ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინებები

ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინებები

ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინება არის იტალიური მუნჯური კინოს ვარსკვლავის, რუდოლფ ვალენტინოს დაქორწინება კინოვარსკვლავ ჯინ ეკერზე 1919 წელს. მათმა კავშირმა მხოლოდ ექვს საათს გასტანა. საქორწინო ცერემონიის შემდეგ ჯინი სასტუმროს ნომერში ჩაიკეტა და უარს აცხადებდა ოთახში „ახლად გამომცხვარი“ ქმრის შეშვებაზე. შედეგად, მეორე დღესვე გაფორმდა განქორწინების საბუთები და ვალენტინო-ეკერის კავშირი დასრულდა.

აწ განსვენებულმა ჰოლივუდის ლეგენდა დენის ჰოპერი და ჯგუფ „მამას ენდ პაპას“ წევრი მიშელ უილიამსი 1970 წელს დაქორწინდნენ და მხოლოდ 8 დღე იცხოვრეს ერთად. დენისმა და მიშელმა ერთმანეთი ფილმ „უკანასკნელი ფილმის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. დენისი მთავარი როლის შემსრულებელი და რეჟისორი იყო, ხოლო მიშელისთვის ეს იყო პირველი კინოროლი. მოგვიანებით მიშელი იხსენებდა, რომ ეს იყო საუკეთესო რვა დღე მის ცხოვრებაში.

ამერიკელმა მოდელმა და ტელევარსკვლავმა კარმენ ელექტრამ და NBA-ს ვარსკვლავმა, „ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა დენის როდმანმა ქორწინებაში 9 დღე იცხოვრეს. ისინი 1998 წელს დაქორწინდნენ და სპორტსმენის აგენტის თქმით, მას შემდეგ განქორწინდნენ, რაც დენის როდმანი გამოფხიზლდა. ადვოკატების თქმით, შეუღლების პროცესში როდმანი არაადეკვატური იყო და ვერ აცნობიერებდა თავის საქციელს, იგივე ითქმის კარმენ ელექტრაზეც. თუმცა, რატომ დასჭირდა ახალშეუღლებულ ვარსკვლავებს ცხრა დღე გამოსაფხიზლებლად, დღემდე უცნობია.

ამერიკელმა ქანთრი-მუსიკოსმა კენი ჩესნიმ და ბრიჯიტ ჯონსის როლის შემსრულებელმა, ოსკაროსანმა რენე ზელვეგერმა ქორწინებაში 4 თვე იცხოვრეს. მათი განშორების ძირითად მიზეზად „ქორწინების მიზნის გაუგებრობა“ ითვლება.

ზუსტად ამდენი იცხოვრეს ერთად ჯენიფერ ლოპესმა და მოცეკვავე კრის ჯადმა. საინტერესოა, რომ განქორწინებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჯენიფერი ირწმუნებოდა, რომ ერთადერთი, რაც მას სჭირდებოდა ცხოვრებაში, ეს იყო კრისის სიყვარული.

ხუთი თვე იცხოვრეს ერთად ამერიკელმა მსახიობმა დრიუ ბერიმორმა და კანადელმა კომიკოსმა ტომ გრინმა. მათი დაშორება ჰოლივუდში ყველაზე ტრაგიკულად ითვლება, რადგან განქორწინებისთანავე დრიუს სახლი დაეწვა, ხოლო ტომს კიბო აღმოაჩნდა. ამაზე ოდნავ ნაკლებ ხანს გაძლო დრიუმ თავის პირველ მეუღლესთან, ირლანდიური ბარის მფლობელთან, ჯერემი ტომასთან – 1994 წელს 19 წლის დრიუ ცოლად გაჰყვა ბარის მფლობელს და ექვსი კვირის შემდეგ სახლში დაბრუნდა.

„ფლეიბოის“ ლეგენდამ, პამელა ანდერსონმა და მუსიკოსმა კიდ როკმა ერთად ხუთი თვე იცხოვრეს. ისინი 2006 წელს დაქორწინდნენ, ხოლო განქორწინება მხოლოდ 2008 წელს მოახერხეს. კიდ როკი პამელას რიგით მეორე ქმარი იყო მუსიკოს ტომი ლის შემდეგ, რომელთანაც პამელამ სამი წელი იცხოვრა. პამელას მესამე ქორწინება ასევე ხანმოკლე აღმოჩნდა – პოკერის მოთამაშე რიკ სოლომონთან მან ექვსი თვე იცხოვრა კანონიერი მეუღლის სტატუსით.