ქარდი ბიმ ოფსეტთან განქორწინების პროცესი კიდევ ერთხელ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.
რეპერი წყვილი 2017 წელს დაქორწინდა. ქორწინებაში მათ ორი შვილი, კულტური და ვეივი შეეძინათ. პირველად, 31 წლის რეპერმა განქორწინებაზე საბუთები 2020 წელს შეიტანა, თუმცა მოგვიანებით განქორწინების პროცესი შეაჩერა და ქმართან ერთად ცხოვრება გააგრძელა.
წყვილთან დაახლოებულმა პირმა გამოცემას გაანდო, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ქარდი და ოფსეტი ახლოს აღარ არიან, სწორედ ამიტომ მიიღეს განქორწინების გადაწყვეტილება. ქარდის განქორწინების დროს ბავშვებზე პირველხარისხოვანი მეურვეობის მიღება სურს, რაც ნიშნავს, რომ ისინი დედასთან იცხოვრებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ განქორწინებასთან ერთად, ქარდიმ საზოგადოებას მისი მესამე ორსულობის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გაუმხილა.
„ყველა დასასრულს ახალი დასაწყისი მოჰყვება! უდიდესი სიყვარული, ბედნიერება და განახლებული ძალები მომანიჭე“, - ამ ფრაზით გამოაქვეყნა რეპერმა პოსტი „ინსტაგრამის“ გვერდზე.