„ნებისმიერი ბავშვის, ნებისმიერი ადამიანის გაჩენა არის ღვთის წყალობა, რა გზითაც არ უნდა იყოს მოვლენილი“

„ნებისმიერი ბავშვის, ნებისმიერი ადამიანის გაჩენა არის ღვთის წყალობა, რა გზითაც არ უნდა იყოს მოვლენილი“

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, განსაკუთრებით კი მისი ის ნაწილი, სადაჩ სუროგაციაზეა საუბარი, კვლავ მედიისა და სოციალური ქსელის ყურადღების ცენტრშია. ამ თემასთან დაკაავშირებით განმარტება საპატრიარქომაც გააკეთა, თუმცა ეპისტოლეს განხილვა მაინც გრძელდება, არ წყდება კამათი. სამწუხაროა, რომ დისკუსია გასცდა სოციალურ ქსელს და ექსცესსაც ჰქონდა ადგილი. For.ge-ს შეკითხვებს, ამ თემაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, სოზარ სუბარი პასუხობს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ დასახვეწი იყოს კანონმდებლობა და შესაბამისი რეგულაციები, რაც მომავალში თავიდან მრავალ გაუგებრობას აგვაცილებს.

საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილს, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩენილ ბავშვებზე ისაუბრა, საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. შობის ღამეს თქვენ მთავრობასთან და ოჯახთან ერთად ესწრებოდით საშობაო ლიტურგიას, როგორი იყო თქვენი რეაქცია ამ სიტყვების გაგონებისას?

- ეპისტოლეში ძირითადი აქცენტი გაკეთდა ოჯახის როლზე, ოჯახის სიმტკიცეზე, ოჯახზე, როგორც უმთავრეს ქრისტიანულ ღირებულებაზე. სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების თემებიც ოჯახის თემას მჭიდროდ უკავშირდება და ეს ძალიან ფაქიზი, რთული და საკამათო საკითხია მთელ მსოფლიოში, რომელსაც მთელი რიგი ეთიკური დილემები მოჰყვება თან. ერთი მხრივ, ცნობილია, რომ ხელოვნური განაყოფიერების დროს ყველა ემბრიონს არ ეძლევა საშუალება, განვითარება გააგრძელოს, არადა, რელიგია გვასწავლის, რომ სიცოცხლე ჩასახვისთანავე იწყება, ანუ ემბრიონი უკვე ცოცხალი არსებაა.

ასევე, არაერთი რთული მომენტი ახლავს თან სუროგაციასაც: წყვილის ურთიერთობაში ჩნდება მესამე პირი, რომელიც ემოციურ პრობლემებს წარმოშობს. უნდა ჰქონდეს თუ არა სუროგატ დედას აბორტის გაკეთების უფლება? უნდა შეეძლოს თუ არა სუროგატ დედას თავისი გენეტიკური შვილის მონახულება შემდგომში? ერთი მხრივ, კანონი მკაცრია ახალშობილთა გაყიდვის მიმართ, მეორე მხრივ კი სუროგატი დედა იღებს ანაზღაურებას, რომელიც კონტრაქტით რეგულირდება...

ბევრ ქვეყანაში ამ საკითხის სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულირება არსებობს - ზოგან მკაცრადაა აკრძალული, ხოლო სადაც დაშვებულია, იქ ძალიან მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. როცა ჩვენთან ეს კანონი მივიღეთ,  ვფიქრობ, კანონმდებლებმა ნაკლებად იფიქრეს ამ პრობლემის სიღრმეებზე, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ კანონმდებლობა და შესაბამისი რეგულაციები დასახვეწი იყოს. ოღონდ, კანონმდებლობის დახვეწა სამომავლო საქმეა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნება უკვე დაბადებულ ბავშვებთან.

თუმცა, მიუხედავად ამ პრობლემებისა, მე წარსულში არაერთ ჩემს ნაცნობს, ვისაც შვილის გაჩენის პრობლემა ჰქონდა, ვურჩიე, რომ ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით ესარგებლა და დღესაც ამ აზრზე ვარ - მათი ოჯახების ერთიანობა და სტაბილურობა დიდად იყო და არის შვილის ფაქტორზე დამოკიდებული. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ბავშვის, ნებისმიერი ადამიანის გაჩენა არის ღვთის წყალობა, რა გზითაც არ უნდა იყოს მოვლენილი. მეტიც, თვითონ შანსი, რომ შესაძლებელია ასეთი მეთოდით ბავშვის გაჩენა, ღვთის წყალობა მგონია. ამავე დროს, მეცნიერება ყოველდღიურად ვითარდება და ძალიან მალე შეიძლება მოიხსნას ის პრობლემებიც, რომელიც ამ თემას თან ახლავს. კერძოდ, ვგულისხმობ იმ საფრთხეს, რომ ემბრიონების ნაწილს არ ეძლევა საშუალება, განვითარება გააგრძელოს.

შობის ღამეს თქვენს პირველივე კომენტარში, სამების ტაძარში, ყურადღება გაამახვილეთ ეპისტოლეს იმ ნაწილზე, სადაც პატრიარქი საუბრობს ოჯახის სიმტკიცეზე, მაგრამ არაფერი გითქვამთ იმ თემებზე, რაზეც ზემოთ ისაუბრეთ.

- ოჯახის თემა ეპისტოლეს ლაიტმოტივი იყო, ამიტომ ბუნებრივია, რომ აქცენტი ამ თემაზე გავაკეთე. ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივიცაა, რომ ეკლესია დიდ ყურადღებას უთმობს ოჯახის როლს, მის სიმტკიცეს, რადგან ოჯახი არა მხოლოდ რელიგიური განზომილების, არამედ ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა პროცესების ცენტრშიც დგას. თანაც, გულწრფელად რომ გითხრათ, ეპისტოლეში ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციაზე თითო წინადადებაა ნათქვამი და ეპისტოლეს მოსმენის დროს ეს თემა საერთოდ გამომრჩა - ტაძარში არ არის ისეთი აკუსტიკა, რომ ერთსაათიანი ეპისტოლის მოსმენის დროს არაფერი გამოგრჩეს. როგორც ჩანს, იგივე პრობლემა ჟურნალისტებსაც ჰქონდათ, რადგან მათაც არ დაუსვამთ კითხვა ამ თემაზე.

საშობაო ეპისტოლის იმ ნაწილში, სადაც ოჯახზეა ლაპარაკი, ოჯახში როლების განაწილებაზეც არის ყურადღება გამახვილებული.

- ჩემს ოჯახში ვცდილობთ, სრული თანასწორობა იყოს, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და პასუხისმგებლობის თანაბარ გადანაწილებას. ოჯახში ყველა წევრს უნდა ჰქონდეს განვითარების საშუალება, იყოს რეალიზებული და ქმნიდეს ინტელექტუალურ, სულიერ თუ მატერიალურ დოვლათს. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის იდეალური სწორედ ასეთი მდგომარეობაა და ვცდილობთ, შვილებიც ამ სულისკვეთებით აღვზარდოთ.

ზოგადად, ეს ძალიან აქტუალური თემებია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.