ფუტკრის შხამი რევმატიზმს კურნავს

ფუტკრის შხამი რევმატიზმს კურნავს

ფუტკრის ნესტარი რთული აგებულების დაცვითი აპარატია, რომელიც წარმოადგენს შხამის რეზერვუარს. კანში ჩარჭობილ ნესტარს, მახვილწვერიანი პატარა კბილანების გამო, ორგანიზმიდან გარეთ გამოსვლა არ შეუძლია.

დაზარალებულს ნაკბენი ადგილი უწითლდება, უსივდება, ექავება და სტკივა. ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებს კი ტემპერატურის მომატება და მწვავე ალერგიული რეაქცია ეწყებათ. სასიკვდილო ფაზაა ერთდროულად დაახლოებით 500-1 000 ფუტკრის ნაკბენი.

მრავალწლიანმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ფუტკრის შხამი რევმატიზმს კურნავს. ასევე, დადგინდა, რომ შხამი სისხლში ქოლესტერინის დონეზეც ახდენს გავლენას. ზოგიერთი დაავადების დროს მას ზევით სწევს, სხვა შემთხვევაში კი – პირიქით.

ფუტკრის შხამი, ანუ აპიტოქსინი, ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური შენაერთების რთული კომპლექსია. მისი შემადგენლობა სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, მაგრამ, დადგენილია, რომ ის დაახლოებით ათ ცილოვან ნივთიერებას შეიცავს, კერძოდ, სხვადასხვა პეპტიდს, 20 სახის ამინომჟავას, ჰისტამინს, ცხიმოვან ნივთიერებებს, სტარონებსა და ნახშირწყლებს. გარდა ამისა, მასში შედის წყალბადი, ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, სპილენძი, თუთია, გოგირდი, მანგანუმი, იოდი და ქლორი.

პეპტიდი ადოჰანი ფუტკრის შხამის მრავალრიცხოვანი კომპონენტებიდან ერთადერთია, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. ის სისხლში ერითროციტების შეწებებას აბრკოლებს და შესაბამისად, სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ფუტკრის შხამი უძლიერესი იმუნოსტიმულატორი და იმუნომოდულატორია. მისი მინიმალური კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს. ფარმაცევტული ფირმები ფუტკრის შხამისგან ბევრ გამწმენდ პრეპარატს ამზადებენ ინიექციის, დასაზელი მალამოს, საინჰალაციო საშუალებების სახით, მაგრამ, ცნობილია, რომ საუკეთესო სამკურნალო ეფექტს მხოლოდ ახლად გამოღებული შხამი იძლევა.

იმის გამო, რომ აპიტოქსინს უკუჩვენება აქვს სისხლის, ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის, დიაბეტის, სიმსივნის დროს, ფუტკრის შხამით თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვებელია.