ექსპერტების, მეცნიერებისა და ისტორიკოსების ჯგუფი დღეს ტიტანიკის ჩაძირვის ადგილის ყველაზე დეტალური ფოტო-რუკის შედგენას შეუდგება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ექსპედიციას ამერიკული კომპანია RMS Titanic Inc ატარებს. სპეციალისტები ოკეანეში გავლენ ლოგისტიკურ გემზე Dino Chouest, რომელიც მათთვის ერთგვარი ოპერაციული შტაბი გახდება. სწორედ იქიდან ჩაუშვებენ ფსკერზე ორ რობოტიზებულ აპარატს, რომლებიც „ტიტანიკს“ მაღალი ხარისხის ფოტოებს გადაუღებენ და ლეგენდარული ლაინერის ნანგრევების დეტალურ 3D მოდელს შეადგენენ.
სპეციალისტები ამისთვის სკანირების ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ხელოვნების ნიმუშების ანალიზში. მათი მიზანი კი გემის ჩაძირვის ახალი დეტალების დადგენაა.
ეს პირველი კომერციული მისიაა „ტიტანიკთან“ 2023 წლის OceanGate-ის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სუბმარინის ჩაძირვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
ტიტანიკი 1912 წლის აპრილში ჩაიძირა. შედეგად დაახლოებით 1500 ადამიანი დაიღუპა. ლაინერის ნანგრევები ატლანტის ოკეანეში, 3 750 მეტრის სიღრმეზე 1985 წელს აღმოაჩინეს.