ჩაწყობით დაწერილი „სამიანი“

ჩაწყობით დაწერილი „სამიანი“

რამდენიმე დღეში მორიგი ახალი წელი მოგვიახლოვდება. ქართველები ამ დღესასწაულისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით. არა აქვს მნიშვნელობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების დუღილის ტემპერატურას, არც პირად ეკონომიურ პრობლემებს ვაქცევთ ყურადღებას. თითოეული ჩვენი თანამემამულე ახალ წელს ამაღლებული სულისკვეთებით ხვდება და რამდენიმე გადანახული კაპიკით საახალწლო სუფრის გაწყობას ახერხებს.

დღევანდელ წერილში მორიგ მოგონებებს წარმოგიდგენთ. ამჟამინდელი ტექნიკური „პროგრესის“ პირობებში თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობის დიდ ნაწილს სახელოვანი თანამემამულეების შესახებ მწირი ინფორმაცია გააჩნია. იმედია ამ ვაკუუმის ამოვსებას „საკვირაო ისტორიებში“ შეძლებისდაგვარად ვახერხებ.

თავდაპირველად თქვენს სამსჯავროზე ცნობილ ქართველ მკლავჭიდელს, მსახიობსა და რეჟისორს, ამჟამად პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანს წარვადგენ. იყო დრო როდესაც ბატონი სოსო დღევანდელივით პოპულარული არ გახლდათ და მესტიიდან თბილისში ჩამოსული ახალგაზრდა კაცი ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს დგამდა. ერთმა შემთხვევამ მის ბიოგრაფიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია და ამაში „დამნაშავეები“ ცნობილი ქართველი ფალავნები გურამ საღარაძე და ვახტანგ ბალავაძე იყვნენ. ძნელია წინასწარმეტყველება სოსო ჯაჭვლიანის ცხოვრება რა გზით წარიმარებოდა, რომ არა... ალბათ უმჯობესი იქნება თუ სიტყვას თავად ბატონ სოსოს გადავცემთ.

„სულ ვამბობ, ამქვეყნად ყველაფერი ბედისწერის ბრალია, მაგრამ კაცმა შენც თუ არ გაანძრიე ხელ-ფეხი, ისე არაფერი გამოგივა და ქალაქის ორომტრიალში ისე დაიკარგები, ვერავინ შეამჩნევს შენს არსებობას-მეთქი. კაცს თუ დაბადებისას იღბალი დაგყვა, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერსად დაიკარგები. მეც შემთხვევის წყალობით გავხდი პოპულარული და სწორედ, ერთმა წამმა გადაწყვიტა ჩემი ბედი.

ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში სპორტსმენის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გურამ საღარაძის დამსახურებით მოვხვდი. შემთხვევით მომკრა თვალი, არც სახელი იცოდა ჩემი, არც გვარი და სვანს მეძახდა. მოკლედ, ინსტიტუტში ვაბარებდი. ფიზკულტურის ინსტიტუტში, მისაღებ გამოცდებზე, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია ბარდებოდა. რისი ჩამბარებელი ვიყავი? ქიმიის გამოცდაზე გავედი და „ორიანი“ მივიღე. მართალია, შპარგალკებით ვიყავი შეიარაღებული, მაგრამ ვერ მიშველა. გამოვედი გარეთ, დედაჩემს ვუთხარი, წავიდეთ სახლში, „ორიანი“ მივიღე და ჩავიჭერი-მეთქი. ინსტიტუტის გვერდით ფალავანთა კლუბი იყო და იქით წავედი. ამ დროს, შემოგრიალდა შავი, გასისინებული „ოცდაოთხი“, ანუ დღევანდელი „ლამბორჯინი“.

უცებ მანქანიდან ვიღაცამ დამიძახა: ეი, შენ სვანო, მოდი აქო. მივედი, დავინახე, გურამ საღარაძე და ვახტანგ ბალავაძე სხედან მანქანაში. გურამმა უთხრა ვახტანგს, აი, ამ სტუდენტზე გესაუბრებოდი, ნახე, როგორი აღნაგობა აქვსო. ვუთხარი, სტუდენტი არ ვარ, ამწუთას გამოვედი გამოცდიდან და ჩავიჭერი-მეთქი. გაოცდა. გადმოვიდა მანქანიდან, ამომყვა, შევიდა კომისიასთან და „სამიანი“ დააწერინა. ასე ჩავირიცხე ინსტიტუტში. წარმოგიდგენიათ, ასეთი რამ რომ, უცხო ადამიანი დაეხმაროს ახალგაზრდას, მხოლოდ ჩვენს ქალაქში ხდება. თბილისი ის ადგილია, სადაც ადამიანისთვის ყოველი წამი გაწერილია, თითოეული წუთი ისეა გათვლილი, რომ შენი ცხოვრება შეცვალოს და კაცად გაქციოს, გზაზე დაგაყენოს. მთავარია, მის დინებას აჰყვე და ნაბიჯი ააყოლო. ამას, ამ ქალაქს ვერ დაუკარგავ“.

ალბათ გახსოვთ ათეული წლების განმავლობაში საქართველოს ტელევიზიით გადაცემული საახალწლო კონცერტები და ბატონი ოთარ რამიშვილის მიერ უბადლოდ შესრულებული ქალაქური სიმღერები. ოთარ რამიშვილი ორი წლის წინ გარდაიცვალა და ნება მომეცით დღევანდელ წერილში ეს დიდებული ადამიანი კიდევ ერთხელ გავიხსენო. ჩვენი მომდევნო რესპოდენტი ბატონი დათო როსტომაშვილი იქნება რომელიც ერთ კურიოზს მოგვიყვება.

„ამ ქალაქის ერთ-ერთი ნამდვილი და გამორჩეული კოლორიტი ბატონი ოთარ რამიშვილი გახლდათ, რომელსაც ყველა სცნობდა, ყველას უყვარდა და ნებისმიერ ოჯახში სასურველი და პატივსაცემი სტუმარი იყო.

ერთხელ, ოთარი გააჩერა პატრულმა. ოთარი, როგორც ყოველთვის, ნასვამი იჯდა საჭესთან, იფიქრა, ეტყობა, ვერ მიცნეს, შორს გავაჩერებ მანქანას და ვეტყვი, ვინც ვარო. ასეც მოიქცა. გააჩერა შორს მანქანა, ჩასწია ფანჯარა, გადმოყო თავი და დაუყვირა პატრულს: ბიჭებს გაუმარჯოს, ბიჭებს, რამიშვილი ვარ, რამიშვილიო. პატრულმა შორიდან მიაძახა, რომელი რამიშვილიო. ოთარი გაბრაზდა: რომელი რამიშვილი და სუხიშვილის ცოლი, შენი დედაო.

მომდევნო მოგონების გმირი თბილისის კიდევ ერთი კოლორიტი, ბატონი თემურ ჩირგაძე იქნება.

ერთხელ, „თბილისობის“ აღსანიშნავად, ბათუმში სუფრა გაიშალა. ამ სუფრაზე მიპატიჟებული იყო, თითქმის ყველა გამოჩენილი და ცნობილი ადამიანი. იქ იყო ასლან აბაშიძეც. მოკლედ, თამადამ ყველა ადღეგრძელა და თემიკო ჩირგაძე რომ ახსენა, ჩოჩქოლი ატყდა.

თურმე ასლანს დაურეკეს, სასწრაფო საქმე გამოუჩნდა, ადგა და წასვლას აპირებდა. მისი დაცვაც წამოიშალა. უცებ, წამოდგა თემიკო და ასლანს მიმართა: ბატონო ასლან, ერთ წუთს შეგაყოვნებთ, თუ შეიძლებაო. გაჩერდა ასლანი. თემიკომ დაიწყო: ბატონო ასლან, ახლა მე ავდგები, წავალ თბილისში, მივალ სახლში, იქ მკითხავენ, იყავი ბათუმშიო, მე ვუპასუხებ – დიახ. მკითხავენ: იყო კონცერტიო, ვუპასუხებ – დიახ. მკითხავენ: იყო ბანკეტიო, მე ვუპასუხებ – დიახ. მკითხავენ: თქვეს შენი სადღეგრძელოო, ვუპასუხებ – დიახ. მკითხავენ: შესვა ასლანმა შენი სადღეგრძელოო, მე ვუპასუხებ – არა-მეთქი.

მოტრიალდა ასლანი, დაჯდა თავის ადგილას, აწია ჭიქა და დალოცა თემიკო. მერე ქართველი მსახიობები თემურს დიდი ხნის განმავლობაში ეხუმრებოდნენ: როგორ დააბი, ბიჭო, ის ლომი-კაცი უჯაჭვოდ, ისე ჩაუვარდა ხმა, მთელი სუფრის ბოლომდე, გასუსული იჯდაო.

ნება მომეცით ესტაფეტა ბატონ ეროსი მანჯგალაძეს გადავცე. ამ შემთხვევას ცნობილი მუსიკოსი ნუგზარ კვაშალის სიტყვებით გადმოგცემთ.

„ერთ-ერთი ფილმის გადაღებები და გახმოვანება რომ დასრულდა, მსახიობებმა ქეიფი გადაწყვიტეს. ფული შეკრიბეს, ეროსი მანჯგალაძეს მისცეს და ჩაუსხდნენ.

იმ სუფრაზე მეც ვიყავი. ბაბუაჩემმა მომცა 300 მანეთი და ის ფული მედო ჯიბეში. ახალგაზრდა ვარ, ამ ბუმბერაზ მსახიობებთან ერთად ქეიფი ნამდვილი აკადემია იყო ჩემთვის, ვიფიქრე, პატივს ვცემ-მეთქი, ჩუმად ავდექი, გავედი და მე გადავიხადე ამ ქეიფის საფასური. უკან მოვედი, დავჯექი და ქეიფი გავაგრძელე.

გავიხედე, ბატონი ეროსი ადგა და წავიდა ფულის გადასახდელად. უთხრეს, გადახდილია თქვენი, ბატონო, თქვენი სუფრის ერთ-ერთმა წევრმა გადაიხადაო. გავიხედეთ, მოდის ეროსი წარბებშეყრილი. მოუახლოვდა სუფრას, დადგა და ხმამაღლა იკითხა: ვინ ჭამა ახლა დედიმისისა დიდი კოვზებითო? შემრცხვა, მაგრამ, რაღას ვიზამდი, ვუპასუხე – მე-მეთქი. თავი გადააქნია და მითხრა: ჰოდა, ახალა ამ აგროვებულ ფულს მივცემ მუსიკოსებს და მანამ ვაკვრევინებ, სანამდეც ეყოფათ, მე კიდევ, რომანსებს ვიმღერებ – აბა, მონელება ხომ უნდა დიდი კოვზებით ნაჭამსო.

მივიდა, გადაუხადა ორკესტრს ფული და ოთხი რომანსი შუქჩამქრალ და სანთლებანთებულ დარბაზში იმღერა. აი, ასე გადაიხადა ჩემი საფასური და ეს დღე არასდროს დამავიწყდება“.