საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი ძალიან სერიოზულ შემოწმებას აპირებს, თუ ვინ როგორ გახარჯა დეკემბრის განმავლობაში საბიუჯეტო თანხები.
„ჩვენ კი არ უნდა გავღიზიანდეთ იმაზე, რატომ სვამს კითხვას ვინმე - სჭირდებოდა თუ არა თუნდაც მთავარ პროკურორს 170 ათასიანი ახალი მანქანა, საჭიროა ამაზე მკაფიო პასუხი. თუ ეს არის სპეციალური ჯავშანმანქანა, რომელიც სჭირდება მთავარ პროკურორს უსაფრთხოებისთვის, მაშინ შეიძლება კიდევ ერთი ამდენია საჭირო, რომ მართლაც უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. თუ ეს არის დამატებითი კომფორტი, მაშინ აქ სხვა ტიპის კითხვები უნდა დაისვას.
სხვათა შორის, ამ ტიპის ხარჯებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ძალიან სერიოზულ შემოწმებას აპირებს მის ხელთ არსებული ბერკეტებით იმის თაობაზე, თუ ვინ როგორ გახარჯა დეკემბრის განმავლობაში საბიუჯეტო თანხები“, - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ პარლამენტს ამის ბერკეტები აქვს.
ალბათ, არა მხოლოდ დეკემბრის, არამედ გასული თვეების ხარჯების შემოწმებაც არ იქნებოდა ურიგო, მითუმეტეს, როდესაც ჩინოვნიკების მხრიდან საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებთ კითხვები დიდი ხანია, არსებობს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ აბსოლუტურად სწორი განცხადება გაკეთდა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გადავედით საპარლამენტო მმართველობით მოდელზე. ასეთი განცხადებები დამაიმედებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლებაში ძალთა ბალანსი შეიცვალა, მაგრამ მმართველობის სტილში ეს მაინც და მაინც არ შეიმჩნეოდა. კარგია, რომ პარლამენტი კონსტიტუციით გათვალისწინებულ სტატუსს გამოიყენებს, იქნება უფრო აქტიური და უფრო პრინციპული.
საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე უნდა იყოს მაღალი, ყველა სხვა შემთხვევაში სოლიდარულად აგებს პასუხს. პარლამენტია ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკაში თამაშის წესის დამდგენი და მაკონტროლებელი. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებულ ამ ტიპის ნებისმიერ განცხადებას, რომ აკონტროლოს მის მიერ დანიშნული ხელისუფლება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
როგორც ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, ნორმალური სიტუაცია რომ იყოს, საბიუჯეტო ხარჯების კონტროლისთვის ადრე კონტროლის პალატა არსებობდა, წელიწადში ორჯერ, 6 თვის და მთელი წლის შედეგების მიხედვით სწავლობდა ყველაფერს, რაც საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან იყო დაკავშირებული.
„ახლა კონტროლის პალატა განადგურებულია და რაღაც უაზრო სამსახურია შექმნილი, რომელიც ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებს - ან ნება არ აქვს მიცემული, რომ რამე აკეთოს ან უბრალოდ აუდიტის სამსახურად გარდაქმნის შემდეგ სერიოზული შემოწმებები არც ჩაუტარებიათ - კითხვარები აქვთ და ამით დადიან ორგანიზაციებში. ეს სამსახური თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ყოველ შემთხვევაში, არ ჩანს მისი ნახელავი“, - აცხადებს გიორხელიძე.
მისივე განმარტებით, რაკი ის სამსახური პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულია, ცხადია პარლამენტს შეუძლია დაავალოს მას ამ თანხების შესწავლა.
„თანხების ხარჯვის შესწავლა აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა იყოს არა საზოგადოებრივ დონეზე ინიცირებული, არამედ ინსტიტუციონალურად, სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილი ორგანოს მიერ, რომ დასკვნებიც იყოს ოფიციალური და აღმოჩნდება, რომ უამრავი თანხა მართლაც არამიზნობრივად იხარჯება. სხვა სამსახურების მიერ შესწავლილი ბიუჯეტის ხარჯები ტოვებს არასერიოზულობის, ფრაგმენტალურ ხასიათს და საერთო სურათს ვერ დადებს. იმიტომ გაანადგურა წინა ხელისუფლებამ კონტროლის პალატა, რომ ბიუჯეტის ხარჯების გაკონტროლება არ მომხდარიყო. ახლა არ მესმის, პარლამენტი რატომ არ ააქტიურებს ამ სამსახურს, რომელსაც კანონით აქვს მინიჭებული ეს უფლება“, - აცხადებს გიორხელიძე.
დავით უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა მეცამეტე ხელფასზე, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ წამოიწყო და უმრავლესობის წევრებიც აჰყვნენ. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მათ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღეს.
„პარლამენტშიც ამ 2-3 დღის წინ სერიოზული მოძრაობა იყო. კერძოდ, ოპოზიციის მხრიდან ინიცირებული იყო და სამწუხაროდ, უმრავლესობის ცალკეული წარმომადგენლებიც თითქმის აჰყვნენ - პარლამენტის ბიუჯეტიდან დაუხარჯავი დარჩა ნახევარი მილიონ ლარამდე და ხომ არ ჯობია მეცამეტე ხელფასად გავანაწილოთ პარლამენტის წევრებზეო. ეს საკითხი მე ოფიციალურად დამისვეს, პირველ რიგში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რას კარგავდნენ, თუ ფულს დავარიგებდით, ფულს ფულად მიიღებდნენ, პიარულ დარტყმას კი ჩვენ მივიღებდით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
თავად პარლამენტის თავმჯდომარეს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა ასე არ იქცევა ხელისუფლებაში და იმ ვითარებაში, როდესაც საბიუჯეტო საკითხებში არის გარკვეული პრობლემები, ეკონომიკური ზრდის ტემპი დაგეგმილზე ნაკლები აღმოჩნდა წელს, ასეთ დროს, დამოკიდებულება, რომ ფული მაქვს და მოდი დავხარჯო, რომ ხაზინამ უკან არ წაიღოს, ეს არის მიუღებელი.
„თუ ვინმემ პასუხი უნდა აგოს რამეზე, პირველ რიგში ამაზე უნდა აგოს. ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არკვევს ამ საკითხებს, კონტროლის პალატის საქმეა და იმედია, გაარკვევს ამ ტიპის ხარჯების მიზანშეწონილობას. პარალმენტი თავის მხრიდან თავისი ბერკეტებით აუცილებლად შეისწავლის ამ თემებს. ეგრე, ავთო ბერიძე არ არის განტევების ვაცი, რომელიც კინაღამ პარტიიდან გაირიცხა „ჯიპის“ გამო. „ჯიპი“ ყველა „ჯიპია“ და ბერიძე ყველა ბერიძეა. ამიტომ, სტანდარტი უნდა გვქონდეს ერთიანად მაღალი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
თუ მართლაც მოხდება საბიუჯეტო ხარჯების შესწავლა, შესაძლოა, კიდევ მრავალი ფაქტი ამოტივტივდეს, სხვა ტექნიკასა და კომპიუტერის ჩანთებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
„კონკრეტულ ფაქტებზე ვერდიქტს ვერ გამოვიტან, შეიძლება აუცილებელი იყო და საჭირო, შეიძლება არც იყო საჭირო. ადამიანი ღრმად უნდა იყოს ჩახედული, ამაზე რომ იმსჯელოს. საპარლამენტო კონტროლმა ზუსტად ეს უნდა უზრუნველყოს - იყო ეს მიზნობრივი ხარჯები, არსებობდა ამ ხარჯების გაწევის აუცილებლობა თუ არა. თუ იყო დარღვევები, რა თქმა უნდა, შესაბამისი ღონისძიებები უნდა გატარდეს. პრევენციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს, რომ უფრო მეტად დაფიქრდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ვიდრე ასეთი ტიპის ხარჯებს გასწევენ, იმიტომ, რომ ბიუჯეტი არ არის ვიღაცის ჯიბე, ეს ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებია და მას ყაირათიანად ხარჯვა სჭირდება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ერევანში მისი ვიზიტიც გაიხსენა და განაცხადა, რომ იქ ნათხოვარი „ჯიპით“ მოუწია წასვლა.
„ამას წინათ ერევანში მომიწია გამგზავრება კოლეგასთან შესახვედრად. დავრეკე მთავრობაში და ნათხოვარი „ჯიპით“ წავედი იმიტომ, რომ ძალიან ცუდი ამინდები იყო ორი კვირის წინ. ასე რომ, კი, საჭიროა მაღალი გამავლობის მანქანები, მაგრამ არა იმისთვის, რომ ზამთარ-ზაფხულ იმითი ვიაროთ. შეიძლება იყოს სპეციალური პარკი და საჭიროების შემთხვევაში იმით ვისარგებლოთ“, - დასძინა უსუფაშვილმა.
ძალიან ხშირად საუბრობენ მაღალჩინოსნების მიერ შეძენილ ძვირადღირებულ ავტომობილებზე. ეს ის სენია, რაც ქართულ ჩინოვნიკობა შევარდნაძის დროდან მოყოლებული ახასიათებს, თუმცა, დღემდე მსგავსი ქმედებისთვის საქართველოში არავინ არ დასჯილა. თანამდებობაზე მოკალათებული ჩინოვნიკები ჩვეულებრივ ამბად თვლიან საბიუჯეტო თანხების საკუთარი სურვილისამებრ გამოყენებას.
„ეს ელემენტარული პროვინციალიზმია, სიხარბე და სხვანაირად რომ ვთქვა, არალექსიკური ნორმების ფარგლებში, ეს არის ქაჯობა. ამას სხვა სახელს ვერ დაარქმევ - მიასკდა თანამდებობაზე და როგორც კი მიასკდა ეგრევე მოუნდა ფუფუნება და ამ დაქცეულ ქვეყანაში თავისი ცხოვრების საბოლოოდ მოწყობა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
დამთავრდება თუ არა ქაჯობის ხანა საქართველოში მალე ვნახავთ, მას შემდეგ, რაც საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივი ხარჯვისთვის რომელიმე ჩინოვნიკის დასჯის პრეცედენტს ვიხილავთ.
„ამისთვის ყველაფერი არსებობს ქვეყანაში, რომ ინსტიტუტებმა თავისი ფუნქციები შეასრულოს. ამიტომ არის სისტემური კრიზისი საქართველოში, რომ არც-ერთი ინსტიტუტი თავის საქმეს არ აკეთებს. რაკი პარლამენტს ახლა გაზრდილი უფლებები აქვს, შეუძლია დაალაგოს ეს, თუ ეყოფა პოლიტიკური ნება და შორსმჭვრეტელობა, რომ დღევანდელი გადასახედიდან აწყობენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლის გარეშეც ყველაფერი ისევ იმ მდგომარეობაში დარჩება, რა მდგომარეობაშიც იყო“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.