„შეწყდეს ისლამოფობია!“ - მუსლიმმა სტუდენტებმა მრგვალ ბაღში აქცია გამართეს

„შეწყდეს ისლამოფობია!“ - მუსლიმმა სტუდენტებმა მრგვალ ბაღში აქცია გამართეს

„შეწყდეს ისლამოფობია!“ „შეწყდეს დისკრიმინაცია!“ „არა გენოციდს!“, - ამ შინაარსის ინგლისურენოვანი პლაკატებით საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმმა ახალგაზრდებმა თბილისში, მრგვალ ბაღში, აქცია გამართეს.

20-მდე სტუდენტმა საქართველოს სახელმწიფო დროშისა და შავი დროშების თანხლებით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან მსოფლიო მასშტაბით მუსლიმების წინააღმდეგ წარმოებული დისკრიმინაცია დაგმეს.

აქციის მონაწილეებმა For.ge-სთან საუბრისას განმარტეს, რომ მათი აქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პერიოდულად გამართული საპროტესტო აქციების შემადგენელი ნაწილია.

„მუსლიმებს - ჩვენს დებსა და ძმებს მსოფილო მასშტაბით ხოცავენ, გვინგრევენ კულტურულ და რელიგიურ შენობებს, ადამიანის უფლებები ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას. რელიგიური ნიშნით არავინ უნდა დაიჩაგროს“, - უთხრა for.ge-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აზატ ისმაილოვმა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი უმეტესობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტია, ერთმანეთთან კავშირი აქვთ და საპროტესტო აქციაც ორგანიზებულად დაგეგმეს.

„დრო დავთქვით, სად და როდის შევკრებილიყავით, მანამდე კი ხელისუფლების კონკრეტული სამსახურებისგან ნებართვა ვითხოვეთ და თანხმობა მოგვცეს“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში რადიკალური მუსლიმების რაოდენობა მცირეა და მათ გამო ყველა მუსლიმი არ უნდა დაზარალდეს.

„ერთი-ორი კაცია რადიკალური მუსლიმი, ისინიც ნამდვილი მუსლიმები არ არიან და თავს ასეთად ასახელებენ, მაგათ გამო მთლიანად მუსლიმებს ხოცავენ. საქართველოში ჩვენ პრობლემა არ გვაქვს და არც საქართველოს ხელისუფლებასთან გვაქვს პრეტენზია. მსოფლიო მასშტაბით მომხდარ ფაქტებს ვეხმაურებით, რომელზეც სათანადო რეაქცია არ არის. გაერო ყველა ეროვნების საქმეების მოგვარებაზე მუშაობს. გაეროს ოფისთან იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ამ ორგანიზაციამ შეისწავლოს მუსლიმების საკითხი და იმუშავოს ამ კუთხით“, - ამბობს აზატ ისმაილოვი.

მისი თქმით, შავი დროშებიც მათი პროტესტის შემადგენელი ნაწილია - როგორც ცუდი მოვლენების, ადამიანების ხოცვის სიმბოლო.

„მუსლიმსაც ყველა სხვა დანარჩენი ადამიანის მსგავსად აქვს უფლებები და ადამიანის უფლებები ყველამ უნდა დაიცვას. ამ მოთხოვნაში ჩვენ ქართველებიც უნდა შემოგვიერთდნენ და ყველა სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც“, - აცხადებს აზატ ისმაილოვი.

საქართველოში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდები გეგმავენ მუსლიმების დევნის შეწყვეტის მოთხოვნით სპეციალური წერილობითი მიმართვაც მოამზადონ და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას გადასცენ.