„ბრალდების არსი არის პოლიტიკური, იმიტომ რომ მე ვარ მერი, რომელიც არ ემორჩილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, - განაცხადა გიგი უგულავამ პროცესის მიმდინარეობისას. თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე დალი მეტრეველი განიხილავს. მთავარი პროკურატურა თბილისის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი „თბილისის განვითარების ფონდისთვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„თუ ციხე იქნება, ციხეში წავალ, გაქცევას სიკვდილი მირჩევნია. თუკი პატიმრობას შემიფარდებენ, ასეთ შემთხვევაში გამიჭირდება მონაწილეობა მივიღო მოახლოებულ არჩევნებში. თუკი სასამართლო პატიმრობას შემიფარდებს, ეს იქნება პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევის მცდელობა. „ქართული ოცნების“ ზევსმა დაგვიტოვა მერობის კანდიდატი და უნდათ, მე ჩამომაშორონ პროცესებს.
არც-ერთ ეტაპზე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი არ მითქვამს. პროკურატურის დღევანდელი მოთხოვნა დაპატიმრებასთან დაკავშირებით წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნაა. კარგად იციან, რომ არსად წამსვლელი არ ვარ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხდებენ, რომ გიგი უგულავას საქმე პოლიტიზიტებულია და, რომ ამ საქმის უკან არა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ პოლიტიკური მოტივები დგას. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მუსხელიშვილი კი აცხადებს, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ დანაშაულთან, რომელსაც ყოფილი სახელისუფლებო გუნდი ფუთავს როგორც პოლიტიკურს.
„სხვა არაფერი დარჩენიათ გადრა იმისა, თქვან, რომ საქმე არის პოლიტიკური. სახეზეა კორუფციული სახის დანაშაული და სწორედ, ამ დანაშაულის შეფუთვა უნდათ როგორც პოლიტიკური. დასავლეთის ქვეყნებში და მათ შორის, აშშ-ის ერთ-ერთი შტატის მერის დაკავება სწორედ ანალოგიური დანაშაულისთვის მოხდა, რომელსაც 28 წლით შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა. როდესაც საქმე გვაქვს კორუფციულ დანაშაულთან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს თბილის მერი იქნება, თუ სხვა თანამდებობის პირი, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუსხელიშვილი.
მერის პასუხისგებაში მიცემას მხარს უჭერს ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომლის განცხადებით, საქმე პოლიტიკური ვერ იქნება, ვინაიდან საქმე ეხება „თბილის განვითარების ფონდიდან“ გაფლანგულ მილიონებს.
„როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მერი პოლიტიკური ფიგურა არაა, გახსოვთ ნარმანიას შემთხვევაში რაც იყო, - მერი პოლიტიკური ფიგურა არაა, მეურნე უნდა იყოსო. დიახ, რომ მერი არის პოლიტიკური ფიგურა და მან უნდა აგოს პასუხი. დიახ, ქურდი უნდა იჯდეს ციხეში. როცა კაცი ფულს იპარავს, ის უნდა იქნას დაპატიმრებული. მე ვსვამ კითხვას, სადაა „თბილისის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარე, თუკი დანაშაულთან არ გვაქვს საქმე, სადაა ეს კაცი დღეს?
იმით აპელირება, რომ მერის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე ადრეც იყო, დანაშაული ვერ დაუმტკიცდა და გამოუშვესო, აბსურდულია, როცა იპოვეს დანაშაული, ხელახლა აღიძრა საქმე. ასე რომ, ეს პოლიტიკური ვერ იქნება. ოფიციალურად დასახელებულია 49 მილიონის მითვისება, ხომ გესმით რა თანხაზეა ლაპარაკი.
პოლიტიკურად, გამომდინარე იქიდან, რომ 5 თვეში არჩევნებია წამგებიანია მერის პასუხისგებაში მიცემა, მაგრამ ხელისუფლებამ ეს პრეცედენტი უნდა დაუშვას და დამნაშავე უნდა მიეცეს პასუხისგებაში. თბილისის მერის პასუხისგებაში მიცემა მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არაშიძე.
ექსპერტ კახა კახიშვილის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, დაასაბუთებს თუ არა პროკურატურა, რა გავლენა შეუძლია, მოახდინოს თბილისის მერმა გიგი უგულავამ გამოძიებაზე, მოწმეებზე და შეძლებს თუ არა ჭეშმარიტების დადგენას ხელი შეუშალოს.
„პირადად მე მომხრე ვარ, რომ საკითხი გადაწყდეს წმინდა სამართლებრივ ჭრილში, მაგრამ სამწუხაროდ, იცით, რომ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება ისეა პოლიტიზირებული, რომ განსაკუთრებით პოლიტიკოსების საქმეები პოლიტიკურ ჭრილში განიხილება ხოლმე. კონკრეტულად, მიიღებს თუ არა სასამართლო გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაასაბუთებს პროკურატურა საკუთარ შუამდგომლობას, რომ პატიმრობის შეფარდება აუცილებელია. ამაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, - აცხადებს კახიშვილი.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას, კახიშვილის თქმით, თუ სასამართლო მიიღებს ერთ ან მეორე გადაწყვეტილებას, გიგი უგულავა მერის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.
„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ინფორმაციას ფლობს პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით, მიაჩნია თუ არა პროკურატურას, რომ გიგი უგულავას შეუძლია მიიმალოს, ან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შეუძლია დავუშვათ, გავლენა იქონიოს გამოძიებაზე, მოწმეებზე და ჭეშმარიტების დადგენას ხელი შეუშალოს. თუ ეს დასაბუთებულია პროკურატურის მიერ, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.