ჯენა ორტეგა ჟურნალ Vanity Fair-თან უახლეს ინტერვიუში ჰოლივუდსა და პოლიტიკაზე საუბრობს. ამერიკელი მსახიობი აღნიშნავს, რომ პოლიტკორექტულობის მოთხოვნილება მათ "გულწრფელობას" აკარგვინებს.
"ჩვენი საქმიანობის სფერო მეტისმეტად მგრძნობიარეა", — ამბობს ორტეგა, — "ყველას უნდა, პოლიტკორექტული იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, ამის მცდელობაში ჩვენ ადამიანობასა და გულწრფელობას ვკარგავთ, რადგან ეს თვალთმაქცობაა. ვისურვებდი, უფრო მეტად შეგვეძლოს საუბარი. აი, ყველას რომ შეეძლოს თქვას, რასაც ფიქრობს, ამის გამო არ განსჯიდნენ და ნაცვლად დავისა, ეს დისკუსიის საფუძველი ხდებოდეს. საყოველთაო მშვიდობაზე ვლაპარაკობ, არა?".
მსახიობმა გასულ წელს თავისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, Scream-ის კინოფრენჩაიზი, მას შემდეგ დატოვა, რაც ფილმში მონაწილე მელისა ბარერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დაითხოვეს. წასვლის მიზეზად ორტეგამ მაშინ გადატვირთული გრაფიკი დაასახელა.
რაც შეეხება ბარერას, მან ისრაელი-ჰამასის მიმდინარე ომზე რამდენიმე განცხადება გააკეთა. მექსიკელი მსახიობი ერთ-ერთი გაზიარებული პოსტით ისრაელს "გენოციდსა და ეთნოწმენდაში" ადანაშაულებდა, მეორე პოსტში კი ნათქვამი იყო, რომ "ჰოლოკოსტს ისრაელის სამხედრო ძალების მხარდასაჭერად ამახინჯებენ".
ბარერას პროექტიდან დათხოვნის შემდეგ, Scream-ის საპროდიუსერო კომპანიამ განაცხადა, რომ "ნულოვანი ტოლერანტობა აქვთ ანტისემიტიზმისა და სიძულვილის ნებისმიერი ფორმით გაღვივებისადმი, მათ შორის, გენოციდზე, ეთნოწმენდაზე და ჰოლოკოსტის დამახინჯებაზე მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიმართ".
ორტეგასა და ბარერას წასვლის შემდეგ კი, Scream-ის ფრენჩაიზს ნევ კემპბელი დაუბრუნდა. Scream 7-ის გადაღებები ამ წლის მიწურულს დაიწყება, თუმცა, ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.