ინგლისელი მსახიობი ქეით უინსლეტი ბრიტანულ Harper's BAZAAR-თან ინტერვიუში თავის ახალ ფილმზე, ბიოგრაფიულ დრამა Lee-ზე საუბრობს, რომელიც ომის რეპორტიორ ლი მილერის ცხოვრებაზე გვიყვება. ფილმის პრემიერა ტორონტოს შარშანდელ კინოფესტივალზე შედგა, მაყურებელი კი მას სექტემბრიდან იხილავს.
უინსლეტი, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, ინტერვიუში იხსენებს, როგორ უპასუხა თავის გარეგნობასთან დაკავშირებულ შენიშვნას გადაღებებზე.
"ერთი სცენაა, სადაც ბიკინიში გამოწყობილი ლი სკამზე ჯდება", — ჰყვება ოსკაროსანი მსახიობი, — "ამ დროს გადამღები გუნდის ერთი წევრი მოვიდა და მითხრა, იქნებ წელში უფრო გასწორდეთო. რომ მუცელზე ჩემი ნაკეცები არ დაინახოთ-მეთქი? ვკითხე. არავითარ შემთხვევაში. ასეც უნდა იყოს-მეთქი".
უინსლეტს ინტერვიუში ასევე ჰკითხეს, ღელავს ხოლმე თუ არა იმაზე, რომ ეკრანზე შეიძლება "საუკეთესო ფორმაში" არ გამოჩნდეს.
"პირიქით", — ამბობს ქეითი, — "ამით ვამაყობ, რადგან ჩემი ცხოვრება ჩემს სახეზე აისახა და ეს მნიშვნელოვანი ამბავია. სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს დასამალია. მგონი, ხალხი საკმარისად ჭკვიანი უნდა იყოს იმისთვის, რომ არ გითხრან, იქნებ ნაოჭებს რამე მოუხერხოო. წლიდან წლამდე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს საკუთარ კანში. ასე ვახერხებ, მეორე ყურიდან გამოვუშვა სხვების აზრი".
კინოვარსკვლავი, რომელიც, ამავდროულად, ფილმის პროდიუსერიც იყო, პროექტის კაც დამფინანსებლებთან უსიამოვნო ურთიერთობასაც იხსენებს.
"კაცები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მათი დახმარება გინდა და გჭირდება, წარმოუდგენლად აუტანლები არიან", — აღნიშნავს უინსლეტი, — "ერთმა რეჟისორმა ისიც მითხრა, ჩემს ფილმში გამოჩნდი და შენს პატარა პროექტს დავაფინანსებო. პატარასო! პოტენციურ კაც ინვესტორებთან შეხვედრაზე ასეთი რაღაცებიც მსმენია: მითხარით, რატომ უნდა მომეწონოს ეს ქალიო?".