”წარმოგიდგენიათ, რა ძნელია, როდესაც 50 წლის კაცი თავდახრილი დგას და პურს გთხოვს? ”

”წარმოგიდგენიათ, რა ძნელია, როდესაც 50 წლის კაცი თავდახრილი დგას და პურს გთხოვს? ”

[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]

მარიკა მიქაძე 7 წელია მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს. ამბობს, რომ წელს ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, თუმცა ჩვენთან საუბარი სხვა თემაზე სურს. 

”ბოლო ორი წელია, სულ უფრო ხშირად მოდიან ადამიანები და მათთვის ერთი პურის ჩუქებას გვთხოვენ. მსგავი თხოვნით ძირითადად შუახნის და ასაკოვანი ხალხი მოდის. ასეთ დროს ხედავ, რომ შენ წინ მშიერი ადამიანია. წარმოგიდგენიათ რა ძნელია, როდესაც 50 წლის კაცი თავდახრილი დგას და პურს გთხოვს?” – ამბობს მიქაძე. 

რუსთავში და ალბათ, არა მხოლოდ რუსთავში, დღეს უკვე ხშირად, შეხვდებით, სანაგვე ურნაში საკვების მაძიებელ ადამიანებს. ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე სასტუმრო ,,რუსთავის” გვერდით მდგარ სანაგვე ურნასთან ყოველდღე მიდის. ჩვენ მას შორიდან ვუყურებთ. ურნიდან პლასტმასის ბოთლებს, მარგარინის (”რამას”) ყუთს და კარტოფილის ნათალებს იღებს. 

”ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც მინიმალური სასურსათო დახმარების, ე.წ უფასო სადილის პროგრამის მიმართ არსებობს. აღნიშნული პროგრამა ქალაქის ბიუჯეტით მოქალაქეების უფასო სადილით უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე 1 500 ბენეფიციარი გვყავს. პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმები სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო პროგრამის სარეიტინგო ქულებს ეყრდნობა. პროგრამა, სამწუხაროდ,  ყველა მსურველს ვერ გაწვდება, ამიტომ უფასო სადილოს მიმღებთა სიაში ხვდებიან, ისინი, ვისაც სხვებზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ“ – საუბრობს რუსთავის მერის მოადგილე, შორენა გარდაფხაძე. 

უფასო სასადილოს პროგრამის ბიუჯეტი 800 000 ლარია. მიუხედავდ იმისა, რომ რუსთავის მერიაში ხედავენ, რაოდენ დიდია მოქალაქეთა ინტერესი დიდია ამ პროგრამის მიმართ - დაფინანსება არსებითად არ იზრდება. ამის პარალელურად კი თვითმმართველობა საკუთარი ავტოპარკის განახლებას იწყებს. ასევე - შტატიანი კადრების გარდა აყავს ანაზღაურებადი უშტატო თანამშრომლები. თავად ქალაქის მერის მოადგილეს - გარდაფხაძეს კი, მერიის შესასვლელში განცხადება აქვს გაკრული. 

განცხადებით ვიგებთ, რომ აღნიშნული საჯარო მოხელე მოქალაქეებს ყოველ ხუთშაბათს 12-დან 2-საათამდე იღებს. კვირაში 2 საათი, რამდენადაა საკმარისი მოქალაქეებთან ურთიერთობისთვის, რთული სათქმელია.    

”ამათ ერთი სული აქვთ ყავის დასალევად წაიხვეტონ. ახლა მეუბნებიან თათბირზე არიანო ყველანი გასული. დილის თერთმეტის ნახევარია. მერე, ერთ საათში მოვლენ და იტყვიან ახლა პირველიდან შესვენება გვაქვსო და გაიქცევიან”  - ამბობენ რუსთავის სოციალური სამსახურის დაკეტილ კართან მდგომი მოქალაქეები. ჩვენ თათბირის საკითხი გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ სამსახურის უფროსები მართლაც ხვდებოდნენ მერის მოადგილეს, თუმცა საკითხავი ისაა შეხვედრისთვის, სოციალური სამსახურის ყველა თანამშრომლის ”წახვეტა” რა საჭირო იყო. 

უფასო სასადილოს პროგრამის გარდა რუსთავის მერია სხვა სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის აქვს ტრანსპორტით მგზავრობის და კომუნალური გადასახედების შეღავათები.  თუმცა თვითმმართველობის მუშაობის მიმართ მოსახლეობა მაინც კრიტიკულადაა განწყობილი. 

”მესმის, რომ ყველა აქ მოსულ გაჭირვებულს ვერ დაეხმარებიან, მაგრამ იმას რა უნდა, რომ უხეშობის გარეშე გასცე ადამიანს პასუხი?! მშიერ და გაყინული სახლიდან გამოსულ მოქალაქეს კიდევ შენი უტაქტო პასუხი უნდა?! არასოდეს მითხოვია რამე ვინმესთვის, მაგრამ ახლა ძალიან მიჭირს. ზაფხულში მზესუმზირას ვყიდდი და პურის ფულს ვაკეთებდი. ამ სიცივეში კი ნამდვილად ვერ დავჯდები“ – ამბობს რუსთაველი მარინა პეტრიაშვილი. როგორც საუბრის ბოლოს გავიგეთ, მასაც უფასო სასადილოს პროგრამაში სურს მოხვედრა: ”მეზობელს აქვს მაგათი ტალონი და ამიხსნა, რომ მერიაში უნდა მოვსულიყავი. ვერ გავიგე, მეკუთვნის თუ არა ეს ტალონი მეც? ” 

გივი ბარბაქაძე, რუსთვის მცხოვრები:  ”ქალაქის ბიუჯეტი თავისი საკუთრება გონიათ. ჩუმად არიან მიქუჩულები თავისთვის. რას წერენ, რაზე რა თანხას ანაწილებენ - არავინ ვიცით. მაშინ, როდესაც ნახევარი ქალაქი მშიერია, პრემიებს არ იკლებენ. ხალხს საქმეში არ ახედებენ. ალბათ გონიათ, რომ მაგათ გარდა არავინ არაფერი ვიცით. მე არც ერთ საკრებულოს არ დავსწრებივარ. ან რა ვიცი, როდის იმართება საკრებულო?! ვინ გვაგებინებს ჩვენ მაგას?! ”  

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის იანვრის მონაცემებით, ქვემო ქართლის რეგიონიდან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ მოქალაქეთა  რიცხვი  170 000-ს აღწევს.