საინტერესო რესპოდენტისა და სენსაციური მასალის ურთიერთდამოკიდებულების თემა ისეთი აქტუალურია, რომ ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში არსებულმა, პროფესიულმა ჟურნალისტურმა კავშირმა თავის წევრებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა, სადაც დასმული იყო მხოლოდ ერთი შეკითხვა: „ვისთან ისურვებდით ყველაზე მეტად საუბარს და რატომ?".
ანკეტირებაში დაახლოებით ორასმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა და მის საბოლოო შედეგებს ქვემოთ შემოგთავაზებთ. მართალია ეს არჩევანი "ნისლიანი ალბიონის" მასმედიის მუშაკებმა გააკეთეს, მაგრამ ამ რესპოდენტებთან საუბარზე ალბათ არც ქართველი ჟურნალისტები იტყოდნენ უარს.
მაშ, ასე, ვის ჩამოართმევდნენ ინტერვიუს ბრიტანელი ჟურნალისტები:
1. ადამს და ევას.რატომ? იმიტომ, რომ ყველა სიკეთე თუ ბოროტება ამ ორი უპასუხისმგებლო ადამიანისაგან მოდის. ალბათ გახსოვთ, ღმერთმა სამყაროს შექმნა მეექვსე დღეს იმით დაამთავრა, რომ ადამიანი შექმნა თიხისგან, შთაბერა სული და საბრძანებლად დაუმკვიდრა დედამიწა და ყოველი სულიერი. ევას დანაშაული უფრო მცირეა (რაც უნდა იყოს, ადამის ნეკნიდან არის წარმოქმნილი), მაგრამ აკრძალული ნაყოფი მაინც არ უნდა ეგემა. ღმერთმა ისინი სამართლიანად დასაჯა, როცა სამოთხიდან გააძევა, მაგრამ ვერ გაგვიგია, დანარჩენი ადამიანები რა შუაში ვართ?
2. იესო ქრისტეს. მას ვკითხავდით,სად იყო 12-დან 30 წლამდე.
3. ალექსანდრე მაკედონელს. კაცს, რომელსაც ცამეტი წლის ასაკიდან მასწავლებლად არისტოტელე ჰყავდა, მსოფლიო იმპერიის შექმნაზე არ უნდაეოცნება.
4. ჰომეროსსა და შექსპირს. ამ ორ გენიოსს ვკითხავდით დაბადების თარიღს, ქალაქის სახელწოდებას, სადაც ცხოვრობდნენ და, რა თქმა უნდა, წერის ტექნიკის საიდუმლოებას. პასუხი ამ ბოლო კითხვაზე ალბათ ყველას აინტერესებს, ვისაც ხშირად უჭირავს კალამი ხელში.
5. სპარტაკს. მსგავს მეამბოხეთა წინაშე გულწრფელად ვიხრით ქედს. სპარტაკმა მონათმფლობელური რომის ძლიერება შეარყია და ამით მოწიწებას იმსახურებს. რა ვუყოთ, რომ არ იყო რომაელი. დიდი საქმეების კეთება თრაკიელებსაც შესძლებიათ.
6. მოსეს და სოლომონს.მოსეს იმიტომ, რომ მსოფლიოში კანონების პირველი შემქმნელი იყო და წესრიგის ფასი იცოდა. ამავე დროს, იგი ლიდერი გახლდათ. ლიდერები კი, მოგეხსენებათ, ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ. (გაიხსენეთ აღორძინების ხანის მხატვრები, გაიხსენეთ პერუჯინო, ბოტიჩელი, მიქელანჯელო, რაფაელი, რუბენსი, რემბრანდტი). სოლომონთან საუბარი კი ჯერ მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ კაცობრიობას „ქებათა ქება" აჩუქა.
7. ნაპოლეონს. არაფერს ვამბობთ ამ პიროვნების ბუნებრივ ნიჭზე, ფენომენალურ მეხსიერებაზე, არაჩვეულებრივ შრომისუნარიანობაზე. მხოლოდ ორ რამეს ვკითხავდით. ჟან-ჟაკ რუსოს თაყვანისმცემელმა თავისუფლება,ძმობა და მეგობრობა დიქტატურაზე როგორ გაცვალა და ასეთი კულტურული კაცი ხელოვნების შედევრებს რატომ იპარავდა. (ისიც საინტერესოა, რა მიზნით ან სად ინახავდა).
8. ჟანა დარკს. ორლეანელი ქალწულის მაგალითზე ვაჩვენებდით, რომ ქალებიარა მარტო კარგი პოლიტიკოსები, არამედ შესანიშნავი მხედართმთავრებიც არიან. დღეს ყველამ იცის, რომ გაუნათლებელი, სოფლელი ქალი უკეთესი სარდალი აღმოჩნდა, ვიდრე თუნდაც ამერიკელი გენერლები ვიეტნამში და მათი ბრიტანელი კოლეგები ერაყში.
9. ტომ ბეიტს,ბილ კლინტონს, მიხეილ გორბაჩოვს. ტომ ბეიტი ამერიკული ფილმის („ქალიშვილი ჰეგანი") ერთ-ერთი გმირი გახლავთ, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი თამაშობდა. მისტერ რეიგან, რატომ დაანებეთ თავი მსახიობობას და გახდით პოლიტიკოსი? ბატონო კლინტონ. თქვენ რატომ არ გახდით საქსოფონისტი? ძალიან გესიამოვნათ მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებული სკანდალი, ან არ გშურთ ამჟამად თქვენი პოლიტიკოსი მეუღლის? ეჰ, მიხეილ, მიხეილ, რატომ დაანგრიე საბჭოთა კავშირი. ძალიან გსიამოვნებს მთელ მსოფლიოში წანწალი და ძველ დროზე ლექციების წაკითხვა?
10. სხვა პლანეტის რომელიმე ბინადარს და ერთდინოზავრს. ამ გადაშენებულ უწყინარ ცხოველს იმიტომ ვასახელებთ, რომ წარსულს პატივს ვცემთ და მრავალ საინტერესო ინფორმაციას მოგვაწოდებდა.
ასე გამოიყურება ბრიტანელი ჟურნალისტების მიერ შედგენილი სასურველი რესპოდენტების პირველი ათეული. საინტერესოა, რომ შემდეგ ადგილებზე მოხვდნენ: მაკიაველი, დანტე, არტურ რემბო და ვინსენტ ვან გოგი.