როგორც ჩანს, პოპმუსიკის დივა, ლედი გაგა მართლა ქორწინდება.
მომღერალი ამჟამად პარიზის ოლიმპიადაზე იმყოფება, რომლის გახსნის ცერემონიაზე თავად შეასრულა მუსიკალური ნომერი. შაბათ-კვირის განმავლობაში სხვადასხვა შეჯიბრზე ის არაერთხელ დააფიქსირეს.
კვირას ინტერნეტსივრცე საფრანგეთის პრემიერ მინისტრის, გაბრიელ ატალის ტიკტოკზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე ალაპარაკდა, რომლის აღწერაშიც პრემიერი ლედი გაგას ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე შესრულებული საოცარი მუსიკალური ნომრისთვის მადლობას უხდის. თუმცა, ვიდეოს პოპულარობის მიზეზი ეს არ ყოფილა.
ვიდეოში, რომელიც ოლიმპიურ აუზზეა გადაღებული, ლედი გაგა გაბრიელ ატალს ეხუტება, შემდეგ კი მაიკლ პოლანსკის, ანტრეპრენერსა და ტექნოლოგიურ ინვესტორს უბრუნდება და პრემიერს თავის საქმროდ აცნობს. გაგა და პოლანსკი ერთად 2019 ან 2020 წლიდან არიან.
როგორც ირკვევა, პოლანსკი Parker Foundation-ის, ფილანტროპული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც სოციალურ პროგრამებს, სამედიცინო კვლევებს, ჯანდაცვას და ხელოვნებას აფინანსებს. ის ასევე სან-ფრანცისკოში მდებარე სიმსივნის იმუნოთერაპიის შემსწავლელი ინსტიტუტის საბჭოს წევრია.