტიკით ამის მოგვარება შეუძლებელია. ეკლესიის დადებითი როლი სწორედ იმაშია, რომ ის ადამიანების შეგნებაზე ახდენს დადებით გავლენას და ამ გზით ებრძვის აბორტებს, მაგრამ, თუ სოციალურ-ეკონომიკური პირობები არ გაუმჯობესდება, ადამიანებს ყოველთვის ექნებათ იმის შიში, რომ ერთით ზედმეტი შვილის გაზრდის შესაძლებლობა მათ არ ექნებათ.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სუროგაცია უკანონოდ ითვლება (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი, პორტუგალია, თურქეთი, იაპონია, ჩინეთი და აშშ-ს ზოგიერთი შტატი). სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები, მართალია, არაფრით განსხვავდებიან თანატოლებისგან, მაგრამ პატრიარქმა ბრძანა: „შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?“ კერძოდ, უწმინდესის თქმით, პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ...
- არასდროს მიმუშავია ხელოვნური განაყოფიერების განხრით. ჩემი სამეცნიერო პროფილი უკვე ჩასახული ნაყოფის ინტერესების დაცვა და მისი ჯანმრთელობა გახლდათ. თუმცა, როგორც ადამიანი, მოქალაქე და ექიმი, ვერ ვიტყვი, რომ ხელოვნურ განაყოფიერებაში არის რაიმე ანტიქრისტიანული. თვითონ კვერცხუჯრედი, რომელიც დედის ორგანიზმში მომწიფდა და სპერმატოზოიდი, რომელიც მამის ორგანიზმში მომწიფდა, ეს ბუნებრივი პროცესია. ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი, ხელოვნურად აქ იქმნება მხოლოდ ის რგოლი განაყოფიერების და იმის გამო, რომ დედას რაიმე დავადება ჰქონდა, შეუძლებელი გახდა მისთვის განაყოფიერება. ამ შემთხვევაში, ქალი ძალიან დიდ რისკზე მიდის. რთულია საკვერცხის მომზადება იმისთვის, რომ იქიდან კვერცხუჯრედი აიღონ. ამას აქვს თავისი გვერდითი მოვლენები, რასაც ქალები იტანენ და წინასწარ მიდიან ამ გართულებაზე, ოღონდაც ეყოლოთ შვილი. ასეთი გზით განაყოფიერების შედეგად გაჩენილ ბავშვს არ უნდა დავუძახოთ, შენ ასე ხარ გაჩენილიო, რადგან ეს ბუნებრივი პროცესია. აქ დარღვევას ადგილი არ აქვს.
უბრალოდ, აქ საჩოთირო და საკამათოა თვითონ განაყოფიერების პროცესი, მაგრამ აქაც გამართლება არის ის, რომ ეს ადამიანი არის ავადმყოფი და ამის გამო არ შეუძლია მას დაორსულდეს და არა იმიტომ, რომ თავის შეწუხება არ სურს ორსულობით და შეუკვეთა ვიღაცას და დაავალა ბავშვის გაჩენა, ასე არ არის. პირიქით, დედაც და მამაც დიდ რისკზე მიდიან, როცა ხელოვნურ განაყოფიერებაზე იღებენ გადაწყვეტილებას. მე ვიცი, ბევრი შემთხვევა, როგორი გართულებები მოსდევს ამას დედის მხრიდან, როცა მას ხელოვნურ განაყოფიერებას უტარებენ.
სასულიერო პირები აცხადებენ, რომ სუროგაციის დროს ერთდროულად ხდება ორი, სამი, ორმოცდაათი, სამოცი, ან სულაც ასი ემბრიონის განადგურება, რადგან ამდენი ბავშვის გაჩენა შეუძლებელია. ეკლესია ერთი სულის მოწყვეტასაც კი გმობს, აქ კი ერთდროულად უამრავი ემბრიონის სულის მოწყვეტა ხდება.
- თქვენ ბრძანეთ, რომ ბევრი ემბრიონი იხოცება ერთდროულად. ამაზე რეგულირება შეიძლება. თუ სურთ, ერთ კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებენ, ხოლო, თუ სურთ, სამს გაანაყოფიერებენ. თუმცა, ის სამი შეიძლება, არ შეინარჩუნოს დედამ და გადაწყვიტოს, რომ არ სურს სამი ნაყოფის გაჩენა. ამიტომ ხდება დანარჩენების განადგურება, მაგრამ ეს სრულიად ადვილად მოსაგვარებელია, თუ ის ადამიანი, ვინც ხელოვნურ განაყოფიერებას იტარებს, გადაწყვეტს, რომ მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი განაყოფიერდეს. რისკი იმაშია, რომ, როდესაც ერთი კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება, შეიძლება, ის დამთავრდეს აბორტით და ისევ თავიდან დასჭირდეს ხელოვნური განაყოფიერება. როდესაც ორი და სამი კვერცხუჯრედი განაყოფიერდება, მაშინ, თუ დედას არ სურს სამი შვილის გაჩენა, მაშინ ორს მოაცილებენ. ამიტომ, თუ ადამიანი მორწმუნეა და სწამს, რომ აბორტი ადამიანის მკვლელობაა, მაშინ მას შეუძლია, დაორსულდეს ერთი კვერცხუჯრედით და ეს ერთი ნაყოფი გააჩინოს ისე, რომ დანარჩენი ემბრიონების განადგურება არ დასჭირდეს. ეს არის იგივე აბორტის კეთება, რასაც ჩვეულებრივ ვებრძვით და მე პირადად, ჩემი რწმენით, ჩემს ცხოვრებაში აბორტს არ ვაკეთებ. ჩემი შვილიც ექიმია და აბორტი არ გაუკეთებია არასდროს. ასე რომ, ამის რეგულირება სავსებით შესაძლებელია, რომ ხელოვნურმა განაყოფიერებამ არ გაზარდოს ემბრიონების დახოცვის რიცხვი.
არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას პარლამენტი შეეცადა. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ სუროგაცია შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება და არა - ანგარებას. ამაში გამოსავალს ხედავთ?
- დავიწყოთ იქიდან, რას ნიშნავს თვითონ სუროგატი დედა? კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი არის დედისა და მამის, ვისაც სურს ბავშვის ყოლა. არის მეორე შემთხვევაც, როცა ან მამაკაცს ან ქალს არ შესწევს უნარი, (ვთქვათ, საკვერცხეები ამოკვეთილი აქვს, ან მამაკაცს აქვს პათოლოგია) იყოლიოს შვილი. ასეთ შემთხვევაში, არსებობს სპერმატოზოიდების ბანკი, რაშიც ის ფულს იხდის. რამდენად დასაშვებია ეს, ამის განსაზღვრა ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება, აქ არის ფსიქოლოგიური, რელიგიური ფაქტორებიც და უამრავი სხვა რამ. მთავარია, რომ შავ ბიზნესს ეს არ უნდა უკავშირდებოდეს. ერთი წამით თვალი გადავავლოთ, თუ რა ხდება ფარმაკოლოგიურ ბაზარზე. სამკურნალო საშუალებებიდან ბევრი ყოველგვარ კონტროლგარეშეა და რას არ სთავაზობენ ადამიანებს სამკურნალოდ. ჩვენ ხომ ამას ვებრძვით და ვამბობთ, ეს დაუშვებელია.
ასევე, დაუშვებელია, ყიდდეს ადამიანი სპერმატოზოიდებს და დაუშვებელია, ეს საკითხი გახდეს ვაჭრობის საგანი. აქ პატრიარქი აბსოლუტურად მართალია, მაგრამ ზოგიერთებმა ძალიან ცუდად გაიგეს ეპისტოლე, თითქოს ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვი მოკლებულია დედობრივ მზრუნველობას, უკაცრავად და, რაღაც სისულელეები ითქვა. პირიქით, ის ბავშვი არ არის მოკლებული მზრუნველობას, მისმა დედ-მამამ, სხვა ჩვეულებრივ დედ-მამაზე მეტი გასაჭირი გადაიტანა, რომ ეს ბავშვი ჰყოლოდა და ამ საკითხისთვის ასეთი მიმართულების მიცემა არ შეიძლება. ხოლო, თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიკვეთოს აღებ-მიცემობა და სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, სავსებით მისაღები იქნება. პატრიარქის წინადადება თუ სტიმულს მისცემს ასეთი ღონისძიებების გატარებას, ეს მისასალმებელია.
ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში, ადამიანებმა სუროგაცია შემოსავლის წყაროდ გაიხადეს. მაგალითად, საქართველოში 23 ათასი დოლარი ჯდება სუროგაცია.
- იმ პერიოდში, როდესაც ხელოვნური განაყოფიერების შესაძლებლობა გაჩნდა, ვიცი შემთხვევა, რომ 70 წლის დედამ გააჩინა შვილი თავისი ქალიშვილისთვის; დამ თავისი დისთვის გააჩინა შვილი ხელოვნური განაყოფიერებით. ასეთი ფაქტების მასობრიობა ძნელად მოსალოდნელია, მაგრამ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ რელიგიაზე და რელიგიურ რწმენაზე, რომ ადამიანს უნდა, დახმარება გაუწიოს სხვა ადამიანს თუნდაც ასეთი რთული გზით და მის მაგივრად გააჩინოს შვილი, თეორიულად ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეს მასიური ვერ იქნება.
მეცნიერები გადაჭრით ვერ ამტკიცებენ, მაგრამ, სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ სუროგატი დედის მიერ ნაშობი ბავშვები ჩვეულებრივი ბავშვებისგან არ განსხვავდებიან. თქვენც ასე ფიქრობთ?
- განაყოფიერების დროს, იქნება ეს ხელოვნური თუ ბუნებრივი, არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც შემდეგ ხელს უშლიან ორსულობის ნორმალურად განვითარებას. ეს ფაქტორები თანაბრად მოქმედებს როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი გზით განაყოფიერების შემთხვევაში. ჯერჯერობით ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულები ნობელის პრემიის ლაურეატები არ გამხდარან. შესაძლოა, არც გასულა იმდენი დრო, რომ ასეთ ადამიანებს ნობელის პრემიამდე მიეღწიოთ. თუმცა რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, რომ სუროგატი დედის ნაშობ ბავშვებს გონებრივ ან ფიზიკურ განვითარებასთან დაკავშირებით რაღაც განსხვავება აქვთ, სპეციალურ ლიტერატურაში არ შემხვედრია.
რაც შეეხება სელექციურ აბორტებს - საქართველოში აღარ სურთ გოგონების მასობრივი გაჩენა?
- ადამიანს როცა არ სურს გოგოს გაჩენა და, თუ გოგოა, მაშინ აბორტს იკეთებს, ეს დანაშაულია. ამას არავითარი გამართლება არ აქვს. ადამიანი თუ ეკონომიკურად მძიმე პირობებშია და ამის გამო სურს, ბავშვი მოიცილოს, ეს ერთია, ხოლო მეორეა, სულელური მოსაზრების გამო, რომ ბიჭის ან გოგოს ყოლა უნდა მაინცდამაინც და, თუ ასე არ მოხდა, მაშინ აბორტი უნდა გაიკეთოს, ეს დანაშაულია. ასეთი აბორტის გამკეთებელთან ერთად ის ადამიანიც უნდა ისჯებოდეს, ვინც მას აბორტი გაუკეთა.
წლების განმავლობაში ინდოეთში გოგონებს იშორებდნენ, რამაც დემოგრაფიული სურათი შეცვალა. სწორედ მანდილოსნების რაოდენობის ნაკლებობითაც აიხსნება, რომ ამ ქვეყანაში მამაკაცების მხრიდან ქალებზე ძალადობის ფაქტები გახშირდა.
- ინდოელებზე რა უნდა ვთქვათ, როცა ქართველებიც ძალიან ბევრს ვცოდავთ ამ საკითხში. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველას ურჩევნია, ორი ბიჭი ჰყავდეს და ერთი გოგონა, ან სამი ბიჭი ჰყავდეს და ერთი გოგონა. იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც ამ საკითხს შეგნებულად უდგება და იტყვის, ოღონდ შვილი მყავდეს და სულერთია, გოგო იქნება თუ ბიჭი. ამიტომ მოსალოდნელი ნაყოფის სქესის გამო აბორტის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია. ცივილიზებული ერი ამას არ დაუშვებს, ეს ჩამორჩენილობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
ეს ქართველებს ადრე არ ახასიათებდათ.
- მაგალითად, მე ამდენი ხანია ვმუშაობ და არ მინახავს, ვინმე მოსულიყო და ხმამაღლა ეთქვას, მე მყავს ორი გოგო, ახლა მესამე გოგო არ მინდა და გამიკეთეთ აბორტი. შესაძლოა, ამას ვიღაც ჩუმად აკეთებს და არ ამხელს, რატომ იკეთებს აბორტს. ეს ჩვენს ერში მაინც სირცხვილად ითვლება. ასეთი აბორტები კანონით უნდა აიკრძალოს. რაც დღეს პატრიარქის წინააღმდეგ ხდება, ეს შანტაჟია. რომელიღაც ქალბატონი გამოვიდა და ხელში ტრანსპარანტი ეჭირა, თურმე პატრიარქი რაღაცას ეწინააღმდეგება. ასეთი რამ როგორ შეიძლება?! ეს არ არის ერის მაღალი კულტურის მაჩვენებელი. სხვათა შორის, ამას წინათ გამოვიდა ერთი ძალიან საინტერესო მონოგრაფია, სახელწოდებით „ერისა და ბრბოს ფსიქოლოგია“. ჩვენთანაც ბრბოს ფსიქოლოგიაა. რაზეც ვისაუბრეთ, რომ სუროგატული აბორტი ფულის მახეა და მიუღებელია, ასევე, მიუღებელია ისიც, რაც ზოგიერთებმა ატეხეს პატრიარქის გამოსვლასთან დაკავშირებით ხელის მოთბობის მიზნით.