ქართველი სამხედროები სამშობლოში ბრუნდებიან

ქართველი სამხედროები სამშობლოში ბრუნდებიან

ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 295 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მიხეილ დარჩიაშვილი და ირაკლი გეგეჭკორი ასევე გენერალური შტაბის უფროსი გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე ალექსეევკის აეროპორტში დახვდნენ.

„მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა. მათი ძალისხმევა ძალზედ დაფასებულია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ. ასევე, მინდა მივულოცო მათ ოჯახებს, მათ ახლობლებს ჩვენი ბიჭების შინ მშვიდობით დაბრუნება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა. გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის თქმით, სამხედრო მოსამსახურეთა როტაციით ჩანაცვლებისთვის კიდევ ორი ბატალიონი ემზადება.

ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასრულა. ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იყო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით სექტემბრის ბოლოს გაემგზავრნენ. ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად ოქტომბრის დასაწყისში გადაიბარა. რამდენიმე კვირაში ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.