პარლამენტმა ნინია კაკაბაძეს ნდობა არ გამოუცხადა

პარლამენტმა ნინია კაკაბაძეს ნდობა არ გამოუცხადა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო სამი წევრით დაკომპლექტდა, ექვსი წევრის ადგილი კი ვაკანტური დარჩა. პოლიტიკური კონსულტაციების მიუხედავად, უმრავლესობამ მხოლოდ ნათელა სახოკიას კანდიდატურა შეარჩია, რომელიც ბორდის წევრად 83 მომხრე ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

სახოკიას გარდა, ბორდის წევრი 82 ხმით 17-ის წინააღმდეგ, ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი მარინა მუსხელიშვილი გახდა, რომლის არჩევის პარალელურად, პარლამენტმა უჩა ნანუაშვილს ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურა „ჩაუგდო“, რის გამოც, for.ge-ს ინფორმაციით, რესპუბლიკელები უკმაყოფილოები დარჩნენ და არ არის გამორიცხული, ამ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის სხდომაზეც გაიმართოს.

ბორდი-ს წევრობისთვის ყველაზე მეტი ხმა, უმცირესობის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ქეთევან მსხილაძემ მიიღო, რომელიც საბჭოს წევრად 99 ხმით შეირჩა, მაგრამ მისი კანდიდატურის „გასვლის“ პარალელურად, ნაციონალებს ნინია კაკაბაძის კანდიდატურა „ჩაუვარდათ“, რის გამოც, მათ პროტესტი გამოთქვეს.

უმცირესობა თვლის, რომ ნინია კაკაბაძის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თაობაზე ცნობილია, მაგრამ მისი კანდიდატურის „დაბლოკვა“ დაკავშირებულია იმასთან, რომ პრინციპულ მომენტებში, მან ხალხს თავი დაამახსოვა.

for.ge-სთან საუბარში სერგო რატიანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ან არ სურდა ბორდი დაეკომპლექტებინა და საბჭო არ იყოს ქმედუნარიანი, ან უბრალოდ, მმართველი ძალა უუნაროა.

„როგორც ჩანს, ამ ძალისთვის გადაწყვეტილების მიღება სერიოზული პრობლემაა. უმცირესობამ ქეთევან მსხილაძის კანდიდატურა შეარჩია, როგორც პროფესიონალი კადრი, მაგრამ საკონკურსო კომისიამ რიგი ადამიანები უსაფუძვლოდ „დაბლოკა“ და ისინი კენჭისყრაზე, გარკვეული ნიშნით არ გაუშვეს. მართალი გითხრათ, კაკაბაძის კანდიდატურის „დაბლოკვა“ გაუგებარია, მაგრამ პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, რომ მან პრინციპულ მომენტებში ხალხს თავი დაამახსოვა. მათ შორის, მას ჩვენც არაერთხელ გავუკრიტიკებივართ“, - აცხადებს რატიანი, რომელმაც ხმა გაფრინდაშვილსა და გენადი გელაძესაც მისცა, რომელიც ბორდის წევრობის კანდიდატად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ წარადგინა, მაგრამ პარლამეტში მისი კანდიდატურაც „ჩავარდა“.

კენჭისყრაზე ნინია კაკაბაძის კანდიდატურის „ჩაგდებას“ ვარაუდობდა პავლე კუბლაშვილიც, რომლის განმარტებითაც, კაკაბაძის კანდიდატურის შერჩევა მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე მოხდა.

„მისი საქმიანობა იმის საშუალებას გვაძლევდა, რომ ეს არჩევანი გაგვეკეთებინა. სხვა რამდენიმე კანდიდატურაზეც იყო საუბარი, მაგრამ ვინაიდან, კონკურსის შესარჩევი ტური ძალიან ბუნდოვანი იყო და ძალიან ბევრი ადამიანი გარეთ დარჩა, ნინია კაკაბაძის კანდიდატურა შევარჩიეთ“, - განუცხადა for.ge-ს კუბლაშვილმა, რომელიც ჩვენს კითხვაზე - „იმის გამო, რომ ირაკლი კაკაბაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ხშირად თავს ესხმის და პარტიის ლიდერებს უხამსს სიტყვებს უწოდებს, უხერხულობას ხომ არ ქმნის, მათ მიერ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის წარდგენა?“, პასუხობს, რომ „ორივე და-ძმას დიდი ხანია იცნობს და მათზე ჩამოყალიბებული აზრი აქვს“.

ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის „ჩაგდებას“ გაუმართლებლად მიიჩნევს ჩიორა თაქთაქიშვილიც, რომელიც თვლის, რომ საბჭოში კაკაბაძის ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

„ნინია კაკაბაძის ბორდში ყოფნა სასიცოხლოდ აუცილებელია, რომ ამ ორგანიზაციამ კანონით აუცილებელი ფუნქცია შეასრულოს და მან გამოხატოს არა მხოლოდ უმრავლესობის აზრი, არამედ იმ უმცირესობისაც, რომელიც საზოგადოებაში არ არის ყველაზე მეტად მისაღები“, - განუცხადა for.ge-ს თაქთაქიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის „ჩაგდებას“ გაუმართლებლად მიიჩნევს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელიც, რომელიც უკმაყოფილებას იმის გამოც გამოთქვამს, რომ ნაციონალებმა ნათელა სახოკიას კანდიდატურას არ დაუჭირეს მხარი, განსხვავებით უმრავლესობისგან, რომელთაც ნდობა მსხილაძეს გამოუცხადეს.

„ნათელა სახოკიას ხმა მხოლოდ მაჭავარიანმა მისცა. სახოკია ღირსეული კანდიდატია და უმცირესობა ასე არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ ეს მათი გზის გაგრძელებაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში ხიდაშელი, რომელიც საია-ს განცხადებასაც ეხმაურება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებდა, პოლიტიკურ ძალებს მეურვეობის კანდიდატთა წარდგენისთვის კანონით გათვალისწინებული პროცედურა დაეცვათ და კანდიდატები კანონით გამოყოფილი კვოტების შესაბამისი ოდენობით წარედგინათ.

კერძოდ, ორგანიზაციის განმარტებით, ის სუბიექტები, რომლებმაც პარლამენტს ასარჩევად უნდა წარუდგინონ სამი კანდიდატი, მაგრამ წარადგენენ მხოლოდ ერთს ან ორს, კანონის მოთხოვნებს არღვევენ.

„აღნიშნული წესის დაუცველობა წინააღმდეგობაში მოდის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების მთავარ პრინციპს არღვევს - მეურვეობის კანდიდატთა წარდგენაზე უფლებამოსილი სუბიექტების არჩევანის შეზღუდვა ხდება საზოგადოებრივი კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებით“, - აცხადებს საია, რომელსაც ხიდაშელი პასუხობს და ამბობს, რომ კანონში არსად არ წერია, რომ პირველივე ტურში იმდენივე კანდიდატი უნდა იყოს დასახელებული, რამდენიც სავალდებულოა.

კანონმდებელი საია-ს მოუწოდებს საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანს და კანონს ნუ განმარტავს არასწორად.

თინა ხიდაშელის მსგავსად, საია-ს გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე, რომლის განცხადებით, თუკი შესაბამისი სუბიექტების მიერ კვოტები სრულად ათვისებული არ არის და ადგილი რჩება ვაკანტური, ასეთ შემთხვევაში პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს.

„მსგავსი მიდგომით მიიღება შედეგი, როცა საკითხი ჩიხში იქნება“, - დასძინა სპიკერმა, რომლის ბრძანებულების საფუძელზეც, მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ 27 კანდიდატი შეარჩია, რომელთაგან 10 დღის ვადაში, საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ექვსი წევრის შერჩევა მოუწევს. ბორდის ვაკანტურ ადგილებს კი პარლამენტი იანვარში, რიგგარეშე ფორმატში შეავსებს.

თუ ვინ გახდება ბორდის წევრი, ეს ცნობილი იანვარში იქნება, მაგრამ საკითხი პოლიტიკური „ვაჭრობის“ საგანი სავარაუდოდ, ისევ გახდება, რადგან საბჭოში ორი კანდიდატურის წარდგენა უმრავლესობას მოუწევს, ერთი წევრის ომბუდსმენს, ერთი წევრის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, პრობლემას კი ის ორი კვოტა ქმნის, რომელიც კანონის მიხედვით, უმრავლესობის გარეთ მყოფმა დეპუტატებმა უნდა შეარჩიონ. პარლამენტის რეალობაში კი, უმრავლესობის გარეთ 51 ნაციონალია, ხოლო 13 უმცირესობიდან წასული დეპუტატი, რომელთაც კობა დავითაშვილიც ემატება. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება მათ ნაციონალებთან ერთად მოუწევთ.