მეკვლედ მილიციაში

მეკვლედ მილიციაში

ბატონები კოტე მახარაძე და ეროსი მანჯგალაძე ერთხელ საახალწლო შეხვედრიდან შინ ბრუნდებოდნენ. ელბაქიძის დაღმართზე, სად იყო და სად არა, მათ წინ მილიციელი აღიმართა, მხედრული სალამი მისცა ყველასათვის ცნობილ მსახიობებს და სთხოვა განყოფილებაში გაჰყოლოდნენ.

გაოგნებულმა და დაბნეულმა ეროსიმ და კოტემ წესრიგის დამცველს თხოვნა (თუ ბრძანება) შეუსრულეს (ან სხვა რა გზა ჰქონდათ, თანაც მიპატიჟება ერთობ თავაზიანი ტონით იყო ნათქვამი) და სამორიგეოში გაჰყვნენ.

უნდა გენახათ მილიციის უფროსის გაოცება მსახიობების დანახვაზე.

მალე გაირკვა, რომ მას თავისი ხელქვეითის – მორიგე მილიციელისათვის ხუმრობით უთქვამს: “აბა შენ იცი, მეკვლედ კარგი ხალხი მომიყვანეო”. მასაც “ბრძანება” ხუთიანზე შეუსრულებია, უკეთეს მეკვლეს მართლაც სად იპოვიდა!