კურსკის ოლქში შექმნილი ვითარების ფონზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აიცილონ ბირთვული ინციდენტი.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აკვირდება ვითარებას კურსკის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.
„მინდა მივმართო ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ ბირთვული ინციდენტი, რომელმაც სერიოზული რადიოლოგიური შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. მე პირადად კონტაქტზე ვარ ორივე ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან და გავაგრძელებ ამ საკითხის მონიტორინგს“, - დასძინა მან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.