ინგლისი თუ იტალია

ინგლისი თუ იტალია

ბრიტანულმა გაზეთმა „ტაიმსმა“  ცოტა ხნის წინ ერთგვარად „იოხუნჯა“. ამ პატივსაცემმა გამომცემლობამ ინგლისური ფეხბურთი „ორიგინალური“ და ირონიული კუთხით დაახასიათა.

1. კვირა დღე ინგლისში იწყება პაბით, შემდეგ ფეხბურთით გრძელდება და კვლავ პაბით მთავრდება.

2. მატჩის წინ ინგლისელები მიირთმევენ ჩიფსებს, არაბულ ქაბაბს და სტადიონისკენ მიმავალ გზაზე სვამენ სამ-ოთხ კათხა ლუდს.

3. ინგლისში ტრიბუნებზე დამონტაჟებულ სკამებზე, როგორც წესი, სხედან.

4. ინგლისის სტადიონებზე სამართალდამცავებს პერანგი აცვიათ და კეპი ახურავთ.

5. არავინ იცის, სად და როგორ ატარებენ შვებულებას ინგლისელი ფეხბურთელები. გამონაკლისი მხოლოდ დევიდ ბექჰემია.

6. ერთადერთი დავარცხნილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია.

7. თუ „სქაი სპორტი“ ამბობს, რომ პიტერ კრაუჩი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, ინგლისში ამას იჯერებენ და სიახლეს დიდი სიხარულითაც იღებენ.

8. ინგლისში დიდი პოპულარობით სარგებლობენ ფეხბურთელების ცოლები.

9. ინგლისურ ტელეარხებზე საფეხბურთო თემატიკაზე მხოლოდ მამაკაცები საუბრობენ.

10. ინგლისში ლუდი იმდენად უყვართ, რომ მასზე უარს არც ფეხბურთელები ამბობენ. განსაკუთრებით მოგებული შეხვედრების შემდეგ.

კოლეგებს არ ჩამორჩა შედარებით ბულვარული „სანი“, რომელმაც თანამემამულე ფეხბურთელების გამხნევება  ორიგინალური მეთოდით სცადა და იტალიურ ფეხბურთსა და გულშემატკივრებს კბილი წაჰკრა. ამ პატივსაცემმა გამოშვებამაც რამდენიმე პუნქტიანი ნუსხა გამოაქვეყნა.

1. იტალიურ ტელეარხებზე ხშირად ნახავთ, თუ როგორ უსმენენ მარჩელო ლიპი და ფაბიო კაპელო თინეიჯერი გოგონების საფეხბურთო ანალიტიკურ მონოლოგებს.

2. იტალიელი ფეხბურთელები შვებულებაზე საუბარს სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე იწყებენ. არც წინასწარ შერჩეულ ადგილს მალავენ და არც იმას, თუ რომელი ტოპ-მოდელი უნდა წაიყვანონ ამა თუ იმ კურორტზე. შემდეგ კი ძალიან ბრაზდებიან, როდესაც სანაპიროზე მათ პაპარაცი აკითხავთ. თანაც უკვირთ, აქ როგორ მოგვაგნოო.

3. იტალიელი ფეხბურთელები მატჩამდე სილამაზის სალონებში დადიან, წვერს იპარსავენ და თმებს სტილისტებთან ივარცხნიან.

4. თუ „რაი უნო“ ამბობს, რომ სიმონე ლორია მსოფლიოს საუკეთესო მცველია, იტალიაში ეს სასაცილოდ არ ჰყოფნით და ამბობენ, რომ სიმონემ ამაში ფული გადაიხადა.

5. იტალიელი ტიფოზები უცხოეთში მშვიდად იქცევიან, საკუთარ სტადიონზე კი ხშირად ადამიანურ სახეს კარგავენ.

6. კვირა დღე იტალიაში: ეკლესია, ფეხბურთი, სახლი და ტელევიზორი, რათა უყურო ტურის მიმოხილვას და გაარჩიო შენი გუნდის კონკურენტების თამაში.