სწავლულებმა ქალის სახის იდეალური ფორმულა გამოიყვანეს

სწავლულებმა ქალის სახის იდეალური ფორმულა გამოიყვანეს

ქალის სახის სილამაზე კონკრეტული პარამეტრებით განისაზღვრება: თვალის გუგებს შორის მანძილით, აგრეთვე თვალებსა და პირს შორის მანძილით, უფრო ზუსტად – ამ მანძილის ფარდობით სახის სიგრძესა და სიგანესთან, – ცოტა ხნის წინ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი და ამერიკელი სწავლულები.

ეს „ოქროს სტანდარტი“ შეესაბამება ქალის სახის საშუალო პროპორციებს, ასე რომ, ქალებს ტყუილად არ მიაჩნიათ სიტყვა „საშუალო“ კომპლიმენტად.

ეს სტანდარტი ასეთია: გუგებს შორის მანძილი სახის სიგანის 47 პროცენტს უნდა შეადგენდეს. სახის სიგანედ ითვლება მანძილი ყურებს შორის, ხოლო მანძილი თვალებიდან ტუჩებამდე სახის სიგრძის 36 პროცენტის ტოლი უნდა იყოს.

სახის სიგრძე იზომება მანძილით თმის ხაზიდან ნიკაპამდე. ჩატარდა ოთხი ექსპერიმენტი. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სახის პროპორციების „ოქროს სტანდარტის“ გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვარცხნილობას. იდეალური პროპორციების სახის მქონე ქალი, შეიძლება, ულამაზო აღმოჩნდეს ცუდი ვარცხნილობის გამო, ან – პირიქით.

აღსანიშნავია, რომ „იდეალური სახის“ ფორმულა მაინც არ განსაზღვრავს ადამიანის სილამაზეს. როგორც კვლევების ერთ-ერთმა ავტორმა, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორმა კან ლიმ განაცხადა, „ტიპური რასობრივი ნაკვთები ქალის სახეს უფრო მიმზიდველს ხდის, მაგალითად, დიდი თვალები, სავსე ტუჩები“. საკმარისია, გავიხსენოთ ძალზე პოპულარული მსახიობი ანჯელინა ჯოლი, რომლის სახის ნაკვთები სულაც არ შეესაბამება „ოქროს სტანდარტს“.