„ოცდაათი მანეთი“

„ოცდაათი მანეთი“

ალბათ გახსოვთ თავის დროზე გახმაურებული საბჭოთა სერიალი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ და მისი მთავარი გმირი შტირლიცი, რომლის როლსაც რუსი მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი ასრულებდა.

საქართველოში თურმე ტიხონოვს არაერთი თაყვანისმცემელი ჰყოლია. მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა ერთ სახალისო შემთხვევას ხშირად იხსენებს.

„ახალი გადაღებულია ფილმი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“, სადაც მართლაც არაჩვეულებრივად თამაშობს რუსი მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი.

დასში გვყავს შინაბერა, გაუთხოვარი მსახიობი, რომელიც გიჟდება მასზე, აბოდებს ტიხონოვზე, ტელევიზორს მიწეპებული უყურებს სერიალს, კადრი რა არის, კადრს არ ტოვებს.

ჩვენ, მსახიობები, შეკრებილები ვართ თეატრის ფოიეში, ტელევიზორია ჩართული და თვალს ვადევნებთ მორიგ სერიას, ვსაუბრობთ, ტიხონოვისა და სხვა მსახიობების თამაშს განვიხილავთ.

იქვეა გიზო სიხარულიძის ცოლი - ეთერი, ძალიან თბილი, არაჩვეულებრივი ქალი, მაგრამ ბავშვივით გულუბრყვილო და მიამიტი, არანაირი ქვეტექსტი მას არ ესმის. რასაც ლაპარაკობენ, ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს.

შემოგვიერთდა ამ დროს ეს ჩვენი „ყურებამდე შეყვარებული“ შინაბერა მსახიობი, დაინახა ტელეეკრანზე თავის „გულის მურაზი“, თვალები გაუბრწყინდა და აქოთქოთდა:

- შენ შემოგევლე, რა ხარ, რა? კაცი ხარ არნახული... ნეტა, ერთი ოცდაათი მანეთი მაშოვნინა, ჩავიდოდი მოსკოვში, მივცემდი ტიხონოვს და ჩამოვიდოდი უკან!

რა თქმა უნდა, ეს ნათქვამი გაიგო ეთერმაც, და გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით:

- ი, რათ უნდა ტიხონოვს შენი ოცდაათი მანეთი, ასეთ ფილმშია გადაღებული და ფული არ ექნება?!“