„კავკასუს ონლაინის“ დღევანდელი მფლობელები „კავკასუს ონლაინის“ აბონენტების წინააღმდეგ!

„კავკასუს ონლაინის“ დღევანდელი მფლობელები „კავკასუს ონლაინის“ აბონენტების წინააღმდეგ!

ახალი წლის დღეებში "კავკასუს ონლაინის" ასობით აბონენტს მომსახურება შეუწყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 31 დეკემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის რამდენიმე უბანში - გლდანში, მუხიანში, თემქასა და საბურთალოზე კომპანიის აპარატურაზე ვანდალური ქმედებები ხორციელდებოდა.

კერძოდ, დაფიქსირდა კომპანიის კუთვნილი აპარატურის განზრახ დაზიანების ფაქტები. ამის გამო "კავკასუს ონლაინის" ასობით მომხმარებელს ახალი წლის დღეებში მომსახურება შეუწყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიამ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და გამოძიება დაწყებულია.

„კავკასუს ონლაინიდან“ სანდო წყარომ For.ge-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ახლანდელი დაზიანების ფაქტები სულაც არ ჰგავს იმ პერიოდის დაზიანებას, როცა „კავკასუს ონლაინის“ პირვანდელი მფლობელის - მამია სანადირაძის კომპანიის ხელში ჩაგდების მიზნით ნაციონალები შეგნებულად ახორციელებდნენ ზეწოლას და ჭრიდნენ „კავკასუსის“ კაბელებს გამანაწილებელ კვანძებში. ამჟამინდელი დაზიანება შემდეგნაირად მომხდარა: გარედან ვიზუალურად არანაირი დაზიანების ნიშნები არ ჩანს; უბრალოდ, გასაღების ღიობში ჩასხმულია სპეციალური სითხე, რასაც მოჰყვება ე.წ. „სვიჩების“ დაზიანება და აპარატურის მწყობრიდან გამოსვლა.     

აღსანიშნავია, რომ მომხდარი ვანდალობა საეჭვოდ დაემთხვა გასული 2013 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს, რომელზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, ფაქტებისა და რეალობის გათვალისწინებით,  სარჩელის, „მამია სანადირაძე “ნელგადოს“ წინააღმდეგ“ განხილვა თბილისის სასამართლოს პრეროგატივად მიიჩნია; მაშინ, როცა მოპასუხე მხარე ცდილობდა საქმის უსაშველოდ გაჭიანურებას და ლონდონის სასამართლოში გადატანას. ეს პროცესი კი „კავკასუს ონლაინის“ ფინანსური ძარცვის პარალელურად მიმდინარეობდა. 

ვის უნდა აწყობდეს კომპანიის კუთვნილი აპარატურის განზრახ დაზიანება?!

„კავკასუს ონლაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კაპანაძე ჩვენთან საუბრისას ვერ აკონკრეტებს, ვის ინტერესში უნდა იყოს  „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი აპარატურის დაზიანება. იგი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლება, რომ „კავკასუსმა“, უბრალოდ, მომხდარი ვანდალობა დააფიქსირა, დანარჩენი კი გამოძიების საქმეა.

„ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო ორგანოებს და გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს ვიტყვით,“-აღნიშნა რუსუდან კაპანაძემ.

ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი „კავკასუსის“ კონკურენტ კომპანია „სილქნეტს“, რაზეც „კავკასუს ონლაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ასევე, განმარტა, რომ გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს იტყოდა.

ვერც ის დაგვიკონკრეტა, რატომ ემთხვეოდა დროში ეს საეჭვო დაზიანებები თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს.

მომხდართან დაკავშირებით ჩვენ „კავკასუს ონლაინის“ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ზურაბ კანდელაკს ვესაუბრეთ. მანაც დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ით გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მასშტაბით „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი აპარატურის დაზიანებასთან დაკავშირებით ძალზე საეჭვოდ დაემთხვა 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ ჩატარებულ სხდომაზე გამოტანილ განაჩენს.

„მოგეხსენებათ, სასამართლოში განიხილებოდა საქმე „მამია სანადირაძე „ნელგადოს“ წინააღმდეგ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების საფუძველზე  მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საქმის შემდგომი განხილვა უნდა გაგრძელდეს საქართველოში. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო „კავკასუს ონლაინის“ აპარატურის დაზიანება, რაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ძალიან კარგად მახსოვს, 2008-2009-2010 წლები, როცა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების  მიერ, „კავკასუს ონლაინზე“ მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობდა. ვანდალიზმის ფაქტები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2008 წლის ივნისში მამია სანადირაძის „კავკასუს ონლაინმა“ შავ ზღვაში ჩადო ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი და ევროპული ინტერნეტით უზრუნველყო საქართველო. არადა, მანამდე რუსული და თურქული ინტერნეტით ვსარგებლობდით. ხელისუფლებას რამოდენიმე მიზანი ამოძრავებდა, გაკონტროლებულიყო ინტერნეტ სივრცე, დამონტაჟებულიყო მოსასმენი აპარატურა, მომხდარიყო წვდომა ოპოზიციურად განწყობილი პიროვნებების „იმაილებზე“, შეზღუდულიყო ნაციონალებისათვის მიუღებელი ინტერნეტ საიტების მუშაობა, აგრეთვე ფინანსური დაინტერესებაც არ იყო უკანასკნელი. წარმოიდგინეთ რომ ოპტიკურბოჭკოვანი კაბელებისა და აპარატურის დაზიანებასა და ზეწოლას, კოორდინაციას უწევდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახური და მაშინდელი პოლიციის წარმომადგენლები “-აცხადებს ზურაბ კანდელაკი.

მის მეხსიერებას ისიც შემორჩა, რომ, როცა მთელ უბნებს ეთიშებოდა ინტერნეტი, პოლიციის ან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები არაერთი ღამის განმავლობაში იდგნენ დაზიანებულ კვანძებთან  და „კავკასუს ონლაინის“ თანამშრომლებს არ აძლევდნენ დაზიანებული აპარატურის აღდგენის უფლებასა და საშუალებას. ამავე დროს, „კავკასუსის“ გაკოტრებით დაინტერესებული იყო ე.წ. კონკურენტი ფირმა- „სილქნეტი“, გიორგი რამიშვილის, იგივე ზარალას ხელმძღვანელობით. ვინაიდან ერთ დღეში „კავკასუს ონლაინის“ განადგურება შეუძლებელი იყო,  რადგან ვერ მოხერხდებოდა ათეულ ათასობით აბონენტის „სილქნეტზე“ გადართვა, ამიტომ ეს პროცესი ეტაპობრივად ხორციელდებოდა როგორც „ჯელინკის“ ქსელზე, რომლითაც დაფარული იყო მთელი თბილისი, აგრეთვე აპარატურის ამორთვები ქსელიდან მიმდინარეობდა დაცულ ტერიტორიებზეც, ე.წ. „ატეესებში“, ანუ სატელეფონო სადგურებში, რომლებიც „სილქნეტის“საკუთრებაში ირიცხებოდა.

ზურაბ კანდელაკმა ისიც განმარტა, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერებიც არსებობს, რომელიც გადაცემულია პროკურატურასა და შესაბამის ორგანოებში. ამ მასალის მიხედვით, ირკვევა, საღამოს საათებში როგორ თიშავდნენ „კავკასუსის“ აბონენტებს  „ატეესებში“და დილის ათ საათზე რთავდნენ ინტერნეტს. ნაციონალებს, თავის ბიზნესმენებთან ერთად  ეს სადამსჯელო მანევრი იმ პერიოდზე ჰქონდათ გათვლილი, როცა ადამიანი სამსახურიდან სახლში მიდიოდა და ახლობლებს ვერ უკავშირდებოდა, ვერც საქმის წარმოებას შეძლებდა, რადგან ინტერნეტი ზუსტად მაშინ იყო გათიშული.

„რა თქმა უნდა, ეს მომხმარებელთა აღშფოთებას იწვევდა და, პარალელურ რეჟიმში, იმ კორპუსებში, სადაც გაითიშებოდა „კავკასუსის“ ინტერნეტი, დადიოდნენ „სილქნეტის“ მობილური ჯგუფები, მოუწოდებდნენ მომხმარებლებს, გადასულიყვნენ „სილქნეტის“ ინტერნეტზე და მაშინ არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, „სილქნეტისა“ და  „კავკასუსის“ ახლანდელი მფლობელები, გიორგი რამიშვილი, ხვიჩა მაქაცარია, ლევან ყარამანიშვილი(რუსთავი 2-ის მფლობელი) მიშას „ჯიბის ბიზნესმენები“ არიან, ამიტომ ამ პრობლემას „სილქნეტს“ ვერ დავუკავშირებ. ზემოთხსენებულ პიროვნებებს დიდი ხანია ინტერნეტბაზარი გაყოფილი აქვთ და შეხმატკბილებულად მუშაობენ. რა ქმა უნდა არც ისაა მართალი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ბიზნესს ებრძვის, როგორც ეს ზოგიერთ ნაციონალს უნდა რომ წარმოადგინოს. ამიტომ მომხდარს მე მაინც ვუკავშირებ იმ საქმეს, რომელიც განიხილება სასამართლოში. თუკი მათ საერთოდ მიმართეს სამართალდაცავ ორგანოებს, ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ სურთ, სასამართლოში ნივთმტკიცების სახით წარადგინონ რუსთავი 2-ის მიერ გადაღებული „კავკასუსის“ ყუთების დაზიანების ფაქტები და განაცხადონ, რომ მარტო ძველად კი არ ხდებოდა ჩაჭრები, როცა მამია სანადირაძეს იძულებით დაათმობინეს კუთვნილი კომპანია, არამედ თურმე ახლაც ხდება დაზიანება და ამაზე მთავრობა თვალს ხუჭავს. ეს ყველაფერი სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამავე დროს ფიქრობენ, რომ საქმე შეიძლება წააგონ, ამიტომ როგორც მათ ყაჩაღურ მრწამსს შეეფერება, ცდილობენ მაქსიმალური ზიანი მიაყენონ „კავკასუს ონლაინის“ ქსელს, რომ სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, „კავკასუს ონლაინიდან“  მხოლოდ სახელიღა დარჩეს - აცხადებს „კავკასუს ონლაინის“ უსაფრთხოების სამსახურის  ყოფილი უფროსი.