ივლისში ემინემმა ახალი კონცეპტუალური ალბომი, The Death of Slim Shady (Coup de Grâce) გამოუშვა, რომელშიც ემინემის ნამდვილი პერსონა, მარშალ მაზერსი მის ალტერ ეგოს, სლიმ შეიდის ებრძვის და ამარცხებს.
სლიმ შეიდი ემინემმა კარიერის ადრეულ ფაზაში, 90-იანებში შექმნა და სწორედ მას მიეწერება რეპერის შემოქმედების ყველაზე შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული ტექსტების გაჟღერება.
ახალ ალბომში მარშალ მაზერსი სლიმ შეიდის საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების მიზანში ამოღებაში, ბავშვურობასა და ყურადღების მისაქცევად გამომწვევი აზრების დაფიქსირებაში სდებს ბრალს.
Complex-ისთვის გადაღებულ ახალ ვიდეოში ემინემის ორი პერსონა ერთმანეთს ესაუბრება და ეჯიბრება. სლიმ შეიდი მარშალს ეუბნება რომ დაბერდა, "მოლბა" და ვეღარ ბედავს გაბედულად გარეპოს, რადგან "დაქენსელების" ეშინია.
"შენ არ ხარ ტეილორ სვიფტი. შენი ერთადერთი ერა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, მე მეკუთვნის," — ეუბნება სლიმ შეიდი მაზერსს და გულისხმობს სვიფტის ერას ტურის პერიოდს, რომელმაც რეკორდები მოხსნა და ისტორიაში ყველაზე წარმატებული კონცერტების სერია გახდა. ამ სიტყვებით რეპერმა ტეილორ სვიფტისა და მისი კარიერისადმი პატივისცემა გამოხატა.
AI-ს მიერ ვიზუალიზირებულ სლიმ შეიდის ემინემის 51 წლის ვერსია ეუბნება, რომ სლიმ შეიდი გამოიგონა, რადგან მისი ცხოვრება ქაოტური იყო, კარიერა — შეუმდგარი. თუმცა, სლიმ შეიდიმ და მისმა ტოქსიკურმა ენერგიამ მისი ცხოვრება უკეთესობის ნაცვლად უარესობისკენ შეცვალა, სწორედ მის გამო დასჭირდა თერაპია და იბრძოლა ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან თავის დაღწევას.
საბოლოოდ, ორივე რეპერი თანხმდება, რომ მათ ერთად შექმნეს ემინემი და ის მათ შორის საუკეთესოა.