ადამიანები მარსს 2030 წელს ესტუმრებიან

ადამიანები მარსს 2030 წელს ესტუმრებიან

ამერიკის კოსმოსური სააგენტო „ნასა“ ადამიანთა მიერ სხვა პლანეტების კოლონიზაციის შესაძლებლობას სწავლობს. აქცენტი ძირითადად მარსზე კეთდება. ამბიციური პროექტის სახელწოდებაა – „ასწლიანი ვარსკვლავური ხომალდი“.

„ნასას“ კვლევითი ცენტრის დირექტორი პიტ უორდენი აცხადებს, რომ მისმა დაწესებულებამ ამ პროექტისთვის დაახლოებით 1,6 მილიონი დოლარი მიიღო. მკვლევართა ჯგუფისთვის კი, დამატებით 100 ათასი დოლარი გამოიყო.

„ვიმედოვნებთ, ამ პროექტით დავაინტერესოთ რამდენიმე მილიარდერი, რათა შევქმნათ ფონდი“, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა პიტ უორდენმა კონფერენციაზე სან-ფრანცისკოში, – „თავდაპირველად, მისიამ მარსის თანამგზავრი უნდა მოინახულოს, საიდანაც სწავლულები, ტელერობოტების საშუალებით, პლანეტის ინტენსიურ კვლევას შეძლებენ.

ადამიანები მარსის თანამგზავრზე მისვლას 2030 წლისთვის შეძლებენ. ეს პროექტი შეიძლება 10 მილიარდ დოლარად განხორციელდეს.

მანძილი მარსიდან დედამიწამდე, იმისდა მიხედვით, თუ რა მდებარეობა უკავია მას ორბიტაზე, 55,75 მილიონი კილომეტრიდან 401 მილიონ კილომეტრამდეა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბირთვული საწვავით რაკეტას ამ მანძილის დაფარვა ოთხ თვეში შეუძლია.

მარსზე წყლის მარაგის აღმოჩენის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე მზის სისტემის სხვა პლანეტებზე. მაგრამ, კლიმატური პირობები იქ ძალზე მკაცრია. ჰაერის ტემპერატურამ პლანეტის ეკვატორზე შუადღისას პლუს 30 გრადუსს შეიძლება მიაღწიოს, მაგრამ შუაღამისას ის მინუს 80 გრადუსამდე ეცემა, პოლუსებთან ახლოს კი – მინუს 123 გრადუსამდე.

მარსის ატმოსფერო გაიშვიათებულია და ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებისთვის აუცილებელი იქნება ჟანგბადის მარაგი. ამიტომ უორდენი მიიჩნევს, რომ მარსზე ადამიანის გაგზავნამდე მეცნიერებმა აქტიურად უნდა იმუშაონ სინთეტიკურ ბიოლოგიაზე, ასევე ადამიანის გენომის გაუმჯობესებაზე.