უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი-ს წევრებზე ვერ თანხმდება

უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი-ს წევრებზე ვერ თანხმდება

პარლამენტი ხვალ დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს დაამტკიცებს. თუ ვინ გახდება ბორდი-ს წევრი, ამის თაობაზე პოლიტიკური კონსულტაციები საკანონმდებლო ორგანოში მთელი დღეა მიმდინარეობს და for.ge-ს სავარაუდო კანდიდატების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

საკანონმდებლო ორგანოს ხვალ, ბორდი-ს ცხრა წევრის დამტკიცება მოუწევს, რომელთა შორის, „მაუწყებლის შესახებ“ კანონით, პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე არანაკლებ სამი კანდიდატი წარედგინება. წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს უმრავლესობა აირჩევს, ხოლო მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ამასთან, კანონის გათვალისწინებით, სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დანარჩენ ორ კანდიდატს კი, სახალხო დამცველი ირჩევს.

კანონის გათვალისწინებით, მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ საკანონმდებლო ორგანოს 27 კანდიდატი უკვე წარუდგინა, თუმცა, რაოდენობის მიუხედავად, უმრავლესობაში კანდიდატებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან და for.ge-ის ინფორმაციით, მათ სავარაუდო კანდიდატებად ნათელა სახოკია, ზვიად კირტავა, იზაბელა ოსიპოვა და ნინო ლომჯარია განიხილებიან.

წყაროს ცნობით, ბორდი-ს წევრობის კანდიდატად ნინო ლომჯარია სახალხო დამცველს უნდა წარედგინა, რომელსაც გადაწყვეტილება შეუცვლია და უჩა ნანუაშვილის ფავორიტებად - ლელა გაფრინდაშვილი და მარინა მუსხელიშვილი მოიაზრებიან.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანს, როგორც for.ge-ის საპარლამენტო უმცირესობაში განუცხადეს, ისინი ნინია კაკაბაძისა და ქეთევან მსხილაძის კანდიდატურების დასახელებას აპირებენ, მაგრამ მათი ვარაუდით, შესაძლოა, მმართველმა ძალამ აღნიშნულ პირებს ნდობა არ გამოუცხადოს.

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, ეს ცნობილი დღეს გვიან ღამით მას შემდეგ გახდება, რაც საკითხზე პოლიტიკური კონსულტაციები სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გაიმართება.

ამ დროისთვის, დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი - გენადი გელაძე გახდება, რომელსაც ამ პოსტის დაკავება კანონმდებლობით აქვს გარანტირებული.

შეგახსენებთ, რომ ბორდი-ს წევრობის მსურველები იმ კომისიამ შეარჩია, რომლის წევრებიც იყვნენ - ია ანთაძე, ნინო ბექიშვილი, ზვიად დევდარიანი, ნათია კაპანაძე, ნათია კუპრაშვილი, არნოლდ სტეფანიანი, ზვიად ქორიძე, ზაზა შათირიშვილი და თამაზ ჯოლოგუა.

რაც შეეხება ბორდი-ს დაკომპლექტებას, ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით, საბჭოს დაკომპლექტების წესები და ფორმა ფუნდამენტურად შეიცვლა და საბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 9-მდე შემცირდა.