კოპენჰაგენში ტურისტებს უფასოდ აჭმევენ და შეუშვებენ მუზეუმებში, თუ ქალაქში ყოფნისას ისინი „ეკოლოგიური პასუხისმგებლობით“ მოიქცევიან. ამის შესახებ დანიის დედაქალაქის ტურისტული საბჭო იტყობინება.
მათი ცნობით, ნაგვის ალაგების, ავტომობილებით ნაცვლად ველოსიპედითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებების და ქალაქის ფერმებზე მოხალისეობის ნაცვლად ტურისტებს უფასო სადილებს, ყავას, ღვინოსა, კაიაკების იჯარასა და მუზეუმში გიდების თანხლებით ექსკურსიებს შესთავაზებენ.
პროექტის მიზანია ტურიზმით გამოწვეული „ეკოლოგიური დატვირთვის“ კომპენსაცია. ამასთან, აღნიშნულია, რომ პროექტი „ნდობაზე იქნება დაფუძნებული“, ამიტომ, ტურისტული საბჭოს განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასში მონაწილე ორგანიზაციები ტურისტებს „ეკოლოგიური პასუხისმგებლობის“ ქმედებების მტკიცებულებას მოსთხოვენ. თუმცა, თუ ეს მტკიცებულებები მაინც მოითხოვეს, საკმარისი იქნება ველოსიპედზე გადაღებული ფოტოს ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის ჩვენება.
პროგრამა 15 ივლისიდან 11 აგვისტომდე იმოქმედებს, მაგრამ წარმატების შემთხვევაში მას წლის ბოლომდე გააგრძელებენ. ამ ეტაპზე მასში 24 ორგანიზაციაა ჩართული - კაფეები, მუზეუმები და ბარები. აღსანიშნავია, რომ დანიის მთავრობა მათ ხარჯების კომპენსირებას არ შესთავაზებს.