თბილისის მერის „ნამოღვაწარს“ საკრებულოს რევიზორები დაუსვამენ ბეჭედს

თბილისის მერის „ნამოღვაწარს“ საკრებულოს რევიზორები დაუსვამენ ბეჭედს

თბილისის მერიის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლის შედეგად, სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. დარღვევებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომით ანაზღაურებასთან და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები. საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმდჯომარის განცხადებით, თბილისის მერიის მიერ 2012 წლის იანვრიდან, 2013 წლის ივლისის ჩათვლით, შრომით ანაზღაურებაზე დახარჯულია 14 552 000 ლარი, აქედან ხელფასების სახით გაიცა 4 200 000 ლარი, დანამატების სახით 1 500 000 ლარი, ხოლო პრემიებზე - 8 700 000 ლარი.

მიხეილ ქავთარაძის განცხადებით, პრემიები მხოლოდ თანამდებობის პირებზე გაიცემოდა და არა რიგით თანამშრომლებზე. მისივე თქმით, 2012 წლის დეკემბერში თანამდებობის პირებზე გაცემულმა პრემიამ 704 397 ლარი შეადგინა, რაც მათი თანამდებობრივი სარგოს 500-600% შეადგენს. მისივე შეფასებით, თბილისელების ბიუჯეტი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ღონისძიებებზე დაიხარჯა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, მთავარ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცემა.

იკვეთება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული ქონების მართვის სააგენტო შემოწმების შედეგად და რა კავშირი აქვს „თბილისის განვითარების ფონდთან“ , ამ საკითხებზე for.ge. მიხეილ ქავთარაძეს ესაუბრა.

ბატონო მიხეილ, კონკრეტულად რა დარღვევები გამოავლინა სარევიზიო კომისიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლისას შედეგად?

- სერიოზული დარღვევები გამოავლინა. კომისიის ინფორმაციით, ქალაქის მერმა 2013 წლის 14 მაისს გამოცემული განკარგულებით, თავის თავს დაუნიშნა ყოველთვიურად დანამატი 4. 320 ლარი, ანუ თანამდებობრივი სარგოს 135%. არის შემთხვევა, როდესაც საჯარო მოხელეს ერთ თვეში დანამატის და პრემიის სახით მიღებული აქვს ხელფასის შესაბამისი 677 პროცენტი. მაგალითად მერიის უსაფრთხოების სამსხურის უფროსი კახა ლეგაშვილი, რომელსაც 2012 წლის დეკემბერში ნამუშევარი აქვს არასრული დღეები, ხელფასად მიღებული აქვს 1 600 ლარი, ხოლო პრემიის ოდენობამ შეადგინა 10 047 ლარი, თანამდებობრივი სარგოს 25%. იგივე მდგომარეობაა მის მოადგილეებთან დაკავშირებითაც.

მერიის მოადგილეს, შოთა ხიზანიშვილს თანამდებობრივი სარგო იყო 2 470 ლარი. ამავე დროს 6 თვის განმავლობაში ხიზანიშვილს მიღებული აქვს დანამატის სახით 18 682 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ მაისის თვეში ამ პიროვნებაზე დარიცხულია 21 776 ლარი, რომელიც არის დანამატი და პრემია თანამდებობრივი სარგოს 677%. მაგალითად, 2013 წლის მარტის თვეში გიგი უგულავას სატელეფონო ხარჯმა 38 ათასი ლარი შეადგინა. საქმე ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

მასალები, რომელსაც საგმოძიებო ორგანოს უგზავნით რამდენად მოცულობითია თავისი მტკიცებულებებით?

- 13 ბაინდერია იმ დანართების, რომელსაც ჩვენ გადავუგზავნით მთავარ პროკურატურას. ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ოპონირებას შეეცადნენ, დიახ, მათაც აღებული აქვთ ეს პრემიები. მესმის, რომ ძალიან ნერვიულობენ ეს ადამაინები. შევამოწმეთ ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევი, ვაკე-საბურთალო, საინტერესო მასალები გამოიკვეთა. იგივე თბილისის პორტალი რომელიც ემსახურებოდა მერიის საიტს, გადარიცხულია საკმაოდ დიდი თანხები. ჩვენ ამ საკითხებზე კომისიის სხდომებს ჩავატარებთ და ბატონი თამაზი და ბატონი თემურიც დარწმუნდებიან სარევიზიო კომისიის მუშაობის სამართლიანობაში. ამ კომისიაში მუშაობდნენ ადამაინები, რომლებიც, პირდაპირი გაგებით, იყვნენ „მკვდარი სულები“. კარგად გაიხსენოს თემურ გრიგალაშვილმა ვინ ჰყავდათ გაფორმებული ამ ადამიანებს აქ.

თქვენ გაქვთ ინფორმაცია ვინ ჰყავდათ გაფორმებული?

- რა თქმა უნდა, და როცა დაიწყება კომისიის სხდომები, ამ დეტალებზე იქ ვისაუბრებთ. ჰკითხეთ მას რამდენი „მკვდარი სული“ არსებობდა და რამდენი საქმე შეისწავლეს ამ ადამიანებმა წლების განმავლობაში. გრიგალაშვილი იყო ამ კომისიაში, რა გააკეთა? 2012 წლის 2013 წლის ზაფხულამდე ერთი ორგანიზაციაა შემოწმებული და ისიც თბილისის საკრებულოს ადმინისტრაცია. აგვისტოს მეორე ნახევრიდან 7 ორგანიზაციაა შემოწმებული და ადამიანებს დღე და ღამე არ დაუსვენიათ.

თემურ გრიგალაშვილმა დაანონსა უკვე, რომ უახლოეს დღეებში საკრებულოს უმრავლესობის წევრებზე საინტერესო ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ხომ არ ფლობთ ინფორმაციას რას გულისხმობდა?

- ჯერ ბრიფინგი არ მქონდა ჩატარებული და ბატონმა გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული კომპრომატები არსებობსო. კი ბატონო, წარმოადგინონ, საინტერესოა. მე პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ ვარ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. ნებისმიერ საგნობრივ დავაზე მეც და ის რევიზორებიც, რომლებიც მუშაობენ, ნებისმიერ აქტში ჩაწერილ სიტყვაზე ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ არ ვიძიებთ, ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო, ჩვენ ვაკეთებთ შემოწმება-ანალიზს. არის უამრავი ხარვეზი, არასრულყოფილად შერულებული საქმეები, გადარიცხული ავანსები, დარღვეულია ხელშეკრულებები და თანხები არაა დაბრუნებული, უამრავი ნიუანსებია. ჩვენ ხომ არ ვამტკიცებთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არსებობს სერიოზული დარღვევები.

სარევიზიო კომისიის მიერ მოპოვებული მასალებიდან იკეთება სისხლის სამართლის დანაშაული?

- არის დარღვევები, რომელიც კვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ვნახოთ, ამას შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები. თუ დადასტურდება, რომ მართლები არიან ეს ადამიანები და არაფერი დანაშაული არ მიუძღვით, კარგი იქნება. ჩვენ შევამოწმეთ ქონების მართვის სააგენტო და შემიძლია ექსკლუზიურად გითხრათ, რომ დიდი დანაშაულებრივი სქემები იკვეთება, რომელიც დაკავშირებულია „თბილისის განვითარების ფონდთან“. ამას შესაბამისი ორგანოები მიხედავენ, იგივე პოლიკლინიკების თემა, მათი მერი აკეთებდა ამას ყველაფერს და ეს ადამიანები შემსრულებლები იყვნენ.

თამაზ შოშიაშვილი ამბობს, რომ მერია შემოწმების აქტს არ ეთანხმება, რადგან ეს არის პოლიტიკური დაკვეთის საფუძველზე შექმნილი დასკვნა, რომელსაც არ ახლავს არც ერთი დანართი და მათი შინაარსი გაურკვეველია ჩვენთვისო...

- პოლიტიკურ პასუხს არ გავცემ, დადგმულ სპექტაკლებს მან მიხედოს მერიაში გიგი უგულავასთან. ეს არის ჩემი პასუხი. ჩვენ მაღალი დონის პროფესიონალი რევიზორები გვყავს მოყვანილი, რომლებიც მუშაობენ და თითოეულ სიტყვაზე არიან პასუხიმგებლები. შოშიაშვილმა კომისიის სხდომაზე დაამტკიცოს მისი სიმართლე. მათ მიერ მოწოდებული მასალებიდან იქნა ეს ანალიზი გაკეთებული, თვითონვე გაურკვევლობაში არიან. ამ აქტების განხილვა რომ მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კაცი საერთოდ არ დაესწრება და თუ დაესწრება, ბუნებრივია თქვენ თავად ნახავათ ყველაფერს და შოშიაშვილის არგუმენტებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის მერიის მიერ მოწოდებული მასალა, ჩვენ არაფერი არ მოგვიგონია.

ეს ადამიანი წლების განმავლობაში იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და მინდა გითხრათ, რომ მის ხელში გადიოდა ეს ბიუჯეტი და მთელმა თბილისმა იცის რა პრობლემები არსებობდა ამ მიმართულებით. ერთი პრეტენზია არ გამოუთქვამს ამ მიმართულებით. ეს არის ის ადამიანი, რომელიც დღესაც ამტკიცებს, რომ თვითონაც თანამონაწილე იყო იმ ე.წ. კოორდინატორების დაფინანსების თემაში. პარტიის მაღალჩინოსანი იყო ეს კაცი და ახლა, ბუნებრივია, იტყვის, რომ ქავთარაძე პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებსო, მე პოლიტიკურ განცხადებასც არ ვაკეთებ. საგნობრივად დავუწყებ დავას და საგნობრივად იქნება ეს საკითხი განხილული.

ბატონო მიხეილ, რატომ გახადეთ დღეს ეს ინფორმაცია საჯარო და არა ერთი კვირით ადრე, ვიდრე უგულავას შეუჩერდებოდა უფლებამოსილება?

- დაგეგმილი იყო ბრიფინგი, ვინაიდან მუშა პროცესია. მერის დაბარებასთან და უფლებამოსილების შეწყვეტასთან არ არის დაკავშირებული, აგვისტოს მეორე ნახევრიდან ვმუშაობთ ძალიან ბევრ ორგანიზაციაში და ვიღებთ ინფორმაციას, ვაკეთებთ ანალიზსს. თუ სარევიზიო კომისიის წევრები არიან რატომ არ დაინტერესდნენ ამ საკითხებით?

თემურ გრიგალაშვილის შემთხვევაში გასაგებია, იმიტომ, რომ მისი მმართველობის პერიოდი შევამოწმეთ და წინასწარ პრევენციას აკეთებს, რომ პოლიტიკური დაკვეთაა და თითქოსდა მე ვიღაცის პოლიტიკურ დაკვეთას ვასრულებ. მე ვარ საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, მყავს მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც ამოწმებენ ფინანსურ დოკუმენტაციას და დებენ ანალიზს.