ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე: ეს იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე: ეს იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით. ეს იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს გვინდა შევთავაზოთ განსხვავებული დღის წესრიგი, ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„თქვენ იცით რამდენი რამე გაფუჭდა ამ ურთიერთობებში გასული 3-4 წლის განმავლობაში. ამ ფონზე ქართულ – ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა და ეს არის ჩვენი შეთავაზება ამერიკელი პარტნიორების მიმართ.

ამ ფონზე ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა და მოვისმინეთ არის კონტრპროდუქტიული, ასევე მთელი რიგი აქტები, რომლებიც განხორციელდა ბოლო კვირების განმავლობაში არის კონტრპროდუქტიული. მე ვიტოვებ იმედს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იქნება მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. ურთიერთობების გადატვირთვა თანაბრად არის საქართველოს და აშშ–ს ინტერესებში და მე იმედი მაქვს, რომ სათანადო ნაბიჯები გადაიდგმება მათი მხრიდან.

აუცილებლად უნდა შევეხო მოლდოვის საკითხსაც. ამ განხილვის დროს არავის უხსენებია ის, რომ მოლდოვაში დაიხურა 10-მდე მედია საშუალება და საერთოდ არ ყოფილა განხილვის საგანი აშშ–ს კონგრესსა და სენატში. არავის არ უხსენებია ის, რომ მოლდოვა დღემდე რჩება „დსთ“–ს წევრ სახელმწიფოდ, არავის უხსენებია ის, რომ პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის კუთხით არის სერიოზული პრობლემები მოლდოვაში. პრაქტიკულად აღარ არსებობს არც პოლიტიკური პლურალიზმი, არც მედია პლურალიზმი, მაგრამ არავინ ახსენებს ამ ფაქტებს. აქედან ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ ერთი მარტივი დასკვნა, საქართველოს მიმართ არსებობს ის ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ. სხვანაირად ვერავინ ახსნის იმას თუ რატომ არ საუბრობენ მოლდოვაში არსებულ პრობლემებზე.

როდესაც 10-მდე მარტო სატელევიზიო მედიასაშუალება იხურება ერთ ქვეყანაში და ამაზე არავინ საუბრობს, აქ ხომ ჩანს აშკარად მიკერძოება და ორმაგი სტანდარტი, როცა პოლიტიკური პლურალიზმი პრაქტიკულად აღარ არსებობს ქვეყანაში. „დსთ“–ს წევრად როცა რჩება მოლდოვა და იქ არ საუბრობენ ევროპული კურსიდან გადახვევაზე , აქაც ხომ ჩანს ორმაგი სტანდარტი. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ყველაფერი ნათელია.

მთავარია, რომ საბოლოო ჯამში აშშ–ს ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს სწორი, პრაგმატული და სამართლიანი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მიღწეულ იქნას გადატვირთვა ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებში.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, აშშ არის დიდი სახელმწიფო, მსოფლიო გავლენით. ჩვენ ბევრის შეცვლა არ შეგვიძლია გადატვირთვის თვალსაზრისით, ყველაფერი არსი ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. თუ მათი მხრიდან იქნება კეთილი ნება და იქნება შემხვედრი ნაბიჯები, ასეთ შემთხვევაში ეს გარდატეხა იქნება უზრუნველყოფილი, რაც თანაბრად შედის, როგორც საქართველოს, ისე აშშ–ს ინტერესებში“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე თბილისის მიმართ მორიგი კრიტიკული განცხადებები გაკეთდა.