„წამებულნი და დამცირებულნი“

„წამებულნი და დამცირებულნი“

ნაციონალებმა ჰიჩკოკისეული სცენარის წარმოსახვა დაიწყეს - მათ ციხეებიდან იტაცებენ, „აკაჩავებენ“ და უსამართლოდ დევნიან. ყოფილ პროკურორს დავით საყვარელიძეს რომ ვუსმინოთ, საქართველოში 1937 წელია, ხოლო დიმიტრი შაშკინს თუ დავესესხებით, დემოკრატიის ბოლო ბასტიონი დაეცა გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ.

ნაციონალების „წამება და დამცირება“ მონაგონია იმ მართლაც წამებასა და ღირსების შელახვასთან მიმართებით, რაც მათი მმართველობის დროს ხდებოდა - პოლიციის კიბეებიდან „გადაფრენა“ და ტრავმებით გამოწვეული სიკვდილი, ქუჩიდან ხალხის გატაცება და გაქრობა, ციხეებში პატიმრების წამება და მორგში „გამოსაწრთობად“ გასეირნება, რომ არაფერი ვთქვათ ე.წ. ცოცხების სკანდალზე. ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის თანმდევი მოვლენა იყო. და ამ ყველაფრის შემდეგ, საზოგადოებაში უკვე ცინიზმამდე დასულმა შეფასებებმა დაისადგურა: „თურმე ღამე ბოროტებმა კეთილი ვანო ციხიდან გაიტაცეს და მთავარ პროკურორთან მიიყვანეს. მთავარმა პროკურორმა კი კეთილი ვანო აკაჩავა და უკან ციხეში დააბრუნა“.

უფრო კონკრეტულად, ვანო მერაბიშვილი საკუთარი „გატაცების“ ფაქტს ასე იხსენებს: „პარასკევს გვიან ღამით, ანუ უკვე შაბათს, დაახლოებით ღამის ორ საათზე მე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვევს მანქანაში, თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს, ჩემი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იქ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. რაც მთავარია, იქ იყო მთავარი პროკურორი. მთავარმა პროკურორმა მე წამომიყენა ულტიმატუმი და განაცხადა, რომ, თუ არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გახსნაში და არ მივაწვდი სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მე გამიუარესდება პირობები ციხეში. იმ შემთხვევაში, თუ დავეხმარები, მისი თქმით, მე მომეცემა შესაძლებლობა, ის ფული, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვიშოვე, საზღვარგარეთ გავიტანო“, - იხსენებს ვანო მერაბიშვილი „მძიმე კაცთან“ სტუმრობის წუთებს და, რაც ყველაზე მთავარია, გაოცებულია, რადგან მსგავსი რამ არც კი უნახავს და არც ახსენდება, მომხდარიყო ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი, რომ ოპოზიცის ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს მთავარი პროკურორი, უშუალოდ, ასე ვთქვათ, „აკაჩავებდა“.

ამ თემას გაგრძელებაც აქვს. თურმე მთავარმა პროკურორმა კარგად იცოდა, რომ მერაბიშვილს ფიზიკური მდგომარეობის კუთხით პრობლემები ჰქონდა. ამიტომ ჩათვალეს, რომ ის უკვე არის იმ კონდიციაში, რომ გატეხონ. ამის შემდეგ შეიქმნებოდა ემოციური გონი, რაც ნებისმიერი საქმის წარმოებას შესაძლებელს გახდიდა, ახალ წლამდე ბრალს სააკაშვილსაც წაუყენებდნენ, პოლიტიკური ველი მოცარიელდებოდა და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურდებოდა. თუმცა უტეხი ვანო „მტკიცედ დგა“ და არ გატყდა...

რაც შეეხება გატაცებას, ვანო მერაბიშვილის მეხსიერებას, ალბათ, აღარ შემორჩა გატაცების უამრავი ფაქტი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი სანდრო გირგვლიანის ვერცხლისფერი „მერსედეს-ბენცით“ გატაცება მრავალჯერადი დაზიანებით, წამებითა და სიკვდილით დასრულდა. მეორე დილას გირგვლიანის ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი ოქროყანაში სასაფლაოს მახლობლად იპოვეს და სულაც არ უკავშირდებოდა ეს ტრაგედია ხელისუფლების მიერ შეთხზულ ვერსიას, გირგვლიანი ბუჩქებმა დაკაწრაო. სამაგიეროდ, გირგვლიანის მკვლელებს, სანამ მათ პრეზიდენტი სააკაშვილი დიდსულოვნად შეიწყალებდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ სულში ჩახედვის დროც არ დაუტოვა. მათ ციხეშივე შეუქმნეს კომფორტული პირობები, შეჰქონდათ სასმელი და იქ გამართული იყო ღრეობა, გამოჰყავდათ ციხიდან და გარეთაც გრძელდებოდა ღრეობა.

ნაციონალურ საგმირო ეპოსში მრავლად შეხვდებით ასეთ ფაქტებს. განსაკუთრებით, დაუცველნი პატიმრები იყვნენ.

„ჩემს წამებაში უშუალოდ გიგა ბოკერია და ვალერი გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ და ამ საქმის გამოძიებას მოვითხოვ“, - აცხადებს ციხეში ელექტროშოკითა და სიგარეტის ნამწვავებით ნაწამები კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი. როგორც ის იხსენებს, დაპატიმრებამდე არაერთგზის გამოვიდა საჯაროდ და ამხილა ხელისუფლებაში მოკალათებული გუნდი, რომელიც დიქტატისა და ადამიანის დასათრგუნად ემზადებოდა.

„მაგათი მოგონილია ღამე საკნიდან ხალხის გაყვანა. ათიდან რვა შემთხვევაში, უკან აღარ შეჰყავდათ, კლავდნენ ეს არამზადები და ახლა აღარ ახსოვთ, ხომ?! უკუნეთ სიბნელეში ვიყავი. ახლა კიდევ ვანო მერაბიშვილმა გააპროტესტა, ტელევიზორი არ მაქვსო“, - აცხადებს სულხან მოლაშვილი და იხსენებს, რომ თვით ნაციონალთა დიდმა მეგობარმა, მათიას იორშმაც (რომელიც ყველა არჩევნებს დემოკრატიულად ნათლავდა), ციხეში მისი მონახულებისას ვერ დაფარა, რაც იქ ხდებოდა და სტრასბურგშიც განაცხადა: პირობები, რომელშიც სულხან მოლაშვილი ჰყავთ, წამებასთან არის გათანაბრებული და ევროპაში ნებისმიერი ღორი უკეთეს პირობებში იმყოფებაო.

სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა 2011 წლის 17 სექტემბერს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 24 სექტემბერს კი ოჯახს შეატყობინეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ამ ვერსიის არავის სჯეროდა. მომხრადრზე გამოძიება ფორმალურად ჩატარდა და გამოძიებას „დადგენილი“ ჰქონდა, რომ დაზიანებები, რომლებიც თეთრაძეს აღენიშნებოდა, თურმე გაურკვეველ ვითარებაში დაკავებამდე მიიღო. სინამდვლეში, პატიმრობის შეფარდებიდან მეორე დღეს თეთრაძე საპატიმროდან უკანონოდ გაიყვანეს ამ საპატიმროს მაშინდელი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის (მეტსახელად „ქილერა“) მანქანით და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის შენობაში მიიყვანეს. მოწმეთა ჩვენებებით, რამდენიმე საათის შემდეგ საპატიმროში დაბრუნებულ თეთრაძეს აშკარად ეტყობოდა ძალადობის, ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რის გამოც სიარულიც უჭირდა. პროკურატურის ხელახალი გამოძიებით, აღიარებითი ჩვენების მიზნით იგი სასტიკად აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც სერგო თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა გულსისხლძარღვთა მწვავე უკამრისობით.

გამოძიებით დადგინდა, რომ ანალოგიური მოპყრობის მსხვერპლი იყო ამავე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მეორე პირი, რომელმაც არ აღიარა დანაშაული და ახლა პოლიტპატიმრადაა ცნობილი. ისიც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ასევე სასტიკად აწამეს მეგის ქარდავამ და სამხედრო პოლიციის სხვა თანამშრომლებმა. მას კისერზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა, იძულებით დააჩოქეს და ასეთ მდგომარეობაში აიძულებდნენ ევლო ხელებზე დაყრდნობით დაბმულ მდგომარეობაში, როგორც ოთახში, ასევე, დეპარტამენტის დერეფანში.

ასევე, გახმაურებული იყო შსს-ს ხაშურის რაიონული სამმართველოში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტი. ნაციონალების დროინდელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე თურმე ცემა-წამების კვალი არ აღენიშნებოდა, ხოლო გარდაცვალება კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებულმა ტრავმებმა გამოიწვია. ერთ-ერთი პოლიციელი იმასაც ირწმუნებიდა, ქურდობის ფაქტზე დაკითხვიდან გასული ქიმერიძე მოაჯირიდან ვარდებოდა, ხელის წავლება ვცადე, ვერ მოვასწარი და ქიმერიძე პირველი სართულის იატაკზე დაახლოებით 17:30 საათზე დაეცაო. რაც ყველაზე უცნაურია, ქიმერიძის გადმოვარდნის ფაქტი ვერ დააფიქსირა ხაშურის პოლიციაში დამონტაჟებულმა ვიდეო კამერებმა. პოლიციის განცხადებით, ვიდეოკამერა არ მუშაობდა.

პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ვახტანგ მაისაია, რომელიც ჯაშუშობისათვის იხდიდა სასჯელს, ისხენებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნამდვილი ჯოჯოხეთი, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნა გამოიარა და ცოცხალ სასაკლაოს გადაურჩა. მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების სასტიკი მეთოდები გამოიყენეს. კერძოდ, დახვრეტისა და პოლიეთილენის პარკით მოხრჩობის იმიტაცია, კარცერში მოთავსება თუ ფიზიკური შეურაცხყოფა. 2010 წელს ე.წ. „ქილერას“ მითითებით იგი სასტიკად სცემეს და თავის უმძიმესი ტრავმით ოთხი დღით კარცერში არაადამიანურ პირობებში გამოკეტეს. იგი აცხადებს, რომ მე-8 დაწესებულების რეჟიმის უფროსის ვიქტორ ყაჭეიშვილის ბრძანებით აწამეს და მესაკნეებს განცხადება დააწერინეს, ვითომც ვახტანგ მაისაიამ თვითდაზიანება მიიყენა.

„მე შემიძლია დავასახელო ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ. პირველ რიგში, ეს არის ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი, გიორგი მაზმიშვილი, მისი მოადგილე ოთარ ორჯონიკიძე. უშუალოდ ოპერატიულად ჩემზე იყო მომაგრებული ზვიად ჯაოშვილი, ლადო დათაშვილი, ლადო სუმბაძე, ალექსანდრე მეძმარიაშვილი, გია ბაბუციძე და კონტრდაზვერვის კიდევ რამდენიმე ათეული თანამშრომელი. სახელმწიფო, რომელიც აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანება მისი სტრატეგიული კურსია და აკავებს ნატოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით ადამიანს, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ბევრ კითხვას. ვანო მერაბიშვილი კი არის ერთი უბრალო მკვლელი და ჯალათი, ნაძირალა ჩეკისტი, რომელიც სუკის დამსმენების ოჯახიდან იღებს სათავეს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და დასძენს, რომ კონტრდაზვერვა მისგან ჩვენების მიცემას ოპოზიციის ლიდერების, ექსპერტების, დიპლომატების და საკუთარი თანაგუნდლების წინააღმდეგაც კი ითხოვდა.

წამებით მოკლული როინ შავაძის საქმე მეორე გირგვლიანის საქმედ შეფასდა, ოღონდ გაცილებით მეტი ცინიზმით და ის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაიგზავნა. შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც დაინტერესდა. 2008 წლის 16 აგვისტოს ბათუმში, აგვისტოს საომარი მოქმედებებიდან ორი დღის დაბრუნებული, სენაკის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი, როინ შავაძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჯერ ტყეში აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. იმავე დღიდან საზოგადოებაში შავაძის მოღალატეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. საქმე დღემდე გაუხსნელია. როგორც შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იუწყებოდა, დაკავებული თბილისში გადმოჰყავდათ, რა დროსაც მან წინააღმდეგობა გაუწია კუდ-ის სპეცრაზმელებს, ბადრაგს იარაღი წაართვა, გაისროლა და გაქცევა სცადა, ამიტომაც როინ შავაძე ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. თუმცა ძალოვნებს მხედველობიდან გამორჩათ ის გარემოება, რომ გარდაცვლილს 22 ტყვია გულ-მკერდის არეში ჰქონდა ნასროლი, გაქცეულს კი წინიდან არ ესვრიან. ასევე, თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული, ხელის თითები, ცხვირი და ნიკაპი გატეხილი ჰქონდა და გაუგონარი სისასტიკით იყო ნაწამები. მზვერავის ასეთი ფორმით ლიკვიდაციამ საზოგადოებაში გაამყარა ეჭვი, რომ როინ შავაძე ისეთ მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა, რისი გახმაურებაც მაღალჩინოსნებს ხელს არ აძლევდათ და ამიტომაც მოიშორეს თავიდან „საშიში მოწმე“.

„ღამე დაკითხვა, ღამე გასამართლება ჩვეულებრივი მოვლენა იყო მათ დროს. ადამიანები, ჩემი ჩათვლით, სიკვდილამდე მიჰყავდათ. საკაცით მიმიტანეს და დეკემბრის თვეში სამი საათი ასფალტზე ვიყავი დაგდებული. ეს რა იყო? ღამის 2 საათზე შემოდიოდა სპეცრაზმი, არ ერიდებოდნენ ასაკს, ჯანმრთელობას და ხელკეტებით კლავდნენ ხალხს ცემაში“, -  აღნიშნავს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავა, რომელიც მიიჩნევს, რომ ნაციონალების ციხეში იმიტომ მოხვდა, რომ არასდროს ყოფილა ადვილად სამართავი ადამიანი. იგი 2003 წლის დეკებერში „თანამდებობის გადამეტებისთვის“ დააკავეს. უდანაშაულობის დამტკიცებას კი სტრასბურგიდან ელის.

მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ გამოდიან 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სატანკო ბატალიონში მომხდარ ე.წ სამხედრო ამბოხის ორგანიზების ბრალდებით გასამართლებული კობა ოთანაძე, ლევან ამირიძე და კობა კობალაძე. ისინი აცხადებენ, რომ სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს გია კრიალაშვილი. ხოლო მუხროვანის ინციდენტის დროს დაკავებულებს სასტიკად აწამებდნენ. კერძოდ, იმის გამო, რომ კობა ოთანაძემ უარი თქვა აღიარებითი ტექსტის წაკითხვაზე, მას გამოაძრეს სხეულზე შეერთებული წვეთოვანები და მძიმედ დაჭრილი გადააგდეს ძირს, რა დროსაც გაეხსნა ჭრილობები და დაეწყო სისხლდენა. ამის შემდეგ ოთანაძეს სიკვდილით დაემუქრნენ და უცხადებდნენ, საზოგადოებამ მაინც იცის, რომ ცხრა ტყვია გაქვს მოხვედრილი და შენი გარდაცვალების ფაქტი საეჭვო აღარ გახდებაო.

პატიმარი კახა ბარათაშვილ მორგში ჩაიყვანეს და აწამეს მხოლოდ იმიტომ, რომ თირკმლის შეტევის გამო ექიმის დახმარება მოითხოვა. მთელი ღამე გაკოჭილი ჰყავდათ. სცემდნენ, თან ვედროებით წყალს ასხამდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. წამებაში მონაწილე თანამშრომელთა შორის განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ავსაჯანიშვილი გამოირჩეოდა.

სულ ახლახანს, ბაჩო ახალაიას დაუსჯელობით სასოწარკვეთილმა ყოფილმა პატიმარმა, ლევან ცინდელიანმა თვითმკვლელობა სცადა. გადარჩენის შემდეგ კი ციხეში ყოფნის პერიოდი გაიხსენა, თუ როგორ აწამებდა მას პირადად ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და მერაბ ჭარბაძე. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მათგანია, ვინც სააკაშვილმა შეიწყალა და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ცინდელიანთან ამ პირების დაპირისპირებას ე.წ. ციხის ბუნტს მოჰყვა. პატიმარს მაღალჩინოსნები წამებით აიძულებდნენ ყალბი ჩვენება მიეცა, თითქოს, ციხეში ბუნტი მართლაც მოხდა, რაზეც მან უარი განაცხადა. თუმცა წამებისა და არაადამიანურ გარემოში ყოფნის შედეგად მძიმედ დაავადდა და რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. ცინდელიანი კიდევ ერთ ფაქტს იხსენებს, როცა ახალაიამ მის თვალწინ მომაკვდავი დედის უკანასკნელი წერილი ისე დახია, რომ მისი წაკითხვის უფლებაც არ მისცა. „სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება ბაჩო ახალაიას ცინიზმი და სისასტიკე“.

ეს ნაწამებ პატიმართა მცირეოდენი ჩამონათვალია. აღნიშნული და კიდევ უამრავი, მათ შორის, პატიმრების გაუპატიურების საქმეები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშსა და ჟურნალისტური გამოძიების თვალსაწიერში ხვდებოდა. ყოველივე ამის ფონზე კი საკითხავია, რას ეფუძნება ნაციონალების ვაჭრობა საკუთარი ბედით, პოლიტპატიმრებად საკუთარი თავის წარმოჩენა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის თვალის ახვევა?!