ბათუმი რეპერ ჯაჰ ხალიბის მოლოდინშია

ბათუმი რეპერ ჯაჰ ხალიბის მოლოდინშია

მომღერალი, რომელიც საკუთარ თავს მომთაბარეს უწოდებს და მიეშურება იქ, სადაც მეტი მზეა, 10 აგვისტოს საქართველოს ეწვევა. ჯაჰ ხალიბი, იგივე ბახტიარ მამედოვი, აზერბაიჯანული ფესვების მქონე ყაზახი რეპერი, თავის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს ქართველი მსმენელის წინაშე, რომელთა შორისაც ფანები საკმაოდ ჰყავს.

ლეილა, მედინა, თუ ჩე ბახი, დოჩა, შემოდგომა, ვეძებდი და ვიპოვე, ანგელოზის თანავარსკვლავედი, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ჰიტების, რაც ჯაჰ ხალიბის ავტორობით შეიქმნა. ძველ ჰიტებს ახალი ნამუშევრებიც დაემატება და რომანტიკული ბალადები დაიპყრობს ბათუმის ზეცას. ჯაჰ ხალიბის სცენაზე გასვლამდე კი ქართველი და ყაზახი დიჯეები დაუკრავენ.

ჯაჰ ხალიბი საქართველოს Kobeoff-ის თანაორგანიზებით ეწვევა და კონცერტს ბათუმში სექტორი 26-ის ყოფილ ტერიტორიაზე 10-12 ათასი მსმენელის წინაშე გამართავს. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და 90 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს.

ჯაჰ ხალიბს იოლი გზა არ გაუვლია. ბავშვობიდან რეპით გატაცებული მომღერალი, ერთი პერიოდი, უკრაინაშიც ცხოვრობდა, სანამ რუსული პოლიტიკის გამო კიევის ერთ-ერთ თავშესაფარში არ აღმოჩნდა. მანამდე კი მოასწრო მოსკოვში ცხოვრება, სადაც იყო შემოქმედებითი პაუზა, რასაც იმით ხსნის, რომ მოსკოვში მზე არ ანათებდა. მოსკოვის დატოვებამ და უკრაინაში გადასვლამ მისთვის გაამართლა, რადგან უკრაინაში მზის ფაქტორით მომღერალს შემოქმედებითი აღმავლობა დაეწყო. სოციალურმა ქსელებმა კი მისი პოპულარობა განაპირობა, სადაც მისი ტრეკები ვრცელდებოდა.

ბათუმში დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორებმა არჩევანი ჯაჰ ხალიბზე იმიტომ შეაჩერეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არტისტი რუსულ ენაზე მღერის, იგი ემიჯნება რუსეთის პოლიტიკას და არც ერთი კონცერტი არ ჩაუტარებია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამითაც აიხსნება, რომ ჯერ კიდევ შარშან ჯაჰ ხალიბის კონცერტი კიშინიოვში მხოლოდ იმის გამო გადაიდო, რომ რეპერმა უკრაინაში ძალადობის მსხვერპლთ მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჯაჰ ხალიბი ბახტიარ მამედოვის სცენური ფსევდონიმია. რეპერის თქმით, ხალიბი გამოგონილი სახელია, ჯა კი ღმერთის სახელია იმ რელიგიურ მიმდინარეობაში, რომელიც რასტაფარიანიზმის სახელითაა ცნობილი. ეთიოპიაში გაჩენილი ამ ახალი და უცნაური რელიგიის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ყველა ადამიანი დედამიწაზე დედმამიშვილია, ამიტომ ყველას სიყვარულია საჭირო. ამ მიმდინარეობაში აკრძალულია ძალადობა, ტყუილი, ღალატი, მკვლელობა, ძარცვა და შური. ისინი უარს ამბობენ ე.წ. ბაბილონურ, ანუ ცოდვილ ცხოვრებაზე.

კონცერტის ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ბათუმში ჯაჰ ხალიბის გამოსვლა ნამდვილი მოვლენა იქნება თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში, ვინაიდან ეს იქნება ატმოსფერული და სულიერი კონცერტი.

მსმენელს საინტერესო თავგადასავალი ელის იმ სულისშემძვრელი და ფეთქებადი ჰიტების სახით, რომელსაც ხალიბი ასრულებს, - აცხადებს KobeOff-ის ორგანიზატორი.

ცნობისთვის, KobeOff-ის გარდა, პროექტის თანაორგანიზატორები არიან: „რენტო ჯგუფი“, რომელიც არტისტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ასევე, სასტუმრო შერატონი; სასტუმრო ჰილტონი; პრომო ეჯენსი, კომპანია „რექოვერი.