სიდნი სვინი მოუთმენლად ელის

სიდნი სვინი მოუთმენლად ელის "Euphoria"-ში დაბრუნებას — "მიყვარს შეშლილი ქესი"

სიდნი სვინი მოუთმენლად ელოდება ეიფორიაში დაბრუნებას. "ძალიან მინდა ქესისთან დაბრუნება. ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟია ჩემთვის და ეიფორიას ოჯახიც ძალიან მიყვარს, ამიტომ ერთი სული მაქვს, როდის განვაახლებთ გადაღებებს," — აღნიშნა ჟურნალ People-თან საუბრისას მსახიობმა.

მსახიობის თქმით, HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის მესამე სეზონზე დამატებით დეტალებს ვერ გაამხელს, რადგან "გულწრფელად, ჯერ მანაც არაფერი არ იცის", თუმცა, თავისი ქაოსური პერსონაჟის ბნელი მხარის გამოკვლევა ძალიან მოსწონს. "მიყვარს შეშლილი ქესი, ამიტომ რაც უფრო მეტად გაგიჟდება, ჩემთვის უკეთესია" — თქვა სვინიმ ინტერვიუში.

ეიფორიას მეორე სეზონი ეკრანებზე სამი წლის წინ გამოვიდა. მეორე და მესამე სეზონებს შორის არსებულ ხანგრძლივ პაუზაზე მსახიობს აქამდეც უსაუბრია — "პირველ და მეორე სეზონებს შორისაც დიდი პერიოდი იყო გასული, თუმცა მესამე სეზონში სიუჟეტური ხტომა გვექნება დროში, ამიტომ ეს ჩემთვის ახალი პროცესი იქნება. მუშაობისას ბევრ ახალ რამეს ვსწავლობ და ღია ვარ ყველა შესაძლებლობისათვის. ქესი ძალიან მიყვარს. ამ პერსონაჟის როლი ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, ამიტომ ძალიან მინდა გავიგო, მის ცხოვრებაში რა მოხდება."

სიდნი სვინიმ ისიც თქვა, რომ ზენდაიასთან, ჯეიკობ ელორდისთან, ჰანტერ შეიფერთან და ეიფორიას სხვა მსახიობებთან მუშაობა მისთვის ყოველთვის გამორჩეულად სასიხარულო იქნება: "სწორედ ისინი ქმნიდნენ იმ გუნდს, რომელიც ჩემი კარიერის დასაწყისში ძალიან მჭირდებოდა. ჩვენ ყველას განსხვავებული ცხოვრებისეული ფონი გვქონდა, მაგრამ ეიფორიამ გაგვაერთიანა და ერთად ვისწავლეთ უამრავი რამ. ისინი იზიარებენ იმ გამოცდილებებს, რომლებსაც მეც გავდივარ. მიხარია, რომ ეს ხალხი ჩემს გვერდითაა."

ცნობისთვის, ეიფორიას მესამე სეზონის გადაღებები შემდეგი წლიდან განახლდება.