მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ოჯახი, მოდა — კაილი ჯენერის ინტერვიუ Vogue-თან

მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ოჯახი, მოდა — კაილი ჯენერის ინტერვიუ Vogue-თან

კარდაშიანების კლანის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, კაილი ჯენერმა, ბრიტანულ ვოგთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მოდაზე, საკუთარ შვილებზე, ბავშვობიდან ობიექტივში მოხვედრასა და პოსტ-სამშობიარო დეპრესიაზე გულწრფელად ისაუბრა.

კაილი ჯენერი ოჯახიდან პირველია, რომელიც ბრიტანული ვოგის გარეკანზე მოხვდა, თანაც, ყველაზე მნიშვნელოვან, სექტემბრის თვის ნომერში. მოდის ინდუსტრიის ეს მნიშვნელოვანი პატივი წილად მის სუპერმოდელ დას, კენდალ ჯენერსაც არ შეხვედრია წილად.

რეალითი შოუ Keeping Up With The Kardashians კარდაშიანების ოჯახის პოპულარობის გამომწვევი მიზეზი გახდა, რომლის გადაღების დაწყებისასაც კაილი ჯენერი სულ რაღაც 9 წლის იყო. "მახსოვს მომენტი, როცა შოუს გადაღება დავიწყეთ. დედაჩემი სასტუმრო ოთახში შემოვიდა და შოუს სახელი გაგვიმხილა. მახსოვს, მე და კენდალმა ვიკითხეთ, ეს ყველაფერი ზედმეტი ხომ არ იქნებოდა, რაზეც დედამ გვიპასუხა "ბევრს ვიბრძვი, რომ ჩვენი გვარი შოუს სახელში იყოს ნახსენები, რადგან ჩვენი სხვა ოჯახით შეცვლა ვერ მოახერხონ." არც კი მახსოვს დრო კამერებისა და განათების გარეშე" — მოუყვა 27 წლის ჯენერმა ვოგს.

კაილის რეპერ ტრევის სკოტთან ორი შვილი, 6 წლის სტორმი და 2 წლის ეარი ჰყავს. "ვფიქრობ, ადრეული 20-იანი წლებიდან მოყოლებული დედის რეჟიმში ვცხოვრობ, ამიტომ მას შემდეგ, რაც მეორე შვილი მეყოლა, ჩემი თავს მეტ ყურადღებას ვუთმობ. ახლა უფრო შემიპყრო მოდამ და მოდის კვირეულებმა, და ამით ძალიან ვერთობი. ყოველთვის, როცა პარიზში ჩავდივარ, რაღაც ახალი თავისით ხდება, მიყვარს მისი სწრაფი ტემპი, იქ სულ სხვა სამყაროა."

ინფლუენსერმა მშობიარობის შემდგომი დეპრესიაზეც ისაუბრა — "19 წლის ვიყავი, როცა დავფეხმძიმდი, პირველი შვილი 20 წლისას შემეძინა. სიგიჟე იყო. სტორმის გაჩენის შემდეგ ერთწლიანი დეპრესია მქონდა, ეარის შემდეგაც დაახლოებით იმავე დროის განმავლობაში ვიყავი ცუდად. მალე 27 წლის ვხდები და ახლაღა ვიწყებ ჩემს ძველ თავთან დაბრუნებას. ფეხმძიმობის პერიოდში მხოლოდ სპორტულები მეცვა და ჩემს ცხოვრებაზე ფიქრის დროც კი არ მქონდა. მშობიარობის შემდგომი დეპრესია მენტალურად და ჰორმონალურად ძალიან რთულია."

"ორივე დეპრესია განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ეარზე მშობიარობის შემდეგ ძალიან სევდიანი ვიყავი, ყველაფერზე ძალიან ემოციურად ვრეაგირებდი. მთელი დღის განმავლობაში ვესაუბრებოდი დედაჩემს ტელეფონზე და ისტერიულად ვტიროდი, რადგან შვილს სახელს ვერ ვუფიქრებდი. ახლა ყველა მეგობარს ვურჩევ, რომ შვილებს სახელები მშობიარობამდე შეურჩიონ, რადგან შემდეგ ჰორმონები გადაწყვეტილების მიღებაში ხელს შეუშლიან. როცა ჩემი შვილი პირველად დავინახე, ჩემთვის ყველაზე ლამაზი არსება იყო და მისი სრულყოფილების დაჯერება მიჭირდა. თავს ყველაზე წარუმატებლად ვგრძნობდი, რადგან მას სახელს ვერ ვარქმევდი. ის ამაზე მეტს იმსახურებდა, რამაც საშინლად მაგრძნობინა თავი," — კენერმა თავის მეორე შვილს სახელი ერთი წლის შემდეგ შეუცვალა. 2 წლის ბიჭს თავდაპირველად ნაითი ერქვა.

"დედობა ჩემთვის ყველაფერია. სტორმი დაგეგმილი არ ყოფილა, ეს თავისთავად მოხდა და ვგრძნობდი, რომ მინდოდა მისი გაჩენა. შვილები ძალიან მინდოდა. რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს ცხოვრებაში, როგორ გამოვიყურები ამა თუ იმ დღეს ან რას წერენ ჩემზე ინტერნეტში, სახლში მოვდივარ და იქ ჩემი შვილები მხვდებიან, რომელთაც უპირობოდ ვუყვარვარ. ისინი ჩემით შეპყრობილები არიან და ამან მასწავლა, როგორ უნდა გავიარო ცხოვრების გზა უფრო მარტივად. ვფიქრობ ხოლმე, რომ სახლში ეს პატარა ადამიანები მელოდებიან, რომელთაც ვჭირდები და ვუყვარვარ და ფიქრობენ, რომ სამყაროში ყველაზე იდეალური ადამიანი ვარ, ამიტომ სხვებისგან ეს ვალიდაცია აღარ მჭირდება."