წინა ხელისუფლების დროს არსებობდნენ ფავორიტი მომღერლები, მოცეკვავეები და ანსამბლები. ოპოზიციურად განწყობილ ხელოვანებს კი არ წყალობდნენ და არც საახალწლო კონცერტებში იწვევდნენ. ნაციონალების დროს ე.წ. დაბლოკილი ხელოვანები დღეს უკვე პირდაპირ ადებენ ხელს ცალკეულ ადამიანებს.
ამ ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი მარინა ბერიძე დღეს კულტურის სამინისტროს ღონისძიებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორია. იგი აცხადებს, რომ არანაირი „შავი სიები“ არ არსებობდა და მომღერლებს იგი არ ბლოკავდა.
ამის საპირისპიროდ, მომღერალი ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელებში წერს: „ამ ახალი წლის კონცერტიდან ისევ ამომიღო სიიდან ამ ქალმა. ისე, რომ იცოდეთ, ყოველი შემთხვევისთვის, საუბარია იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს, ვინც არ იყო დაბლოკილი, ისევ უნდა იყოს კონცერტებში, იმის გამო, რომ არ იფიქრონ, ახლა ჩვენ გვბლოკავენო. მესმის და სწორიცაა, მაგრამ ჩვენ რომ ისევ გვბლოკავენ? ამას რა მოვუხერხოთ და არაფერი რომ არ იცვლება? წლები გადის და იძულებული ვხდები, დავტოვო აქაურობა იმის გამო, რომ, ელემენტარულად, საარსებო საშუალება მქონდეს!“
For.ge-სთან საუბარში მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე აცხადებს, რომ ნაციონალების დროს ე.წ. შავი სიის ცნება ძალზე პირობითი იყო, რადგან მაშინდელ „შავ სიაში“ შესაძლოა, სულ რაღაც სამი-ოთხი ადამიანი ყოფილიყო დაბლოკილი. სინამდვილეში კი, ორმაგ თამაშს ძალიან ბევრი მომღერალი თამაშობდა და ისინი თავს კარგად გრძნობდნენ ნაციონალების დროსაც და ახლაც.
„ვითომდა დაბლოკილების თემას უკვე ვეღარ ვიტან. იყვნენ მომღერლები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ნაციონალებს ცუდად ჰქონდათ საქმე, ამიტომ მაშინვე გაჩნდნენ ოპოზიციურ აქციებზე. სხვათა შორის, ისიც მახსოვს, ერთ-ერთმა როგორ შეახსენა მეორეს, კი მაგრამ, ახლა გაჩნდი „ქართულ ოცნებასთან“, როდესაც ძალიან კარგად ვიცით, რომ ნაციონალებს ლობირებო?! ასეთი ბინძური და გულის ამრევი თამაში მიმდინარეოდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. საერთოდ აღარ მინდა გავშიფრო ეს ამბავი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დაბლოკილი ვიყავი, ძალიან ცდება. მათ მინდა ვუთხრა, რომ არ ხართ გამარჯვებულები. მე დაბლოკილი არასდროს ვყოფილვარ, თუნდაც იმის გამო, რომ თვითონ არ მქონდა სურვილი, იმ ხელისუფლების დროს მემღერა, სადაც მკვლელობების მთელი სერიები მოხდა, სადაც ოჯახები ამოწყდნენ და უსამართლობა ზეიმობდა. რომც შემოეთავაზებინათ, ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა ასეთი რამ. ამიტომ არ ვთვლი, რომ დაბლოკილი ვიყავი. მარტო მარინა ბერიძე არ წყვეტდა ამ ამბავს, თუმცა, რადგან იგი იმ ხელისუფლების პირობებში მუშაოდა, გარკვეულწილად, იქნებოდა კიდეც მათი შეხედულებების გამზიარებელი. 8 მაისს კონცერტის პროგრამაში მე და ჩემი დები ვიყავით ჩასმულნი, ასევე, ირმა სოხაძეს უნდა ემღერა ვეტერანებისთვის. თუმცა დათო ოქიტაშვილს პირადად ხელში ეჭირა „შავი სიები“ და გვაფრთხილებდა, გადით ყველანი დარბაზიდან, დღეს არ ჩატარდება კონცერტიო. ოქიტაშვილს არეკინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ კონცერტი უნდა ჩაიშალოს, ამ კონცერტს რუსები აკეთებენო“, - აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.
მისივე განმარტებით, სინამდვილეში, ამ კონცერტის ჩატარებაზე ზრუნავდნენ ქართველები, რომლებიც დიდ პატივს სცემდნენ ვეტერანებს. ამდენად, ვერც ის იტყოდა უარს კონცერტში მონაწილეობაზე, რადგან ეს უარი იქნებოდა იმ მოხუცებისთვის, რომლებიც ეტლით მიდიოდნენ, ზოგიც ხელით ძლივს ამოჰყავდათ ამ კონცერტზე დასასწრებად. არადა, ეს ადამიანები ქართველობის შენარჩუნების მიზნით ტანკებს უვარდებოდნენ. ამ დროს ვიღაცების ხუშტურების გამო კონცერტი არ უნდა ჩატარებულიყო. თუმცა კონცერტზე მომღერლებმა უარი არ თქვეს და ის გაიმართა.
„მეორე დღეს უკვე 9 მაისთან დაკავშირებით დამირეკეს. მეუბნებიან, ნაციონალები ვაკეთებთ კონცერტს ვეტერანებისთვის და იმღერებთო? ჯერ ასეთი გაყოფა როგორ შეიძლებოდა?! ვუთხარი, აუცილებლად ვიმღერებ, მე თქვენთვისაც ვმღერი და ვეტერანებისთვისაც-თქო. მივედით კონცერტზე, გაკეთებული გვაქვს მაკიაჟი და ამ დროს მოდის კულტურის სამინისტროს წამომადგენელი და გვეუბნება, დიდი ბოდიში, ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში ახლა მე ვარ, რადგან უნდა გაცნობოთ, რომ თქვენ მოხსნილი ხართ კონცერტიდან. დიდხანს გვიმალავდნენ ამის მიზეზს. ირმა სოხაძემ, რომელიც მაშინ ბორდის წარმომადგენელი იყო, დაურეკა კულტურის მინისტრს და ჰკითხა, მე ვარ ოფიციალური პირი და მითხარით, რატომ მხსნით კონცერტიდანო. ვერავინ პასუხი ვერ გაგვცა და მოგვიანებით იმავე გუნდიდან გვითხრეს, რომ ეს გადაუწყვეტია ვინმე ლელა კილაძეს. არ ვიცოდით, იგი ვინ იყო. შემდეგ გავიგეთ, ნაციონალების რძალი გამხდარა. ორი-სამი ფავორიტი მომღერლისთვის, ვისაც ნაციონალები წყალობდნენ, დანაშაულებრივად დიდი თანხები იხარჯებოდა“, - გვითხრა თამრიკო ჭოხონელიძემ.
ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ვერ აკონკრეტებს, ნაციონალების დროს ვინ იყო დაბლოკილი და ვინ არა, მაგრამ ადასტურებს, რომ ნამდვილად არასწორი პოლიტიკა ტარდებოდა და არათანაბარ მდგომარეობაში იყვნენ ადამიანები.
უფრო მეტიც, ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ერისიონის“ ბიუჯეტი განახევრდა. როცა ამის მიზეზი იკითხა, განუმარტეს, ეს ოპტიმიზაციააო. უკითხავს, სხვებსა და ჩვენს შორის განსხვავება ესეც ოპტიმიზაციააო? თუმცა წლების განმავლობაში ასე გრძელდებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ახალმა მთავრობამ მათთვის შედარებით უკეთესი პირობების შექმნაზე იზრუნა, დღესაც ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ. ეს კი ნაციონალების „დამსახურებაა“.
„რა როლი ჰქონდა მარინა ბერიძეს ამ სიტუაციაში, არ ვიცი. ასეთ პროექტებს, როგორიცაა „ვარსკლავები“ და სხვა, არ ვუყურებ. ვფიქრობ, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ ვარსკვლავებთან მიმართებით. ახლა ქართული ესტრადა არ ბრწყინავს, მაგრამ რაც არის, ეს არის. ყოველ შემთხვევაში, პირობები ყველასთვის თანაბარი უნდა ყოფილიყო“, - აცხადებს ჯემალ ჭკუასელი For.ge-სთან საუბარში.
მომღერალი ეთერ კაკულია აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ვასილ მჟავანაძის ცეკას მდივნობის პერიოდიდან მოყოლებული მღერის და არანაირი დაბლოკვა არ შეხებია. ყოველ შემთხვევაში, ხელოვნურად შექმნილი ბარიერები მას არ უგრძვნია, ხოლო სხვების შესახებ საუბარი უჭირს.
„მე ნეიტრალური მომღერალი ვარ, ყველა მიყვარს. რა ვქნა, ასეთი ვარ, ამიტომაც მოვაღწიე 112 წლამდე. მე ვგრძნობ სიყვარულს ჩემი ხალხისგან, ხელისუფლებისგან, ბავშვებისგან და ამით ბედნიერი ვარ. სცენაზე რომ გამოვდივარ და მაყურებელს შევხედავ, ცრემლები მომდის, იმდენად მიყვარს ჩემი მსმენელი. ეს მემჩნევა. არ ვიცი, არსებობენ თუ არა ხელისუფლების ფავორიტი მომღერლები, მე ყველა ხელისუფლებას ვუყვარდი და ვუყვარვარ“, - განმარტავს ეთერ კაკულია For.ge-სთან საუბრისას.
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ეჭვობს, რომ მარინე ბერიძე ამ სიბინძურეში ჩართული ყოფილიყო, რადგან ასეთი საკითხები ბერიძის დონეზე არ წყდებოდა და მას კულტურის სამინისტროს დეტალებში არავინ ახედებდა. ეს უფრო ზევით, მაღალ დონეზე წყდებოდა, როცა კულტურის სფეროს მინისტრი ნიკა რურუა განაგებდა. ამიტომ, ალბათ, ე.წ. შავი სიების არსებობა მას ყველაზე უკეთ ეცოდინება.
დავით ოქიტაშვილის თქმით, დაბლოკილი იყო თამრიკო ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, ანსამბლი „ფორტე“, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „სიმი“. ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, ყველანი იყვნენ „შავ სიებში“. ამიტომ დავით ოქიტაშვილი მიიჩნევს, რომ მომღერლების დაბლოკვის გამო უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. უფრო მეტიც, მისი ინფორმაციით, როდესაც სამინისტროში ახალი მინისტრი და მისი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი მივიდნენ, მარგიშვილმა პროკურატურაში საქმე გააგზავნა, თუ რამდენი მილიონი იხარჯებოდა ნაციონალების სულელურ ღონისძიებეში, რა თანხები ჯდებოდა მიუზიკლები და „უბედურებები“, რასაც ისინი აკეთებდნენ.
„საახალწლო კონცერტების ბედს მერია განაგებდა. მერია და კულტურის სამინისტრო ერთობლივად მშვენივრად მუშაობდნენ. კულტურის სამინისტროში მინისტრის გარეშე ჩიტიც არ შეფრინდებოდა. მარინას არ ვიცავ, ყველამ იცის მისდამი ჩემი დამოკიდებულება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ თავისი პრინციპული ხასიათიდან გამომდინარე, მას ეთქვა, ჩემთვის ესა და ეს მომღერალი მისაღებია ან არ არის მისაღებიო, მაგრამ მარინა ბერიძის დონეზე მომღერლების სიებში ჩასმა არ წყდებოდა“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა ჩვენთან საუბრისას.