„შეყვარებული“

„შეყვარებული“

ცნობილ ქართველ მსახიობ ნინო ჩხეიძეს ერთხელ მართლაც რომ საოცარი კურიოზი შეემთხვა. ამ ისტორიას ქალბატონი ნინო არაერთხელ იგონებს.

„ერთხელ საშობაო გადაცემას ვამზადებდით თეატრში. ეს გახლდათ ვაჟა - ფშაველას მოთხრობა „ტყის კომედია“, სადაც მთავარი მოქმედი გმირები თაგვები იყვნენ. გამოგვიძახეს მე, ლენა ყიფშიძე, შოთა მშვენიერაძე, ვაჟა ფირცხალაიშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან და ბადრი ბეგალიშვილი მუსკომედიიდან.

ვითამაშეთ რამდენიმე სპექტაკლი და ერთხელაც თეატრში მისულს ჩემს სახელზე დამხვდა რუსულად შევსებული უზარმაზარი კონვერტი. გავხსენი, შიგნითაც რუსულად წერია. ამას მე რა გამაგებინებს - მეთქი და სასწრაფოდ მივკუსკუსდი ლენასთან, წამიკითხე, ერთი, ვინ არის, რას მწერს, რა უნდა ჩემგან - მეთქი?

სანამ გავარკვევდით, ვინ იყო და რა იყო, კონვერტში ჩადებული სურათიც აღმოვაჩინეთ, საიდანაც ვიღაც გაჩხიკინებული, სათვალიანი, ნაავადმყოფარი სახის ბიჭი იყურებოდა. მისი შემხედავი იტყოდით, ერთი სულის შებერვაღა აკლია და წაიქცევაო.

თურმე ეს საწყალი ყურებამდეა ჩემზე შეყვარებული. არ დაგავიწყდეთ, მე ამ დროს სამოცდაათ წელს არაფერი მიკლია და ის ბიჭი კი ოცდაათის არის.

სიყვარულის ახსნასთან ერთად მწერს, სიმაღლით ვარ ას ოთხმოცდაათი სანტიმეტრიო, ორმოცდაათი კილო წონითო და თუკი რამეს წევრი იყო - წითელი ჯვრის, ტყის მეგობრის, ბუნების დაცვის, წყალში დამხრჩვალთა თუ არდამხრჩვალთა, თუკი სადმე გაევლო, რომელიმე საზოგადოებაში, სუყველაში გაწევრიანებულა და ყველას ქსეროასლი დევს ამ კონცერტში. მწერს ეს ორმოცდაათკილოგრამიანი კაცი, ძალიან მიყვარხარო, უნდა გამომყვე ცოლადო. ისეა გაგიჟებული, რომ ქორწილსაც ვეღარ უცდის და კანკალებს ჩემი ნდომით.

ამის შესახებ რომ გაიგეს თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა, გაგიჟდნენ, ხარხარებენ, ხითხითებენ, დაოსდნენ სიცილისგან. მე, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ მიმიღია ჩემი „გაჩხიკინებული პაკლონიკის“ სიყვარულის ფეთებები. ვიფიქრე, შტერია ვიღაცა - მეთქი და ასე მივივიწყე ეს ამბავი.

გავიდა ერთი თუ ორი კვირა, თეატრში კრება მოიწვიეს, დარბაზში ზის მთელი შემოქმედებითი კოლექტივი, ადმინისტრაცია და უფროსობა. გადის საკითხი ასაკოვანი მსახიობების პენსიაზე გასვლის შესახებ. ჩამოთვალეს ისინი, ვინც საპენსიო ხალხი იყო და მეც აღმოვჩნდი ამ სიაში. წამოხტა ცხონებული შოთა მშვენიერაძე და მიმართა თეატრის დირექციას - ვის უშვებთ თქვენ პენსიაზე, ნინიკო ჩხეიძესო? კაცი ვენებს იჭრის ამის სიყვარულით, არ დაღუპოთ ქალი, ბედი კარზე მოსდგომიაო. სამოცდაათი წლის ქალს თხოულობს ოცდაათი წლის კაცი და ახლა უშვებთ პენსიაზეო?

უნდა გენახათ რა სიცილ - ხარხარი ატყდა დარბაზში. რა თქმა უნდა, ხალხი გაუშვეს პენსიაზე, მე კი გადავრჩი, როგორც გასათხოვარს არ შემეხო საპენსიო ასაკი”.