ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, ჩვენ უამრავი უდავოდ კარგი ამბავი შევიტყვეთ. ბევრი მონაცემი მომწმობს იმას, რომ აშშ-ის ეკონომიკა მდგრადობას იბრუნებს. ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები (თუნდაც არა საუკეთესო), ხოლო ეკონომიკური განვითარების ტემპები, რომელიც მშპ-ს მაჩვენებლებით იზომება, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზეა, და წელიწადში 4,1%-ს შეადგენს.
პოლიტიკურ ფრონტზე, კონგრესმა, სამი წლის განმავლობაში პირველად დაამტკიცა ბიუჯეტი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონის ცუდი გუნება-განწყობა არ დაარღვევს იმ მყიფე წონასწორობას, რომელიც დღეს არსებობს.
და მიუხედავად ამისა, ჩვენ ძველებურად ვცხოვრობთ მუდმივი შფოთის ატმოსფეროში. ეს სვეტი წელიწადზე მეტია რაც მიმყავს, და ამ ხნის განმავლობაში ხშირად ვწერ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ოდნავ მაინც სიტუაციის გაუმჯობესება. ეს მკვეთრად განსხვავდება იმ განცხადებიბისაგან, რომელსაც ხშირად ვისმენთ, მაგალითად ისეთისგან, როგორიცაა ის, რომ ჩვენ საშიშ გზას ვადგავართ, რომელიც ნგრევამდე მიგვიყვანს. მაგრამ მკითხველების კომენტარებში ყველაზე მეტად მაშფოთებს ის, რომ ისინი წერენ არა იმაზე, ანალიზი სწორია თუ მცდარი, ჭკვიანური თუ გულუბრყვილო, არამედ მაოცებს ის, რომ ოდნავი მინიშნებაც კი ოპტიმიზმზე ადამიანების უმეტესობას უკიდურესად აღიზიანებს.
რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ ჩემი ოპტიმიზმი მცდარია. შეიძლება, შეერთებული შტატები პირდაპირ საიქიოსკენ მიექანება, რომ ევროპაში პატარა შესვენებაა ევროკავშირის მორიგ დაშლამდე, რომ სინძო აბეს მთავრობის მიერ დაწესებული დაბალი თამასა იაპონურ კრედიტებზე, გამოუვალი უძრაობით დასრულდება, რომელშიც ქვეყანა 20 წელია ცხოვრობს, და რომ განვითარებადი ეკონომიკების (ბრაზილიიდან მექსიკამდე და ინდოეთიდან ჩინეთამდე) შესანიშნავი ისტორია სულაც არ დასრულდება შესანიშნავად, რომ განვითარებული სამყაროს წარმატებები სინამდვილეში პატარა უმცირესობას აძლევს ხელს, კერძოდ მდიდრებს და უზრუნველყოფილ საშუალო კლასს პრივილეგირებული ურბანული რაიონებიდან, ასევე მათ, ვისაც კავშირი აქვს ფინანსურ ბაზრებთან და მსოფლიო ვაჭრობასთან.
მაგრამ ჩემი მცდარი შეხედულებებით ვერ აიხსნება ის რისხვა და ბრაზი, რასაც ჩემი სვეტები იწვევს, და რომელიც მკითხველების წერილებსა და ელექტრონულ კომენტარებში ჩნდება. მეოტეოროლოგები და სპორტის კომენტატორები ძალიან ხშირად ცდებიან პროგნოზებში, მაგრამ მათი მცდარი წინასწრამეტყველება მხოლოდ უმნიშვნელო დაცინვის საგანი ხდება ხოლმე, და არასდროს - რისხვის და ბრაზის.
მართლაც, ონლაინ-კომენტარების სამყაროში ნეგატივი ჭარბობს, განსაკუთრებით ეკონომიკის და პოლიტიკის სფეროში. ადამიანები ხშირად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, როდესაც რაღაცას არ ეთანხმებიან ან აღშფოთებული არიან, ვიდრე იმ დროს, როდესაც რამე მოსწონთ. გაღიზიანება - მწვავე გრძნობაა, რომელიც მოქმედების პროვოცირებას ახდენს. თანხმობა, სრული და აქტიური თანხმობაც კი, ხშირად პასიური რეაქციაა.
მაგრამ რატომ იწვევს ოპტიმიზმი დღევანდელი სამყაროს მიმართ ასეთ მტრულ განწყობას? ალბათ, იმიტომ რომ ის ბევრი ადამიანის შეხედულებებს ეწინააღმდეგება. დადებით შეხედულებას აწმყოზე ის ადამიანები, რომლებსაც ნეგატიური გამოცდილება აქვთ, შეურაცხყოფად აღიქვამენ. საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად კი ამერიკაში ასეთი ადამიანები უმრავლესობას წარმოადგენენ. ერთ-ერთი ასეთი გამოკითხვის მიხედვით, ყველა დროში ამერიკელების მაქსიმალურ რაოდენობას - 66%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის. დანარჩენი კვლევები ფაქტობრივად იგივეს ადასტურებს. ორი წლის წინ უარესი მაჩვენებლები იყო. ბოლო წლებში, ამერიკელები მომავალთან დაკავშირებით ბევრად უფრო ნაკლებად პოზიტიურად არიან განწყობილნი, ვიდრე ნებისმიერ პერიოდში 1970-იანი წლებიდან.
საინტერესოა, რომ ამ კვლევების თანახმად, შავკანიანები და ლათინოამერიკელები აშშ-იში გაცილებით პოზიტიურად არიან განწყობილი მომავალთან დაკავშირებით, ვიდრე თეთრკანიანები. შესაძლოა, ეს იმის შედეგია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში თეთრკანიანთა შემოსავლები შემცირდა და მათი მდგომარეობა გაუარესდა. მათთან შედარებით ლათინოამერიკელების მატერიალური მდგომარეობა და განათლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მაგრამ ჩემს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ანალიზზე ონლაინ-რეაქციის გაყოფა რასობრივი და სქესობრივი ნიშნით რთულია.
პრობლემა ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომ აღარაფრი ვთქვათ შვიდ მილიარდიან მსოფლიოზე, ნებისმიერი განცხადება ეკონომიკურ ან სოციალურ ტენდენციებზე შეიძლება განსხვავდებოდეს ძალიან ბევრი ადამიანის რეალური განცდებისა და გამოცდილებისაგან. ჩვენი ეკონომიკური სისტემის ცვალებად მექანიზმებს შეიძლება ჰქონდეს თავისი დადებითი მხარეები, მაგრამ ნებისმიერი ცვლილების დროს ყოველთვის ჩნდებიან გამარჯვებულები, დამარცხებულები და ისინი, რომლებიც ასე თუ ისე დაზარალდნენ. ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეიძლება ადამიანთა ერთი ჯგუფის პრობლემების გათანაბრება მეორე ჯგუფის კეთილდღეობასთან, შეიძლება აღქმული იყოს, იმ უპატივცემულობად და გულგრილობადაც კი იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ბევრ ადამიანს აქვს.
მაგრამ მუდმივად იმაზე ფიქრი, რაც არ მუშაობს და უშედეგოა, პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ყველა საზოგადოებას უნდა შეეძლოს ერთგვარი ბალანსის პოვნა რეალური ხარვეზების აღკვეთასა და რეალური უპირატესობების შექმნას შორის. შეერთებული შტატები განსაკუთრებულად მიდრეკილია მკვეთრი უკიდურესობებისაკენ ზედმეტი თვითგანდიდებიდან („შეუცვლელი ერი“, „ყველაზე თავისუფალი ქვეყანა დედამიწაზე“) მკვეთრ თვითკრიტიკამდე. როგორც ჩანს, ჩვენ ვართ გარდამავალ ეტაპზე წარმოების ეკონომიკიდან იდეების ეკონომიკამდე, რომელშიც მილიონები მოძებნიან ახალ შესაძლებლობებს და გზებს, მილიონები კი დაიტანჯებიან. ჩვენ შეგვიძლია შესანიშნავი განათლება მივცეთ მილიონებს, მილიონებმა კი შეიძლება საერთოდ ვერ მიიღონ განათლება. ჩვენ ვხედავთ, როგორ წარმატებებს აღწევს ურბანული ცენტრები, მაშინ როდესაც პროვინციები სულ უფრო იხრებიან უზარმაზარი ვალების და საცხოვრებელზე გაზრდილი ფასების მძიმე ტვირთის ქვეშ.
თეორეტიკოსმა ფიზიკოსმა დევიდ დოიჩმა შესანიშნავად დაწერა ამის შესახებ თავის წიგნში The Beginning of Infinity: Explanations That Transform the World („უსასრულობის დასაწყისი: განმარტებები, რომელიც მსოფლიოს შეცვლის“). მისი თქმით, ოპტიმიზმი არ არის კარგი მომავლის და პოზიტიური შედეგის გარანტი. ოპტიმიზმი - უბრალოდ რწმენაა იმისა, რომ კაცობრიობის მიერ დღეისათვის მიღწეული პროგრესი არის პროდუქტი იმისა, რომ ჩვენ კოლექტიურად ვაცნობიერებთ მიმდინარე პროცესებს და პრობლემების გადაჭრის გამომუშავების უნარი გაგვაჩნია. ხოლო იმის რწმენა, რომ აწმყო - ცუდი მომავლის პრელუდიაა, ასეთ კოლექტიურ უნარს გამორიცხავს. დიახ, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ჩვენ რიგის ბოლოს ვდგავართ; მაგრამ თუკი ბრაზით უარვყოფთ ოპტიმისტურ არგუმენტებს, ამით კიდევ უფრო დავაჩქარებთ საკუთარ მარცხს. რატომ მივისწრაფვით კონსტრუქციული გარდაქმნებისაკენ, თუკი ასეთი გარდაქმნების შესაძლებლობას კატეგორიულად გამოვრიცხავთ? მხოლოდ ერთი ქმედითი ალტერნატივა რჩება: წინსვლის გზების წარმოსახვა. ჩვენ შეიძლება წინ ვერ წავიდეთ, მაგრამ გზების ძიება - მნიშვნელოვანი შემადგენელია ისეთი მომავლის შენების საქმეში, რომელზეც ვოცნებობთ, და არა ისეთის, რომლისაც გვეშინია.
foreignpress.ge