მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეპერის, თუფაქ ამარუ შაკურის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ირკვევა. დუეინ დეივისმა, თუფაქის მკვლელობაში მსჯავრდებულმა პირმა, ლას-ვეგასის პოლიციასთან საუბრისას განაცხადა, რომ დანაშაულში Puff Daddy-დ ცნობილი შონ "დიდი" ქომბსიც იღებდა მონაწილეობას.
დუეინ დეივისმა სასამართლოს ღირებული ინფორმაციის განდობა შესთავაზა გირაოს დაწესების სანაცვლოდ. საქმესთან დაკავშირებული ექსკლუზიური დეტალების გამხელისათვის დეივისს $112,500-ის ღირებულების გირაო დაუწესეს, თუმცა ჯერ ცნობილი არაა, მოსამართლე ამ პირობებს დათანხმდება თუ არა.
პროკურორების თქმით, შონ ქომბსი სტუდია Bad Boy-ის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც ძალადობრივი დაპირისპირება ჰქონდა Death Row-სთან, ლოს-ანჯელესში მდებარე სტუდიასთან, სადაც თუფაქი მუსიკას წერდა. დაპირისპირებამ იმდენად დაძაბული სახე მიიღო, რომ Bad Boy-ს არტისტები დასავლეთ სანაპიროზე ყოფნისას South Side Crips-ის სახელით ცნობილი ბანდის წევრების მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
როგორც დეივისის ჩვენებიდან ირკვევა, ქომბსს არაერთხელ უთქვამს, რომ შუგ ნაითის, Death Row-ს თანადამფუძნებლის "მოსაკლავად ყველაფერს გაიმეტებდა". აღსანიშნავია, რომ თუფაქის მკვლელობის მომენტში მასთან ერთად მანქანაში სწორედ ნაითი იჯდა.
დუეინ დეივისის ჩვენებაში ნათქვამია, რომ შონ ქომბსმა დაახლოებულ პირს, ერიკ ფონ მარტინს $1.000.000 შესთავაზა შუგისა და თუფაქის მკვლელობის სანაცვლოდ. ამასთან ერთად, დაპირდა, რომ მათ მძღოლთან, ტერენს ბრაუნთან, თავად მოაგვარებდა საქმეს. დეივისმა ისიც დაამატა, რომ ფონ მარტინი "მოულოდნელად გამდიდრდა".