თოვლის ბაბუა თუ... ძუნწი?

თოვლის ბაბუა თუ... ძუნწი?

რატომ ჰგონიათ, რომ წინასაახალწლო სამზადისი მხოლოდ ქალებს უნდა აფიქრებდეთ, მამაკაცი კი ამ ყველაფრისგან ძალიან შორს არის?!

მამაკაცებს ძალიანაც უყვართ ახალი წელი. უყვართ ის აურზაურიც, რომელიც ამ დღესასწაულს უკავშირდება. მოსწონთ ნაძვის ხე და სიამოვნებით წავლენ მის საყიდლად. მორთვაშიც სიხარულით მიიღებენ მონაწილეობას. რატომაც არა, ეს ხომ მათი დღესასწაულიც არის და უარს ნამდვილად არ იტყოდნენ, თუნდაც ერთი ღამით რომ დაბრუნებულიყვნენ ბავშვობაში... მაგრამ მამაკაცს აქვს შინაგანი პროტესტის გრძნობა – რატომ უნდა დაიხარჯოს ამ ერთი დღისთვის მთელ თვეზე განსაზღვრული თანხა? რატომ უნდა შეგვაწუხოს მერე სინდისმა ქარს გატანებული ფულის გამო?

ერთი სიტყვით, თან უნდა, თან არ უნდა. იმისთვის, რომ მამაკაცი თოვლის ბაბუად აქციოთ, ნიადაგი წინასწარ უნდა მოამზადოთ.

უნდა დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ საახალწლოდ დაწყებული ფასდაკლებები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, თუნდაც გარდერობის გასაახლებლად.

წაიწუწუნეთ, რომ გენანებათ ფული ნაძვის ხის სათამაშოებზე. მაშინ მამაკაცი, პირიქით, დაიწყებს თქვენს დამშვიდებას და მზრუნველობასაც გამოიჩენს. შეიძლება, სასწაული მოხდეს და საყიდლებზეც ხალისით წამოგყვეთ.

იძულებით ყველაფერს გააფუჭებთ. მამაკაცს არ უყვარს, როცა რაღაც მის გარეშე ხდება, ამიტომ ყველაფერში მიაღებინეთ მონაწილეობა – საახალწლო მენიუს შერჩევაშიც. აიყოლიეთ ის, თქვენ ეს გამოგივათ. ისე უნებლიეთ გადაიქცევა კეთილ თოვლის ბაბუად, რომ თვითონაც ვერ მიხვდება.